მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესმენი თამაზ სომხიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის ღია წერილით მიმართავს

643fefad66dc3
BM.GE
19.04.23 17:51
1708
ბიზნესმენი თამაზ სომხიშვილი უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდომირ ზელენსკის ღია წერილით მიმართავს.

bm.ge ღია წერილს უცვლელად გთავაზობთ:


"ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო,

უკრაინისთვის ამ რთულ დროს, ღიად უნდა მოგმართოთ კითხვით იმ მდგომარეობის შესახებ, რომელიც არ უნდა მომხდარიყო ქვეყანაში არც ომის დროს და არც მშვიდობიან დროს.

როდესაც 2021 წლის სექტემბერში მოგმართეთ განცხადებით, სადაც აღვწერდი იმ რთულ ვითარებას, რომელშიც მე როგორც დიდი ბრიტანეთის მოქალაქე და ინვესტორი აღმოვჩნდი. მაშინ თქვენ მიპასუხეთ, რომ ეს ვითარება განპირობებული იყო უკრაინის არარეფორმირებული სასამართლოს მიერ და რომ სასამართლო სისტემა გაუმჯობესდებოდა. გასაგებია, რომ ომმა ხელი შეუშალა უკრაინის სასამართლოების რეფორმას, მაგრამ როგორც ჩემმა გამოცდილებამ აჩვენა, ეს პრობლემა არ უკავშირდება მხოლოდ სასამართლოს და ის უკავშირდება იმას თუ როგორ ექცევა კიევის ადგილობრივი ხელისუფლება უცხოელ ინვესტორებს.

2007 წელს, გლობალურ ინსტიტუციონალურ ინვესტორთან ერთად, ისეთი ტიპის ინვესტორი, რომლის მოზიდვას ახლა ცდილობთ უკრაინაში ქვეყნის სამომავლო რეკონსტრუქციისთვის, მე ჩავაბარე საინვესტიციო პროექტი ქალაქის ხელისუფლებასთან ქალაქ კიევში ხარკოვის მოედნის რეკონსტრუქციისთვის. დღეს ასეთ პროექტებს სახელმწიფო-კერძო პარტნიორობას უწოდებენ. თუმცა, იმ დამოკიდებულებას, რომლის წინაშეც ჩვენი პროექტი აღმოჩნდა, რთულია ეწოდოს პარტნიორობა.

სანამ საინვესტიციო პროექტი ფუნქციონირებდა, მე მქონდა შესაძლებლობა მენახა ბიუროკრატიული ჯოჯოხეთის ყველა წრე, რომელსაც კერძო ინვესტორი შეიძლება შეხვდეს: ქმედებები, რომლებიც მოიცავდა როგორც პროექტის საბოტაჟს, ასევე ინვესტორის წინაშე არსებული მუნიციპალური ვალდებულებების აშკარა დარღვევას. ეს იმის მიუხედავად, რომ პროექტის არსებობის მანძილზე ქალაქმა ჩემგან 14 მილიონ დოლარზე მეტი მიიღო. ჩემი, როგორც ინვესტორის ვალდებულების შესასრულებლად, დავაფინანსე საუკეთესო ევროპელი არქიტექტორების და ინფრასტრუქტურის პროფესიონალების მიერ პროექტის შემუშავება. საინვესტიციო პროექტის მსვლელობისას არ მიმიღია რაიმე თანხები მუნიციპალიტეტებისგან.

2013 წელს ქალაქის ხელისუფლებამ შეწყვიტა პროექტი, აღიარა, რომ მე მქონდა გაწეული ხარჯები და ზარალი და აიღო ვალდებულება, რომ აენაზღაურებინა ისინი. კომპენსაციის პირობა იყო, რომ ეს ხარჯები და ზარალი დამოუკიდებელმა შემფასებელმა შეაფასა და ეს პირობა შევასრულე. თუმცა, პროექტის შეწყვეტის შემდეგაც, ქალაქის ხელისუფლება აგრძელებდა ვალდებულებების დარღვევას და ზარალის ანაზღაურებაზე უარს ამბობდა.

2019 წელს კიევის კომერციულმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ჩემი უკრაინული კომპანიის, შპს Kyiv Terminal-ის სარჩელი, რომელიც მონაწილეობდა კიევის საქალაქო ხელისუფლებასთან საინვესტიციო პროექტში და დაავალა ქალაქის ხელისუფლებას ზარალის გადახდა 24,4 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. თავის მხრივ, სააპელაციო სასამართლომ, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის ხელისუფლებამ საჩივრის შეტანის ვადა დაკარგა, მიიღო იგი წარმოებაში პროკურატურის ზეწოლით, რომელიც საქმეს შეუერთდა, მთლიანად გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ამავდროულად, პოზიცია, რომელსაც პროკურატურა აფიქსირებს, არ შეიძლება განიხილებოდეს სხვანაირად, თუ არა უკრაინის საინვესტიციო მიმზიდველობისთვის პირდაპირი დარტყმა. პროკურატურის პოზიციაა, რომ საინვესტიციო პროექტში მონაწილეობა არის ინვესტორის რისკი, მაშინ როდესაც არსებობდა შეთანხმება ქალაქის მუნიციპალიტეტთან. გლობალურ საინვესტიციო პრაქტიკაში სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობა სტაბილურობის ფაქტორია. რატომ უნდა იყოს საინვესტიციო პროექტი, რომელშიც მონაწილე სახელმწიფოა პარტნიორი, უკრაინაში რისკის წყარო?

2021 წელს, როდესაც საქმეს უკრაინის უზენაესი სასამართლო განიხილავდა, ინვესტორის კანონიერი უფლებების უპრეცედენტო უგულვებელყოფის საკითხს, იძულებული გავხდი დახმარება მეთხოვა უკრაინაში ბრიტანეთის საელჩოსა და საქართველოს წარმომადგენლებისთვის. საელჩო ყველა სასამართლო სხდომას ესწრებოდა. უკრაინის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა სააპელაციო ინსტანციაში.

2022 წელს, იმ დროს, როდესაც უკრაინაში ომი ჯერ კიდევ მიმდინარეობდა, სააპელაციო სასამართლომ განაახლა საქმე და მე მაშინვე შევთავაზე ქალაქს მორიგების ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც უარი ვთქვი პირველი ინსტანციის სასამართლოში მინიჭებულ თანხებზე და შემდეგი შევთავაზე - მომეცით მიწის ნაკვეთი კიევში მას შემდეგ რაც საომარი მდგომარეობა მოიხსნება, რათა ადგილზე ინფრასტრუქტურა განვავითარო. ჩემი შეთავაზება გამომდინარეობს იმ მძიმე სიტუაციის სრულად გააზრებიდან, რომელიც ომის შედეგად იდგა ქვეყანასა და ქალაქში.

თუმცა, ქალაქის ხელისუფლებამ არა მხოლოდ უარყო ეს წინადადება, არამედ დაიწყო ცილისწამებისა და ცრუ ბრალდებების მასიური კამპანია ჩემს წინააღმდეგ. ამ ბრალდებებმა არა მხოლოდ აჩვენა დამოკიდებულება ჩემს მიმართ, როგორც ინვესტორს, რომელმაც შეასრულა ყველა ვალდებულება, არამედ ჩემი ქვეყნის, დიდი ბრიტანეთის მიმართ, რომელიც ამ დროს უკრაინის ალბათ ყველაზე დიდი მხარდამჭერია,”- აცხადებს სომხიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები