ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი საქართველო-რუსეთის საზღვრის მიმდებარედ, მდინარე თერგზე "ლარსი 2 ჰესის"-ის მშენებლობას გეგმავს - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს კომპანიამ უკვე წარუდგინა გარემოზე ზემოქმედების კვლევა და პროექტის დეტალური აღწერა.
პროექტს კომპანია "ლარსი ფაუერი" ახორციელებს, რომელიც 2020 წელს არის დაფუძნებული. მისი 100%-ის მფლობელია ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი.
„ლარსი 2 ჰესი“ არის დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგური, რომლის ელექტროენერგიის გამომუშავება ხორციელდება "ლარსი 1 ჰესის" მიერ გამომუშავებული წყლის გამოყენებით. მისი ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები მოიცავს:
- სიმძლავრე: 5.8 მგვტ,
- სათავე ნაგებობის არარსებობა: პროექტი არ საჭიროებს მდინარე თერგში ახალი წყალაღების ნაგებობის მშენებლობას, რადგანაც ის ლარსი 1-ის გამომუშავებული წყლის ჩაშვების ნაგებობაზე იქნება მიბმული.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების (EIA) მიხედვით, პროექტი მინიმალური გავლენას მოახდენს მდინარე თერგის ეკოსისტემაზე. გათვალისწინებულია სხვადასხვა შემარბილებელი ღონისძიებები, მათ შორის ნაპირდამცავი ნაგებობის მოწყობა და ბიომრავალფეროვნების დაცვის სპეციალური პროგრამები.
ჰესმა წლის განმავლობაში 28 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია უნდა გამოიმუშაოს.
რაც შეეხება ლარსი 1 ჰესს, რომელთანაც ახალი ჰესი იქნება მიბმული, მისი სიმძლავრე 19.5 მეგავატ საათს შეადგენს. ჰესის მშენებლობა 2014 წელს დასრულდა, დარიალის ხეობაში განვითარებულმა სტიქიამ 2014 წელს სადგურის გადამცემი ხაზების დაზიანება გამოიწვია, რის გამოც ჰესმა ოპერირება 2016 წლიდან განაახლა. მისი მფლობელია შპს "ენერგია", რომლის 30%-ის მფლობელია კომპანია "ფერი" ხოლო 70%-ის ბიზნესმენი მევლუდ ბლიაძე.