მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ღირსებით დაგვტოვებენ ევროკავშირის გარეთ, უღირსად“ - „რუსული კანონის“ შედეგების შეფასება

blc

BLC LAW-ის მმართველმა პარტნიორმა ქეთი ქვარცხავამ BMGTV-ის გადაცემაში ‘ანალიტიკა’ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შედეგებზე ისაუბრა. მან განმარტა, რომ ხელისუფლებას იმით მანიპულირება არ გამოუვა, რომ ხალხს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს. „არა თუ წაკითხული გვაქვს შედარებულიც გვაქვს წინა ვერსიასთან, „ფარა"-სთანაც, ევროსტანდარტებთანაც და მათ შორის უნგრეთის ძველ კანონთან", - განაცხადა მან.

ქეთი ქვარცხავას თქმით, არცერთ ევროპულ ქვეყანას არ აქვს მიღებული ეს კანონი, რადგან ევროპულ ღირებულებებთან წინააღმდეგობაშია.

„ამ კანონს გამჭვირვალობასთან კავშირი არ აქვს და როგორც იურისტი, შეურაცხყოფილი ვარ მოვლენებით, რაც ვითარდება და ტონით, რომელსაც კრიტიკასთან დაკავშირებით ვისმენთ ხელისუფლებისგან. ხშირად გვესმის, რომ ხალხს კანონი არა აქვს წაკითხული. მოდით, შინაარსში შევიდეთ: არა თუ წაკითხული გვაქვს, შედარებული გვაქვს წინა ვერსიასთან, შედარებული გვაქვს „ფარა"-სთანაც, ევროსტანდარტებთანაც და მათ შორის უნგრეთის ძველ კანონთან, რომელსაც ყველაზე ახლოს სხვათა შორის მასთან არის. ამბობენ, რომ თურმე ევროპის რომელიღაც ქვეყანას აქვს მიღებული, - არცერთ ქვეყანას არა აქვს. ვერცერთ ქვეყანას დაასახელებენ, სადაც ეს კანონი მოქმედებს. მცდელობა იყო უნგრეთში, მაგრამ 2020 წლის 18 ივნისის ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით ეს კანონი გამოცხადდა ევროკავშირის რეგულაციების საწინააღმდეგოდ. ანუ უნგრეთის "გამჭვირვალობის კანონი" ევროსასამართლომ მიიჩნია ევროსტანდარტებისთვის შეუსაბამოდ და ასევე ადამიანის უფლებათა ძირითადი თავისუფლებათა ქარტიის მე-7, მე-8 და მე-12 მუხლებისთვის შეუსაბამოდ.

- ევროკავშირიც სრულიად თანმიმდევრულია, როდესაც ამბობს რომ ეს მიდგომა ევროკავშირის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება...

- აბსოლუტურად. ახლა მოდით მიდგომებზე ვილაპარაკოთ: ამბობენ, რომ რა უფლება აქვს ევროკავშირს ან ვინმეს ჩაერიოს ჩვენ სუვერენულ უფლებაში. არც ერევიან. გამოაცხადეს, რომ თქვენ გაქვს სუვერენული უფლება, ნებისმიერი კანონი იქონიოთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს უფლება არ მიგიღოთ ამის გამო, რადგან ეს კანონი ჩვენთან შეუსაბამობაშია. მაგალითისთვის, სოფლის კლუბში ჩაცმის გარკვეული წესი რომ იყოს მიღებული და გითხრან, - "ჩემთან საცურაო კოსტიუმით ვერ შემოხვალთ" და თქვენ კართან დადგეთ და თქვათ, - "არა მე ღირსებით, მინდა საცურაო კოსტიუმით სოფლის კლუბში შესვლა". ასევე ღირსებით დაგტოვებენ გარეთ, უღირსად.

- ამ ყველაფრის რისკი ის არის, რომ მართლა ცალ ფეხზე დავრჩეთ რუსეთთან პირისპირ?

- სამწუხარო რისკი ეგ არის. რაც შეეხება ამ კანონს გამჭვირვალობას, კიდევ ერთი კანონქვემდებარე ნორმა წამოვიღე, ეს არის "ბუღალტრული აღრიცხვების ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება", #9, რომელიც 2018 წელს არის დამტკიცებული - ეს გაცილებით უფრო დეტალური დოკუმენტია რომელშიც დეტალურად არის მოცემული, როგორი ანგარიშგება და გამჭვირვალობის ქვეშ არიან ამ წუთას არაკომერციული იურიდიული პირები. დღეისთვის ეს დოკუმენტი საკმარისად ითვალისწინებს გამჭვირვალობის სტანდარტებს.

რაც შეხება მოსაზრებებს,რომ თურმე სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდნენ გარკვეული იურიდიული პირები - ამას არანაირი კანონი არ ეყოფა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. სისხლის სამართლის კოდექსში კი გვაქვს 37 თავი - მთელი თავი "სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების შესახებ". ამ თავში გვაქვს ძალიან კარგი 319-ე მუხლი, რომელშიც არის ზუსტად ასეთი ქმედება - უცხო ქვეყნისთვის, უცხო ქვეყნის ორგანიზაციისთვის, ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის დახმარება, ისეთ საქმიანობაში, რომლის მიზანია საქართველოს სახელმწიფოს სახელმწიფოებრივი ინტერესების ხელყოფა, ისჯება 7-დან 15 წლამდე. მაშინ რაზე ვლაპარაკობთ? რა გამჭვირვალობაზე ვლაპარაკობთ, თუ სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადის ვინმე.

- ვლაპარაკობთ თუ არა მაშინ პირდაპირ იარლიყზე, რომ ეს არის უცხოური გავლენის გატარება?

- ამ კანონის მიზანი არ არის გამჭირვალობა. საინტერესოა, ეს კანონი რომელ ორგანიზაციასაც ეხება, ესენია: ყველა არაკომერციულ იურიდიულ პირს, სადაც არ არის სახელმწიფო მონაწილეობა, მაგალითად, სსიპ-ებს და ა(ა)იპ-ებს არ შეეხებათ.

ხელისუფლებამ გააჟღერა, რომ თურმე როდესაც ვიღაცისგან დაფინანსებას იღებ, მასზე ხდები დამოკიდებული - ეს არის ამ კანონის მიღების ძირითადი მიზეზი, თუ ეს ასეა და არაკომერციული იურიდიული პირები ხდებიან დამოკიდებული რომელშიც სახელმწიფო არ მონაწილეობს, მაშინ სახელმწიფოს მონაწილეობით შექმნილი სსიპ-ები, რომლებიც გაცილებით მეტს იღებენ, რატომ არ ხდებიან დამოკიდებული. გამოდის, ისინიც ატარებენ უცხო ქვეყნის ინტერესებს. გამჭვირვალობა ერთს თუ ეხება მეორეს რატომ - არა? რატომ არ უნდათ მათაც აიკრან ეს იარლიყი.

- ამაზე ამბობენ, რომ გამჭვირვალობა და გავლენა ყოველთვის უარყოფითი არ არის და შესაძლებელია დადებითი გავლენის აგენტიც არსებობდეს.

- გამოდის, დადებითი გავლენა სახელმწიფოს მონაწილეობისთვის გაწეული დახმარებაა და უარყოფითი გავლენაა ბავშვთა სახლისთვის გაწეული დახმარება? - საინტერესოა ახსნან ეს.

რაც შეეხება ვადებს, დამაინტერესდა და ვნახე, შესაძლებელია ეს კანონი სექტემბერში ამოქმედდეს, თუ დაგეგმილ ვადებში მოახდენენ მის მიღებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები