დამსაქმებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ელგუჯა მელაძე ბიზნესომბუდსმენის აპარატის მუშაობას დადებითაც აფასებს და აღნიშნავს, რომ ინსტიტუცია რეფორმირებას საჭიროებდა. ის იმედოვნებს, რომ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში ბიზნესომბუდსმენის გადაყვანის არგუმენტებს მოისმენს.
"ქართული ოცნების" მიერ გაცხადებული ცვლილებების შესახებ BMG-სთან საუბრისას, ელგუჯა მელაძე ამბობს, რომ ბიზნესომბუდსმენის მხრიდან შეხვედრები იმართებოდა და შესაბამისი გადაწყვეტილებებიც მიიღებოდა.
ბიზნესომბუდსმენის აპარატი უქმდება - 2015 წელს შექმნილი ინსტიტუტი, რომელიც კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის მედიატორის როლს ასრულებდა, 2026 წლის 1 იანვრიდან ოფიციალურად შეწყვეტს არსებობას.
დამსაქმებელთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, კერძო სექტორს აქვს კითხვები აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროში რა ფუნქციებით დაიტვირთება ბიზნესომბუდსმენი.
“ეს ინსტიტუცია ნამდვილად საჭიროებს რეფორმას ან რეორგანიზაციას, კარგად რომ ჩამოყალიბდეს ისეთ მექანიზმად, რომელიც ნამდვილად იქნება ეფექტიანი ბიზნესისთვის. სხვადასხვა შეხედულებები არსებობს ცხადია, თუმცა ფაქტია, რომ ამ ფორმატშიც ეს უწყება საკმაოდ დატვირთული იყო. ჩვენ, დამსაქმებელთა ასოციაციას, ყოველდღიური თუ არა, ძალიან ხშირი კომუნიკაცია გვქონდა გარკვეულ ქეისებთან დაკავშირებით, გარკვეულ სტრატეგიული საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებით და იგი სხვადასხვა სამინისტროებთან ერთად ორგანიზებას უკეთებდა შეხვედრებს.
რა თქმა უნდა, თუ მთავრობამ დაიწყო ასეთი რეფორმა, რომ ბიზნესომბუდსმენი უნდა იყოს ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში, ამას თავისი არგუმენტები ექნება, რომელსაც იმედია მოვისმენთ.
საინტერესოა, ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუცია ეკონომიკის სამინისტროში რა ფუნქციებით დაიტვირთება. სხვადასხვა გადაწყვეტილებები არსებობს სხვადასხვა ქვეყნებში. ერთმნიშვნელოვნად რომ ვთქვათ, რომ ეს ასე უნდა იყოს, არ არის. ამიტომ, ჩვენი ეკონომიკური განვითარებიდან და სტრატეგიული გეგმებიდან გამომდინარე, უნდა ვიცოდეთ, რომელი ფორმა ჯობია ამ სტრუქტურისთვის",- ამბობს დამსაქმებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ელგუჯა მელაძე.




























