მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაში დაკარგავს „ქართული ოცნება“ მოგების შანსს? – ლინკოლნ მიტჩელის ანალიზი

ss

„ახლა რასაც ვუყურებთ თბილისის ქუჩებში – ეს სამოქალაქო საზოგადოების მიერ მართული პროცესია“ – ამის შესახებ 2012 წლის არჩევნებში „ქართული ოცნების“ მრჩეველმა ლინკოლნ მიტჩელმა „ანალიტიკა“–ს ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა.

მისი თქმით, ეს მოცემულობა თვისებრივად ცვლის პროტესტის ბუნებას და ამასთან, „ქართულ ოცნებას“ 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებში მოგების შანსს უმცირებს.

ლინკოლნ მიტჩელს მიაჩნია, რომ „ოპოზიცია სუსტია“ – ეს ტრუიზმია, რომელიც ხშირად არასწორად გამოიყენება.

„ოპოზიცია კი არ იყო სუსტი და ეს კი არ იყო მთავარი პრობლემა. მთავარი პრობლემა იყო ის, რომ ოპოზიცია იგივდებოდა ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან და მიშა სააკაშვილთან და მათ გარშემო იკვრებოდა პოლიტიკური პროცესი. მანამ, სანამ ქართული ოცნება მსგავსად აკეთებდა ოპოზიციის დეფინირებას, ისინი ინარჩუნებდნენ მოგების შანსს. ახლა რასაც ვუყურებთ თბილისის ქუჩებში, ეს სამოქალაქო საზოგადოების მიერ მართული პროცესია და თუკი ოპოზიციის დეფინირება აღარ მოხდება მხოლოდ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით, მაშინ ქართული ოცნება დაკარგავს მოგების შანსს,“ – ამბობს ლინკოლნ მიტჩელი „ანალიტიკა“–სთან პირდაპირ ეთერში.

თვეზე მეტია თბილისსა და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. სამოქალაქო საზოგადოება – მათ შორის, სტუდენტები – „ქართული ოცნებისგან“ „რუსული კანონის“ გაუქმებას მოითხოვენ. კანონი დასავლელი სტრატეგიული პარტნიორების მიერ შეფასებულია, როგორც საქართველოს ხელისუფლების მცდელობა, საქართველომ ევრო–ატლანტიკურ კურსს გადაუხვიოს. ამ დროისთვის „ქართული ოცნების“ მისამართით დასავლელი პარტნიორებისგან პირდაპირ ისმის სანქცირების შესახებ გაფრთხილებები, კანონს საქართველოს პრეზიდენტის ვეტო ადევს და ელოდება ვენეციის კომისიის დასკვნას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები