მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კანონის შემობრუნება პირველ რიგში, 2024 წლის არჩევნებს უკავშირდება" - ლევან კობერიძე

ლევან კობერიძე

IX მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, ლევან კობერიძე BMGTV-ს გადაცემა „ანალიტიკაში“ მიმდინარე მოვლენების მართვის „ქართული ოცნების“ ანალიზს აკეთებს და ამბობს, რომ მმართველი პარტია ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით, ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომელიც საზოგადოებისთვის მიუღებელია.

მისი შეფასებით, საზოგადოებაში საფრთხის შეგრძნება გაჩნდა, რაც ნაციონალური მოძრაობის პერიოდს ახასიათებდა, როდესაც ადამიანებმა იცოდნენ, რომ ხელისუფლების საწინააღმდეგო აქტივობის შემთხვევაში, მათ სახელმწიფო ფიზიკურად გაუსწორდებოდა და ოჯახის ტერორის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებოდნენ.

„მახსოვს, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იცოდი, რომ სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ გამოხატული ნებისმიერი ქმედების შემთხვევაში, ადამიანი და მისი ოჯახი ფიზიკური საფრთხის, სახლში შევარდნისა და ტერორის წინაშე აღმოჩნდებოდა.

“ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა ნიშნით, რომ ადამიანი ყველაზე მთავარი უნდა გამხდარიყო. თუმცა, დღეს სამწუხაროდ, ვხედავთ ფაქტებს, როდესაც ადამიანებს სახლებთან ხვდებიან, ფიზიკურად უსწორდებიან და ა.შ. ამ დროს, ხელისუფლება ვალდებულია სასწრაფო წესით ყველაფერი გამოიძიოს და საზოგადოებას სიმართლე უთხრას.

მე მგონია, რომ ეს უკვე ან საზოგადოების დაშინების, ან დემორალიზაციის მცდელობაა, რათა პოზიტიური, ერთიანი მუხტი, რომ ქვეყანა პროგრესულ გზას არ უნდა დაცილდეს, ყველა ფლანგიდან შესუსტდეს. ხელისუფლება, თავისი ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით, ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომელიც საზოგადოებისთვის აბსოლუტურად მიუღებელია.

რაც შეეხება ამ კანონის შემობრუნებას, პირველ რიგში ყველაფერი 2024 წლის არჩევნებს უკავშირდება - ხელისუფლების შენარჩუნებას ან ხელისუფლების დათმობას.

ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები შეცდომას უშვებენ, როდესაც რეალობას არ ამბობენ, რომ შემოსავლების გარკვეული ნაწილი პოლიტიკურ მიზნებსაც ხმარდება. მგონია, რომ არასამთავრობო სექტორს აქვს პრობლემა საზოგადოებისთვის თავისი როლის სწორად ახსნის და ხანდახან, ზედმეტად პოლიტიკურ პროცესებში შესვლის გამო, ხელისუფლება მის დისკრედიტაციას ადვილად ახდენს.

ამ კანონის მთავარი არსი გამჭვირვალობა ცალსახად არ არის. როდესაც კანონი შემოგაქვს, მნიშვნელოვანია, თუ მიზანი რა არის კანონის. ამ კანონის მიზანი გამჭვირვალობა ვერ იქნება და ეს არის მესიჯ ბოქსი. ამ კანონს ორი ამოცანა აქვს. ერთი, ეს არის იარლიყების მიკერება და მეორე, საჭიროების შემთხვევაში ჩარიცხული თანხების და ორგანიზაციების გაჩერება. შედეგად, ისინი ვეღარ იფუნქციონირებენ. ანუ შემოსავლების სამსახურს ფაქტობრივად ორგანიზაციის საქმიანობის შეჩერების უფლება ეძლევა.

შემდეგი საკითხი, არის ოფშორების საკითხი. ბიძინა ივანიშვილს დაახლოებით 1 მლრდ 300 მლნ-მდე თანხაზე აქვს დავა, საიდანაც ნაწილი აქვს მოგებული. თუმცა, მას ეს თანხა ჯერ კიდევ არ აქვს მიღებული“,- განმარტავს დეპუტატი.

მისი თქმით, როდესაც ბურუსი გაიფანტება, ქვეყანაში კანონთა კრებული დარჩება, რომელიც ქვეყანაში ინსტიტუციურ მორღვევას უზრუნველყოფს, რაც ავტოკრატიული რეჟიმისთვისაა დამახასიათებელი.

ცნობისთვის, "ქართული ოცნება" მესამე მოსმენის წინ, "რუსულ კანონს" ხვალ იურიდიულ კომიტეტზე განიხილავს. მესამე მოსმენის პლენარული სხდომაზე კი, ზეგ, 14 მაისს გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები