„დარწმუნებული ვარ, მათ აქვთ შესაბამისი დავალება დედაქალაქიდან, რომ დაარწმუნონ ჩვენი პარტნიორები იმაში, რომ ეს არის სასარგებლო კანონი – ჭეშმარიტად ევროპული“ – ასე უპასუხა „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა ვალერი ჩეჩელაშვილმა „ანალიტიკა“–ს შეკითხვას პირდაპირ ეთერში.
ყოფილი დიპლომატის თქმით, ეს ძალისხმევა სასაცილოა. „გასაგებია, რომ ეს [კანონი] არ არის არც ევროპული, არც ევროპულ ფილოსოფიაზე, არც ევროპულ სტანდარტებზე დაფუძნებული და ზუსტად ამიტომაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები დიპლომატიურად განრისხებულები არიან. ეს არის ძალიან სახიფათო სპირალი – უთხრა საქართველოს ყოფილმა ელჩმა უკრაინასა და რუსეთში „ანალიტიკა“ – აქედან გამოსვლა იქნება ძალიან რთული.
რამდენიმე დღის რესურსი დაგვრჩა, რომ ისევ დავბრუნდეთ ნორმალურ კალაპოტში“.პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს. კანონპროექტის განხილვა გუშინ დაიწყო და დღეს კენჭისყრით დასრულდა.
კანონპროექტს 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო წინააღმდეგი არავინ იყო.კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსს მიანიჭებს ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან. ამ ორგანიზაციებს უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია და ფინანსური დოკუმენტაციების ამ რეესტრში ატვირთვა მოუწევთ. თუმცა, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საგადასახადო მიზნებისთვის სახელმწიფო ნებისმიერი კომპანიის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის შემოსავლების და ხარჯების შესახებ ინფორმაციას ისედაც ხედავს.