მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოცნებას“ სჭირდება ხელისუფლებაში უვადოდ ყოფნა, „პუტინის ფობია“ აიკიდეს" - ინტერვიუ „რუსულ კანონზე“

ნატა საბანაძე

„რუსული კანონი“ რეპრესიების ლეგალური იურიდიული ინსტრუმენტია“ - ასე აფასებს EU-ში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი და Chatham House-ის უფროსი მკვლევარი ნატა საბანაძე მმართველი ძალის მიერ „რუსული კანონის“ პირველი მოსმენით მიღებას. მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ“, ვლადიმერ პუტინის მსგავსად, ფერადი რევოლუციების ფობია აიკიდა. „სწორედ ეს იყო რუსეთში ასეთი კანონის მიღების მიზანი - ვლადიმერ პუტინს ფერადი რევოლუციების ფობია აქვს. სინამდვილეში ეს არის კანონი რეჟიმის დასაცავად, რომელიც სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებში არ შედის“, - განაცხადა ნატა საბანაძემ BMGTV-ს გადაცემა „წერტილში“.

- ქალბატონო ნატა, როგორ შეიძლება დააზიანოს საქართველოს ევროპული მომავალი ხელისუფლების მიერ საერთაშორისო პარტნიორების გაფრთხილების იგნორირებამ ანუ თუ მმართველმა ძალამ „რუსული კანონი“ ისევ არ გაიწვია, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის პერსპექტივა არსებობს?

- პერსპექტივა უვადოდ გადაიდება. სახეზეა ურთიერთგამომრიცხავი პოზიციები - ერთი მხრივ, გვაქვს სწრაფი, ერთსულოვანი, ცალსახა გამოხმაურება საერთაშორისო პარტნიორებისგან და მეორე მხრივ - საქართველოს მოქალაქეების პროტესტი ქუჩაში; ამის მიუხედავად, ხელისუფლების პოზიცია არის შეურყეველი - ისინი ამტკიცებენ, რომ ეს კანონი ემსახურება ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესებს და არ დააზიანებს ევროპულ პერსპექტივას. როგორ დააზიანებს „რუსული კანონი“ საქართველოს, ამის შესახებ ყველა საუბრობს, თუმცა მოვისმინე, როგორ უწუნებს ირაკლი კობახიძე ელჩებს, თითქოს ვერ მოჰყავთ არგუმენტები, რატომ არის ეს კანონი რუსულიო. პოლიტიკური განცხადებები როცა კეთდება, არ მოჰყავთ არგუმენტები, ეს არის პოზიციის დაფიქსირება; არგუმენტები მოჰყავთ დახურულ შეხვედრებზე, რისთვისაც არიან დიპლომატები. ისინი არ ებმებიან ღია დისკუსიებში. ხელისუფლებამ ღია დისკუსიები უნდა გამართოს საზოგადოებასთან, იმ ხალხთან, ვინც ეს დღეები ქუჩაში დგას და „რუსულ კანონს“ აპროტესტებს.

- ზოგადად, ელჩები პოლიტიკურ დებატებში შედიან იმ ქვეყნების ხელისუფლებებთან, სადაც საქმიანობენ?

- არა. რა თქმა უნდა, ეს არსად ხდება და მან ეს ძალიან კარგად იცის. თან თავად ბატონო პრემიერი ეუბნება, ჩვენ შიდა საქმეებში ნუ ერევით და ზედმეტ აზრს ნუ გამოთქვამთო და მეორე მხრივ, ელჩებს იბარებს და დებატებს სთავაზობს. ასევე, სამწუხაროდ, საქართველოში ახალი ფენომენია ელჩების საჯარო დატუქსვა, რაც ძალიან ცუდი დიპლომატიური პრაქტიკაა და საქართველოს არ შეშვენის; თან ეს ხდება, ძირითადად, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი ქვეყნის ელჩების მისამართით. გერმანიის ელჩის დატუქსვა პირველი არ არის - დატუქსვის ობიექტი იყო ევროკავშირის ყოფილი ელჩი, აშშ-ის ყოფილი ელჩი და ალბათ კიდევ ბევრი იქნება ასეთი.

- დღეს რომ იყოთ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი. რა სიტყვებით და რა არგუმენტებით შეეცდებოდით, დაგერწმუნებინათ მმართველი ძალა, რატომაა ეს კანონი რუსული და რატომ გვაშორებს ევროკავშირს?

- უკვე ძალიან ბევრი არგუმენტი იქნა მოყვანილი, მაგრამ ხელისუფლებას არ უნდა ამ არგუმენტების გაგონება და ძალიან ძნელია დისკუსია, როდესაც შენ რაც არ უნდა თქვა, მაინც გეუბნებიან, რომ არ ხარ მართალი და არაფრის გაგონება არ უნდათ. ეს კანონპროექტი არ ემსახურება გამჭვირვალობას; ეს კანონპროექტი არის თავისუფლების, აზრის გამოთქმის, სამოქალაქო საზოგადოების განეიტრალებისკენ მიმართული კანონპროექტი და ეს ძალიან კარგად ესმის ხელისუფლებას. ეს კანონი არა უბრალოდ არადემოკრატიულია, არამედ - ანტიდემოკრატიულია; ვკითხულობთ კანონის პროექტის ტექსტს, სულისკვეთებას, მიზანს და ჩანს მოსალოდნელი შედეგი. ჩვენ უკვე ვნახეთ, რა შედეგი მოიტანა ამ კანონმა რუსეთში, ყირგიზეთში, მაგრამ რუსეთის მაგალითი ცალსახააა. აღსანიშნავია ისიც, რომ არც ირაკლი კობახიძე და არც მამუკა მდინარაძე არ მალავენ, რომ ამ კანონის ნამდვილი მიზანი არაა გამჭვირვალობა; მიზანია რევოლუციის თავიდან აცილება. სწორედ ეს იყო რუსეთში ასეთი კანონის მიღების მიზანი - პუტინს ფერადი რევოლუციების ფობია აქვს. სინამდვილეში ეს არის კანონი რეჟიმის დასაცავად, რომელიც სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებში არ შედის.

- „ქართულმა ოცნებამ“ პუტინის მსგავსი ფობია აიკიდა?

- დიახ, რადგან მას სჭირდება ხელისუფლებაში უვადოდ ყოფნა. რა უშლის ხელს? - ოპოზიციური სპექტრი საკმაოდ სუსტია და რეალურად, დისკომფორტს უქმნის არასამთავრობო სექტორი, რომლის სერიოზული ნაწილია სამოქალაქო საზოგადოება, აკადემიური წრეები და ა.შ. ეს არის ხალხი, ვინც წლების განმავლობაში იღებს დაფინანსებას დასავლეთისგან და სწორედ ამის შეწყვეტა სურს მმართველ ძალას; მათ არ უნდათ ის ხალხი, რომელიც რეალურად საყრდენია იმ ტიპის დემოკრატიის, რომელიც გვაქვს. დიახ, ჩვენ არ გვაქვს გამართული დემოკრატია, მაგრამ ის, რომ საქართველო კიდევ არის თავისუფალი ქვეყანა სწორედ იმის დამსახურებაა, რომ განსხვავებული აზრის გამოთქმისთვის შემორჩენილია კუნძულები მედიის და არასამთავრობო სექტორის სახით; „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში, ამ აზრის სრული დისკრედიტაცია მოხდება, რადგან ამ კანონით მოგაკერებენ იარლიყს, რომ ხარ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“, რისი გაკეთებაც უკვე დაიწყო ირაკლი კობახიძემ - თავად პრეზიდენტს უწოდა აგენტი. ამდენად, ეს არის რეპრესიების ლეგალური იურიდიული ინსტრუმენტი. ზუსტად ასე დაიწყო რუსეთში, შემდეგ თანდათან გაამკაცრეს კანონი და ამ გზით მოაზროვნე საზოგადოების ნაწილი გააქციეს ქვეყნიდან; ეს მოხდება აქაც.

- „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში, როგორი იქნება წინასაარჩევნო პერიოდი და ასევე, როგორ შეიძლება ის აისახოს თავად არჩევნების შედეგებზე?

- 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ძალიან მძიმე პირობებში ჩატარდება. ეს კანონი 6 თვით ადრე ტყუილად ხომ არ გამოაგორეს თავიდან?! ამას ხომ თავისი მიზეზი ჰქონდა?! ეს იქნება, ასევე, ინსტრუმენტი ადგილობრივი და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წნეხის ქვეშ მოქცევის და მათი შედეგების და შეფასებების განეიტრალებისთვის გამოიყენებენ.

- არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებითაც ბევრი კითხვა გაჩნდება...

- დიახ და ამაზე რეაქციის შესუსტებისკენაც არის მიმართული ეს კანონი. პრემიერ-მინისტრი აღარც მალავს, რომ ამ კანონის მიღება უნდათ იმისთვის, რომ არანაირი ოპოზიციური აზრი - საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური პოზიცია არავინ დააფიქსიროს. ირაკლი კობახიძე საზოგადოებას გარკვეულ გარიგებას სთავაზობს - მშვიდობას დემოკრატიის და ევროინტეგრაციის სანაცვლოდ; ის ამბობს, რომ მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია.

- „რუსული კანონით“ ევროკავშირს დავშორდებით - გვაფრთხილებენ ევროკავშირის ლიდერები. რამდენად დიდია რისკი დავკარგოთ ის, რაც უკვე გვაქვს - მაგალითად, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი?

- ამის მექანიზმი არ არსებობს. კანდიდატის სტატუსი მიღებული გვაქვს და როგორც წესი, უკან წაღება არ ხდება. გავიხსენოთ თურქეთის მაგალითი, რომელსაც რამდენი წელია აქვს კანდიდატი სტატუსი. უბრალოდ, გავიყინებით. ამასობაში კი, წინ წავა უკრაინა და მოლდოვა, რომლებიც მოლაპარაკების ეტაპზეა არიან და რაც უფრო მეტად ჩამორჩება საქართველო, მით უფრო უარესია. ამდენად, რეალურად ეს არის ძალიან დიდი დაბრკოლება ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლისთვის.

- რამდენად დიდია ალბათობა, რომ ევროკავშირმა საქართველოს ვიზალიბერალიზაცია შეუჩეროს? დიპლომატმა ვალერი ჩეჩელაშვილმა არ გამორიცხა ეს „ანალიტიკასთან“ ინტერვიუში - ასე წაიკითხა მან შარლ მიშელის სიტყვები - „რუსული კანონი“ საქართველო ევროკავშირს დააშორებსო“...

- მე ასე არ წავიკითხავდი შარლ მიშელის სიტყვებს... რთული იქნება იმის უკან წაღება, რაც უკვე მივიღეთ, მაგრამ დაშორება ნიშნავს იმასაც, რომ თუ წინ არ წავედით, დავშორდებით, რადგან ერთ ადგილას დგომა არ გამოდის, მით უმეტეს, ამ კონტექსტში და ჩვენ რეგიონში და ეს იქნება პირდაპირ რუსეთის გავლენის გაძლიერება. „რუსული კანონი“ - ეს არაა მარტო საპროტესტო აქციისთვის მოგონილი ლოზუნგი; ეს კანონი არის რუსული ჰიბრიდული იარაღი დასავლეთის წინააღმდეგ. ჩვენ იმის მაგივრად, რომ ევროკავშირის ცხრა დათქმას ვასრულებდეთ, რომელიც გვჭირდება წინ წასაწევად, პრიორიტეტად ვაყენებთ რუსული კანონების მიღებას, რომელიც დემოკრატიის და თავისუფალი აზრის ჩახშობას ნიშნავს. ამ ყველაფერს კი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამართლებს როგორც დეპოლარიზციის გზად. რა თქმა უნდა, პოლარიზაცია არ იქნება, თუ ხმას ვერავინ ამოიღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები