დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებული ბიზნესმენი, გიორგი ჩიკვაიძე, რომელიც გუშინ სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს, შიმშილობას იწყებს.
ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც ბიზნესმენმა ციხიდან გამოაგზავნა.
„მე არ შევეგუები ამ სისტემის მიერ ჩაგვრას! დღეიდან გადავდივარ სრულ შიმშილობაზე.
ამჯერადაც ვიქნები გამორჩეული ჩემს პრინციპულობაში, თუნდაც ეს დამიჯდეს სიცოცხლის ფასად, ამას გავაკეთებ ჩემი ქვეყნის სიყვარულისთვის“, - ნათქვამია გიორგი ჩიკვაიძის წერილში, რომელიც „რადიო თავისუფლებას“ მისმა ძმამ, დიმიტრი ჩიკვაიძემ მიაწოდა.
ასევე, ის ოჯახის ახლობლებსა და ნაცნობებს მიმართავს:
„ყველა ვინც დუმხართ, ხართ ამ პროცესის მონაწილე. მეგობრებო, არ გაჩერდეთ. ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე“, - ნათქვამია გიორგი ჩიკვაიძის წერილში,რომელსაც tv "პირველი" ავრცელებს.