მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიზნესომბუდსმენი ვის დაქვემდებარებაში იქნება ნაკლებად მნიშვნელოვანია, მთავარია ქმედითი იყოს - თამაზ დაუშვილი

დიო

2015 წელს შექმნილი ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელიც კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის მედიატორის როლს ასრულებდა, 2026 წლის 1 იანვრიდან ოფიციალურად წყვეტს არსებობას. 2026 წლის 1 იანვრიდან უქმდება ბიზნესომბუდსმენისა და მისი მოადგილეების თანამდებობები, ბიზნესომბუდსმენის აპარატი ლიკვიდირდება.

ბიზნესმენი თამაზ დაუშვილი BMG-სთან აცხადებს, რომ ასოციაციის ფორმატში პერიოდულად შეხვედრები ჰქონდათ, რაც ეფექტიანად იგეგმებოდა ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ, თუმცა კარგი იქნებოდა თუ ამ ტიპის შეხვედრები უფრო ხშირად იქნებოდა. მისი თქმით, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ვის დაქვემდებარებაში იქნება აპარატი, მთავარია ქმედითი იყოს.

“ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურაა ბიზნესომბუდსმენის აპარატი. ჩვენ რაც გვქონია გამოცდილება, საკმაოდ ადეკვატური მიდგომა ჰქონდათ ბიზნესთან. ჩვენი კომპანია რამდენიმე ბიზნესასოციაციის წევრია, ერთ-ერთის ხელმძღვანელი თავად მე გახლავართ, სამშენებლო მასალების მწარმოებელთა კლასტერის, და როდესაც ჩვენ გვქონდა სურვილი შევხვედროდით მას, ძალიან ეფექტიანად მოხდა შეხვედრის ორგანიზება. თუმცა, მე ვისურვებდი, რომ ალბათ უფრო ხშირი ყოფილიყო მსგავსი შეხვედრები სხვადასხვა ბიზნესასოციაციების ფარგლებში.

ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურის შიგნით შეიძლება ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი უფრო მეტად ეფექტიანი გახდეს. ვთქვათ, ეკონომიკის სამინისტროს მეტი შესაძლებლობები აქვს - სხვადასხვა ინფორმაციის მოპოვება შეიძლება უფრო ადვილად იყოს ხელმისაწვდომი და ამავდროულად, მათი პრობლემების მიტანა შესაბამის უწყებამდე უფრო ადვილად მოხდეს. ახლა ვის დაქვემდებარებაში იქნება, ეს შეიძლება იყოს ნაკლებად მნიშვნელოვანი, მთავარია, თავად ეს აპარატი იყოს ქმედითი,”- ამბობს ბიზნესმენი თამაზ დაუშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები