მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის არსებობა განვითარებადი ეკონომიკების შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - ალავიძე

ნიკა ალავიძე

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე ბიზნესომბუდსმენის აპარატის გაუქმებას არ ამართლებს და ამბობს, რომ ამ ინსტიტუტის არსებობა განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მისი განმარტებით, ინვესტორებს სახელმწიფოსადმი ნდობა ავტომატურად არ აქვთ, ამიტომ ქვეყნის ეკონომიკაში ინვესტირებისას მათ შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ კონკრეტული ინსტიტუციის გავლით გადაჭრას გარკვეული საკითხები.

„ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განვითარებადი ეკონომიკების შემთხვევაში, სადაც ბიუროკრატიული პროცედურები ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის", - განაცხადა ნიკა ალავიძემ გადაცემა "საქმიან დილაში" სტუმრობისას.

მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდა, რომ 2026 წლის იანვრიდან მოქმედი ბიზნესომბუდსმენი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მრჩევლის პოზიციაზე გადაინაცვლებს, საიდანაც განახორციელებს უფლებამოსილებებს. ეს ნიშნავს, რომ 2015 წელს შექმნილი ინსტიტუტი, რომელიც კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის მედიატორის როლს ასრულებდა, 2026 წლიდან ოფიციალურად წყვეტს არსებობას.

"საქართველოში დღეს არ არის ისეთი პირობები, რომ ინვესტორს ჰქონდეს ავტომატური ნდობა სისტემისადმი და არც არსებობს ის მასშტაბური, საერთაშორისო რეპუტაცია, რომლის არსებობაც ინდივიდებს ეყრდნობა და არა ინსტიტუტებს. როდესაც უცხოელი ინვესტორი ქვეყანაში შემოდის, მას ორი არჩევანი რჩება: ან ძალიან მაღალი რეპუტაციის, ძვირად ღირებულ კონსულტანტებს მიმართოს და თითოეულ სამინისტროში დროისა და რესურსის კარგვაში ჩაერთოს, რაც საბოლოოდ შეიძლება აქ საქმიანობის გაგრძელების სურვილიც კი დააკარგვინოს. ან უნდა არსებობდეს ინსტიტუტი, სადაც შეძლებს მივიდეს და ინსტიტუციურად, ცივილიზებული წესებით მოაგვაროს ის ბიუროკრატიული დაბრკოლებები, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას აფერხებს. გამოცდილება აჩვენებდა, რომ ეს ინსტიტუტი სწორედ ასე მუშაობდა", - განაცხადა ალავიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები