მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჭკვიანურმა საერთაშორისო სანქციებმა შეიძლება დააზარალოს მთავრობა და არანაირი ზიანი არ მოუტანოს ქვეყანას და ხალხს“ – ლინკოლნ მიტჩელი

 ლინკოლნ მიტჩელი

ლინკოლნ მიტჩელი, რომელიც 2012 წლის არჩევნებში „ქართული ოცნების“ მრჩეველი იყო „ანალიტიკა“–სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ „2013 წლიდან 2020 წლამდე საქართველოს იმიჯი დასაველთში აღარ იყო ომისგან დასუსტებული, კორუმპირებული, ავტორიტარული ქვეყნის იმიჯი – აქცენტი უფრო მეტად კეთდებოდა ღვინოზე, კულტურაზე, ხელოვნებაზე. ეს ძალიან კარგი იყო საქართველოსთვის“.

დღეს, უკვე თვეზე მეტია თბილისსა და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. სამოქალაქო საზოგადოება – მათ შორის, სტუდენტები – „ქართული ოცნებისგან“ „რუსული კანონის“ გაუქმებას მოითხოვენ. კანონი დასავლელი სტრატეგიული პარტნიორების მიერ შეფასებულია, როგორც საქართველოს ხელისუფლების მცდელობა, საქართველომ ევრო–ატლანტიკურ კურსს გადაუხვიოს. ამ დროისთვის „ქართული ოცნების“ მისამართით დასავლელი პარტნიორებისგან პირდაპირ ისმის სანქცირების შესახებ გაფრთხილებები, კანონს საქართველოს პრეზიდენტის ვეტო ადევს და ვენეციის კომისიის დასკვნაა, რომ ქართულმა ოცნებამ კანონი უნდა გაიწვიოს.
„ქართული ოცნების“ ყოფილი მრჩეველის თქმით, თუ „ქართული ოცნება“ „რუსულ კანონს“ არ გაიწვევს და დასავლეთი მას სანქციებს მართლაც დაუწესებს, ეს ამ იმიჯს არ დააზარალებს. „ამერიკელებმა, რომლებმაც არაფერი იციან საქართველოზე რუკაზე მისი მდებარეობის გარდა, შეიძლება ათასი უზუსტობა დაასკვნან ამ ქვეყნის შესახებ სწორედ მისი მდებარეობიდან გამომდინარე, მაგრამ იმ ამერიკელებისთვის, რომლებიც ყურადღებით აკვირდებიან საქართველოს – ცხადია, რომ საქართველოს ძალიან ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოება ჰყავს და რომ ქართველი ხალხი, არა მხოლოდ მხარს უჭერს ამ მთავრობას, არამედ, მზად არის წინააღმდეგობა გაუწიოს მას“ – ამბობს ლინკოლნ მიტჩელი „ანალიტიკა“–სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

-რა იქნება სანქციების ფასი?

-ჭკვიანურმა საერთაშორისო სანქციებმა შეიძლება დააზარალოს მთავრობა და არანაირი ზიანი არ მოუტანოს ქვეყანას და ხალხს. კითხვის ნიშნები რაც მაქვს ამ ნაწილში უკავშირდება დროს – ეს სანქციები დაწესებული იქნება კანონის დამტკიცების საპირწონედ რამდენიმე თვით ადრე არჩევნებამდე? თუ – კი, შესუსტდება თუ არა სანქციები, თუკი არჩევნები კარგად ჩაივლის. უნდა არსებობდეს, რაღაც მოტივაცია საქართველოს მთავრობისთვის, რომ არჩევნები ჩაატაროს სამართლიანად და მიუკერძოებლად და ასევე ჰქონდეთ იმის გაცნობიერება, რომ თუ ეს ასე არ მოხდება, მაშინ მათთვის უფრო მკაცრი ზომები იქნება ამოქმედებული. ეს არის დღეს მთავარი გამოწვევა, როცა ამერიკა ცდილობს ჩამოაყალიბოს სანქციები. ასევე გასათვალისწინებელია რუსეთის ჩარევა ან ინტერვენცია, რაც მძიმე შედეგების მატარებელი იქნება საქართველოსთვის და რაც ამერიკას ნამდვილად არ უნდა.

-რა ტიპის წყალგამყოფი გამოდის რუსული კანონი საქართველოსთვის? და სხვათა შორის, მიგაჩნიათ თუ არა, რომ ეს კანონი რუსულია – დემონსტრაციების სლოგანი დღეს თბილისის ქუჩებში ასეთია – არა რუსულ კანონს! თქვენ როგორ ფიქრობთ?

-ჩემი დამოკიდებულება ასეთია – რაც უნდა დაუძახოთ ამ კანონს, მისი სულისკვეთება და შედეგები ისეთია, რასაც ჩვენ ვაკვირდებით რუსეთში, რუსეთის მსგავს ქვეყნებში, რუსეთის მოკავშირე ქვეყნებში. ეს ქვეყნები არ არიან დემოკრატიული მოდელის ქვეყნები.

-დავუბრუნდეთ კითხვის პირველ ნაწილს. რა ტიპის წყალგამყოფი გამოდის რუსული კანონი საქართველოსთვის? – თქვენ რამდენიმე აქცენტი დასვით უკვე ამ ინტერვიუს განმავლობაში – ქართული ოცნების პოლიტიკური მომავალი, სანქციების დაწესების ალბათობა .. რისკენ მიყავს საქართველო ამ კანონს?

-თუ კანონი წარმატებით ამუშავდება, ამას მოჰყვება სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმება, რაც ყოველთვის იყო იმ დემოკრატიული მიღწევების ფუნდამენტი, რასაც ქვეყანამ ამ 30 წლის განმავლობაში მიაღწია. ეს ძალიან მძიმე შედეგი იქნება. უფრო ფართოდ რომ შევხედოთ – ეს წყალგამყოფი მომენტია, რადგან საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის შემდეგ, საქართველო გარკვეულ ციკლში მოექცა – დაახლოებით ასეთი ციკლია – დემოკრატიული გარღვევა, რომელსაც მოსდევს ეიფორია, რასაც მოჰყვება დემოკრატიის უკუსვლა, რის შემდეგაც მოდის ნახევრად–ავტორიტარული კონსოლიდაცია, რასაც მოჰყვება რეჟიმის ჩამონგრევა და ისევ დემოკრატიული გარღვევა. ქართული ოცნება დღეს, ჩემი შეფასებით, სადღაც ნახევარდ–ავტორიტარული კონსოლიდაციისა და რეჟიმის ჩამონგრევის ფაზებს შორისაა. ეს შეიძლება იყოს ის წყალგამყოფი მომენტი, რომელიც ისევ დაძრავს ამ ციკლს. ეს არ არის კარგი საქართველოსთვის. იმედი მაქვს, რომ ეს წყალგამყოფი მომენტია ამ ციკლის გარღვევისთვის და მისგან თავის დასაღწევად. სწორედ ამიტომ არის მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარე მოვლენები ასეთი გადამწყვეტი. ჩემი აზრით – და ამას ვამბობ საჯაროდ, ამაზე ვწერ კიდეც – ქართული ოცნების ბედი გადაწყვეტილია, უბრალოდ, ჯერ ამის შესახებ არ იციან. ისინი შესაძლოა დარჩნენ ხელისუფლებაში მომდევნო ერთი თვის ან ერთი წლის განმავლობაში, მაგრამ მათ უკვე გადალახეს ის ხიდი, რომლის უკან გადმოკვეთაც შეუძლებელია. შეუძლებელია, რომ მათ ხელისუფლება მომდევნო 5–10 წლის განმავლობაში შეინარჩუნონ. მაგრამ კითხვაა – რა იქნება შემდეგ? ეს მოძრაობა, რასაც დღეს ვაკვირდებით საქართველოში, თბილისში და სხვა ქალაქებში – განსხვავდება იმისგან, რაც იყო 2012 წელს, განსხვავდება ვარდების რევოლუციისგან. ჯერ ერთი, მასშტაბშიც უფრო დიდია და მეორე – მას არ წარმართავენ პოლიტიკოსები – და რაც მთავარია, ერთი რომელიმე ძალიან დიდი მასშტაბის ფიგურა, როგორიც იყო მიშა სააკაშვილი, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი ან სხვა კუთხით, მაგრამ – ედუარდ შევარნაძეც, თავის დროზე. შეიძლება თუ არა, რომ დღეს სამოქალაქო საზოგადოების აქტივობამ გაარღვიოს მესიანისტური, ერთ კაცზე ჩამოკიდებული პოლიტიკის პრაქტიკა და საქართველო დემოკრატიული გარღვევიდან დემოკრატიული უკუსვლის ნაცვლად, დემოკრატიულ კონსოლიდაციამდე მიიყვანოს .. ბოდიში, თუ პოლიტიკის მეცნიერების პროფესორივით ვსაუბრობ ..


- აქამდე საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური კურსი ყოველთვის იყო ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ევროკავშირი, ასოცირების ხელშეკრულება, DCFTA, ნატო – ინტეგრაცია დასავლურ თემში, დასავლურ საზოგადოებაში. რას შეიძლება საქართველოსთვის ნიშნავდეს ამ კურსთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები მაშინ, როდესაც შესაძლებლობის ფანჯარა ღიაა დღეს ჩვენი ქვეყნისთვის – მან შეიძლება გახსნას ევროკავშირთან მოლაპარაკებები, ეს რეალური შესაძლებლობაა, ევროკავშირის წევრობა დღეს უფრო ახლოა, ვიდრე არასდროს – და აი, ამ დროს ისმება კითხვა – უნდა კი ეს საქართველოს მთავრობას? მინდა აქ აქცენტი ეკონომიკურ განვითარებაზეც გავაკეთოთ – მიდის თუ არა საქართველო იზოლაციისკენ და რას შეიძლება ეს ნიშნავდეს მცირე ზომის ღია ეკონომიკისთვის, რომელიც კარგადაა ინტეგრირებული დასავლურ ეკონომიკასთან?

-ჩემი დაკვრივებით, ევროპაში კარგად ესმით, რომ დღეს პრობლემაა საქართველოს მთავრობა და არა საქართველოს ხალხი. ამ მთავრობასთან ალბათ არ იმუშავებენ იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, მაგრამ როცა ახალი მთავრობა იქნება, კურსი ისევ აღდგება და შეიძლება დაჩქარდეს კიდეც. დიდი ხნის განმავლობაში, ეს მთავრობა სწორად იქცეოდა. მათ მოიპოვეს ასოცირების შეთანხმება, მათ დააჩქარეს მოლაპარაკებები, წინ მიდიოდნენ. ეს ასე აღარ არის. მაგრამ არც ევროპას, არც ამერიკას ხელი არ ჩაუქნევია ქართველ ხალხზე – ჩვენ ვიცით, რომ თქვენ გსურთ ევროკავშირში, გინდათ ნატო–ს წევრობა. თქვენი კითხვის მეორე ნაწილი – საკმაოდ რთულია. რეალობა დღეს ისაა, რომ რუსეთი ჩინეთის კლიენტია. ამას ვაკვირდებით სწორედ უკრაინაში ომის კვალდაკვალ. ჩინეთი რუსეთში საკმაოდ ძლიერად დაბრუნდა. ბევრი ქვეყანა არსებობს, ვისაც ბიზნესი აქვს რუსეთში და ჩინეთში – და ეს ეკონომიკური განვითარების ნაწილია – თუმცა, ეს არ არის ეკონომიკის განვითარების ის ძრავი, რომელიც ქართველ ხალხს ურჩევნია. ეკონომიკური იზოლაცია დასავლეთისგან მოსალოდნელია იმ შემთხვევაში, თუ ეს ხელისუფლება შეინარჩუნებს ძალაუფლებას და უფრო მეტ მხარდაჭერას მიიღებს რუსეთისგან, ოქტომბრის არჩევნების მიღმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები