"კრისტალ ჯგუფის" მფლობელი ვლადიმერ სტეფანიანი თავისუფალია. ბიზნესმენს აღკვეთის ღონისძიება შეეცვალა - საპატიმრო არასაპატიმროთი და დაეკისრა გირაო 2 მილიონი ლარის ოდენობით.
bm.ge-ს გენერალურ პროკურატურაში უთხრეს, რომ განაჩენის დადგომამდე ის გათავისუფლებულია.
სტეფანიანი 7 ნოემბერს დააკავეს. მას პროკურატურა უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. საქართველოს პროკურატურამ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე „კრისტალ ჯგუფის“ მფლობელს, ვლადიმერ სტეფანიანს ბრალი 9 ნოემბერს წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ „კრისტალ ჯგუფში“ შემავალი შპს „ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფის“ ძირითადი საქმიანობა დაბა ბაკურიანში სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობასა და შემდგომ რეალიზაციას მოიცავდა.
გამოძიების მიხედვით, ვლადიმერ სტეფანიანი, რომელიც ფაქტობრივად ხელმძღვანელობდა საწარმოს ყოველდღიურ საქმიანობას, უხეშად არღვევდა როგორც ბაკურიანის განაშენიანების გენერალური გეგმით დადგენილ, ისე შესაბამისი სამსახურების მიერ გაცემულ სამშენებლო პირობებს. უკანონოდ აშენებულ ობიექტებს კი ეტაპობრივად ასხვისებდა.
დეველოპერული კომპანია “კრისტალ ჯგუფი” ბაკურიანში 2008 წლიდან ოპერირებს. კრისტალ ჯგუფმა საქმიანობა სასტუმრო ბიზნესით დაიწყო. განვითარების ახალ ეტაპზე კი კომპანიამ საფუძველი ჩაუყარა უძრავი ქონების მშენებლობასა და მართვას. ამჟამად, კრისტალი წარმოდგენილია კომპლექსურად: ყველაფერი ერთ სივრცეში და ჩამოყალიბდა ბრენდად, როგორც „კრისტალის საკურორტო ზონა“ ბაკურიანში.
"კრისტალ ჯგუფის" იგივე შპს ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფის 100%-იანი წილის მფლობელი ვლადიმერ სტეფანიანია. სტეფანიანს 2021 წელს "ქართული ოცნებისთვის" 50 000 ლარი აქვს შეწირული, 2018 წელს - სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატისთვის - 60 000 ლარი. 2012 წელს კი "ნაცმოძრაობისთვის" 2500 ლარი.




























