- სახელმძღვანელო დამწყებთათვის, „მარტივი, მაგრამ არა იოლი“ ქმედებათა ჯაჭვი
- ეკონომიკური ზარალიდან ეროვნულ უსაფრთხოებამდე. რაზე მეტყველებს 2026 წლის სამი
ეროვნული გათიშვა
2026 წლის 24 ივლისს, 25 ივლისსა და 5 აგვისტოს, თორმეტ დღეში სამჯერ (!), და სამივეჯერ განსხვავებული მიზეზით, მაგრამ იგივე სავალალო შედეგით, საქართველოს ენერგოსისტემამ მთლიანად შეწყვიტა მუშაობა. სამივეჯერ ოფიციალური ახსნა სხვადასხვა და განსხვავებული ტექნიკური მიზეზი იყო, დეტალებისა და განმარტების გარეშე.
პირდაპირი ეკონომიკური ზარალი პრობლემის მასშტაბთან შედარებით, ერთი შეხედვით მცირეა დაახლოებით 32 მილიონი ლარი, 2025 წლის მშპ-ის სულ რაღაც 0.03% (შეფასება ეფუძნება საჯაროდ ხელმისაწვდომ, ოფიციალურ მონაცემებს). მაგრამ ეს რიცხვი დამოუკიდებლად და მარტო არაფრის მთქმელია.
საინტერესო ამბები იწყება მაშინ, როდესაც მოვლენათა ერთიან ჯაჭვს შევხედავთ დიდი სურათის პრინციპით, იმ რეალობის ფონზე, სადაც საქართველოს ყველა მოქალაქეს ერთნაირად მოეთხოვება რეგულირებულ ტარიფებში „აუცილებელი ინვესტიციის“ თანადაფინანსებაში მონაწილეობა.
გაზრდილი ტარიფიდან მიღებული შემოსავალი ერთიან ბიუჯეტამდე მიემართება, სახელმწიფო ბიუჯეტში კი კაპიტალური ინვესტიციები, დოკუმენტურად, იკლებს (იხ. სახელმწიფო აუდიტის დასკვნა 2025 წლის ბიუჯეტის შესახებ).
ქვეყნის უმსხვილეს ჰიდროელექტროსადგურს, საკუთარი მარეგულირებლის თანახმად, რასოდეს ჰქონდა სარეზერვო დუბლირების სისტემა და დღემდე არ არსებობს საჯარო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ასეთზე ვინმე თუნდაც „ფორმალურად“ მუშაობს. ელექტროიმპორტისა და გამანაწილებელი ქსელის საკუთრების ჯაჭვში კი წლებია ფიგურირებს რუსულ სახელმწიფო კაპიტალთან (ანუ პირდაპირ კრემლთან) დაკავშირებული და დღეს უკვე ნაწილობრივ სანქცირებული სქემა. საბოლოოდ, ლოგიკურად მოსალოდნელი შედეგი გარანტირებულია: გათიშვის დღეებში მოწყვლადია არა მხოლოდ ეკონომიკა, არამედ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და, ფართო გაგებით, სახელმწიფოებრიობაც.
ამ ანალიზით ვცდილობთ გავაერთიანოთ ერთი დიდი, უარყოფითი მოვლენის ოთხი სხვადასხვა განზომილება: რა მოხდა, რა დაგვიჯდა, რატომ არის ეს უსაფრთხოების საკითხი მატერიალურ ზარალზე გაცილებით მეტი, და ვინ იხდის ამის რეალურ საფასურს და რა ვადაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) პირველი ორი გათიშვის შემდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყო დივერსიის მუხლით, შესაძლებლობის დონეზე, კონკრეტული ბრალდების გარეშე. დასკვნა ჯერ საჯარო არ არის.
5 აგვისტოს შემთხვევის ყველაზე ცხადი დეტალი კი თავად მარეგულირებელი კომისიის ერთრთმა წევრმა გააჟღერა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებით:
„დღეს სახელმწიფო ელექტროსისტემა „ენგურჰესის“ აგრეგატებზე აწარმოებდა დაგეგმილ ტესტირებას, რომლის მიზანი იყო 24 და 25 ივლისს მომხდარი ავარიების გათვალისწინებით, სისტემაში არსებული სუსტი წერტილების გამოვლენა და შეფასება. ტესტირების ფარგლებში, სხვა ღონისძიებებთან ერთად, გათვალისწინებული იყო საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობა. აღნიშნული რეჟიმი დაკავშირებული იყო მნიშვნელოვან ტექნიკურ რისკებთან, მათ შორის ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვის შესაძლებლობასთან.“
(წყარო: radiomaestro.ge)
სხვა სიტყვებით: მარეგულირებელმა წინასწარ იცოდა და საჯაროდაც დაადასტურა, რომ ამ კონკრეტულ “ტესტს” ახლდა სრული ეროვნული გათიშვის რისკი და ის მაინც, ზუსტად ასე განხორციელდა, ამ რისკის რეალიზებით. ანუ, ეს პრაქტიკულად “წინასწარ გამოცხადებული და სრულყოფილად განხორციელებული წარმატებული ჩავარდნის ექსპერიმენტია“.
რა დაგვიჯდა “ბლექაუთი”: მსუბუქი ეკონომიკური ანგარიში
საერთაშორისო მეთოდოლოგია ასეთი მოვლენების შესაფასებლად იყენებს ორ მარტივ საზომს: მიუწოდებელი ენერგია (Energy Not Served - ENS) და მისი ეკონომიკური ღირებულება მომხმარებლისთვის (Value of Lost Load - VoLL, ACER-ის სტანდარტული მიდგომა). ENS ზომავს, რამდენი ენერგია არ მიეწოდა სისტემას; VoLL კი რა დაუჯდა ეს ეკონომიკასა და საზოგადოებას, დაკარგული წარმოების, დროის, მომსახურებისა და გაფუჭებული საქონლის ჩათვლით. მონაცემების დათვლის ბაზისად გამოყენებულია ESCO-ს საბალანსო ფასები და 2019 წლის ქართული VoLL-კვლევა, გადაანგარიშებული მშპ-დეფლატორით 2026 წლის დონემდე.

ეს არ არის ერთი ბლოკად „აწონილი“ შეფასება, თითოეული შემთხვევა ცალკე რეკონსტრუირდა ცნობილი ტექნიკური გარემოებებით:

ობიექტურობისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ორი მაჩვენებელი: 0.9 მლნ ლარი და 31.9 მლნ ლარი ერთმანეთს არ ემატება: VoLL უკვე მოიცავს მიუწოდებელი ენერგიის ეკონომიკურ შედეგს მთლიანობაში.
ამ მეთოდოლოგიასა და საჯაროდ ხელმისაწვდომ მონაცემებზე დაყრდნობით, საზოგადოებრივ-ეკონომიკური ზარალის მხოლოდ პირდაპირი, მატერიალური ნაწილის საუკეთესო მიმდინარე შეფასებაა დაახლოებით 32 მლნ ლარის ფარგლებშია, დასაბუთებული დიაპაზონით 18 - 54 მლნ ლარი (საჯარო მონაცემებზე დაყრდნობით, საერთაშორისო მეთოდოლოგიის ფორმულით გამოთვლისას).
იგივე შეგვიძლია გადავამოწმოთ მშპ-ის მონაცემებზე დაყრდნობითაც. 2025 წლის მშპ-ის კალენდარული საათის ღირებულებით (დაახლოებით 11.9 მლნ ₾/სთ, 2025 წლის 104.6-მლრდ-იანი წლიური მშპ-ის კალენდარულ საათებზე გადაანგარიშებით) მიღებული შედეგი ახლოსაა ENS-იდან გამომდინარე დანაკარგთან.
მესამე შემთხვევის ოფიციალური, წუთობრივი მონაცემები ჯერ საჯარო არ არის, საბოლოო რიცხვი ამ დიაპაზონში რომ შევინარჩუნოთ ლოგიკურია, ვიდრე ეს დეტალი არ გამოქვეყნდება.
რატომ არის ეს უსაფრთხოების საკითხი
ეკონომიკური შეფასება გვაძლევს პასუხს კითხვაზე: რა დაგვიჯდა? თუმცა გაცილებით მნიშვნელოვანია კითხვა: რაზე მეტყველებს ეს 12 დღეში მომხდარი სამი, მასშტაბით მსგავსი, ეროვნული კატასტროფა, თითოეული განსხვავებული მიზეზით გამოწვეული.
კიბერუსაფრთხოება და საგარეო საფრთხე
2015–2016 წლებში რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან (GRU) დაკავშირებულმა ჰაკერებმა დისტანციურად გამორთეს უკრაინის სამი განაწილების კომპანიის ამომრთველები (BlackEnergy3), მოგვიანებით კი სცადეს გენერაციის ხანგრძლივი დაზიანება (Industroyer). ეს არის პირველი დადასტურებული შემთხვევა, როცა კიბერშეტევამ ფიზიკურად ჩამოშალა ეროვნული ელექტროსისტემა.
2022 წლიდან იგივე ლოგიკა კინეტიკურ ფორმაშიც გადავიდა. რუსეთის სარაკეტო-სადრონო
კამპანიამ დააზიანა და თითქმის ნახევარჯერ შეამცირა უკრაინის გენერაციის სიმძლავრე, რამაც
გამოიწვია საგანგებო მდგომარეობა მოლდოვის ენერგეტიკაშიც.
საქართველოში საკუთარი გამოცდილება გვაქვს: 2019 წლის ოქტომბერში მასშტაბურმა კიბერშეტევამ დააზიანა ათასობით სამთავრობო ვებგვერდი და ორი ტელეარხის მაუწყებლობა; 2020 წელს აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა ეს ერთმნიშვნელოვნად დაუკავშირეს GRU-ს დანაყოფს Sandworm/Unit 74455, რომელსაც ბრალად ედება უკრაინის ქსელზე თავდასხმაც. არცერთი ოფიციალური წყარო ჯერ არ ადასტურებს კიბერჩარევას 2026 წლის სამივე გათიშვის მიზეზად, მაგრამ სუსმა საკუთარი გადაწყვეტილებით გახსნა დივერსიის საქმე, რაც აჩვენებს, რომ ეს არ არის დღის წესრიგიდან მოხსნილი სცენარი.
ენერგოდამოკიდებულება და გეოპოლიტიკა
საქართველოს ელექტროსისტემა სინქრონულადაა დაკავშირებული რუსეთისა და აზერბაიჯანის ქსელებთან; სიხშირის სტაბილურობა ისტორიულად რუსულ სისტემაზეა მიბმული. 25 ივლისის გათიშვა ამის პირდაპირი ილუსტრაციაა. აზერბაიჯანთან შემაერთებელი ხაზის დაკარგვამ სულ რაღაც წუთებში ჩამოშალა მთელი ეროვნული სისტემა, რაც ცხადყოფს, რომ საკმარისი „კუნძულური“ დაცვა (islanding) ქვეყანაში არ არსებობს. სამწუხაროდ, იგივე ტენდენციაა გაზის იმპორტის სტრუქტურაშიც, 2025 წელს აზერბაიჯანული გაზის შესყიდვა შემცირდა, რუსული კი 23%-ით გაიზარდა.
ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ანალოგიური რისკისგან თავის დასაღწევად 18-წლიანი, შეუპოვარი
შრომა და ევროკავშირის მასშტაბური მხარდაჭერა დახარჯეს, ვიდრე 2025 წლის თებერვალში
ბლექაუთის გარეშე დატოვეს რუსულ-ბელარუსული BRELL ქსელი.
საქართველოს დივერსიფიკაცია (მაგ. აზერბაიჯანთან ხელშეკრულება) ჯერჯერობით მხოლოდ მომწოდებელს ცვლის, მაგრამ არა სინქრონულ სივრცეს, ანუ შესაკრებთა გადანაცვლებით, ჯამი უცვლელია, რადგან აზერბაიჯანიც იმავე რუსულ IPS/UPS სისტემაშია დღემდე ჩართული. ცალკე რისკია ენგურჰესი, საქართველოს უმსხვილესი ჰიდროენერგეტიკული აქტივი. მისი კაშხალი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა, ხოლო თავად სადგური რუსეთის მიერ ოკუპირებულ და კონტროლირებულ აფხაზეთში; ნებისმიერი ტექნიკური სამუშაო აქ მოითხოვს კოორდინაციას გამყოფი ხაზის ორივე მხარეს შორის.
ფაქტი, რომელსაც ღირს ყურადღება მიექცეს (კავშირი დღემდე დაუდასტურებელია): ევროკავშირმა რუსული სახელმწიფო კომპანია Inter RAO რომელიც ნიდერლანდური შუამავლების მეშვეობით ფლობს თბილისის გამანაწილებელი კომპანია „თელასის“ 75.47%-ს და ხრამის ჰესებს, სანქციების 21-ე პაკეტში შეიყვანა 2026 წლის 23 ივლისს. პირველი ეროვნული გათიშვა მოხდა ამის მეორე დღეს, 24 ივლისს. ეს დროითი დამთხვევა ღირს დაფიქსირებას, თუმცა არანაირი მტკიცება რომ მიზეზობრივი კავშირია არაა.
კრიტიკული ინფრასტრუქტურის მედეგობა. საერთაშორისო გამოცდილება
ჩრდილო-აღმოსავლეთის ბლექაუთი, აშშ-კანადა, 2003 50 მილიონზე მეტი დენის გარეშე დარჩენილი ადამიანი, რაც არა ერთმა კატასტროფულმა მოვლენამ, არამედ მოწყვლადობათა ჯაჭვმა გამოიწვია: მოძველებული, არასავალდებულო ბიუროკრატიით გაჯერებული საიმედოობის სტანდარტები, ცუდი კოორდინაცია და ოპერატორთა არასაკმარისი მომზადება (ე.წ. „სამი T“: Trees, Training, Tools). სისტემური პასუხი არ იყო ტექნიკური რემონტი: 2005 წლის საკანონმდებლო რეფორმამ NERC-ის ნებაყოფლობითი სტანდარტები აქცია სავალდებულო და აღსრულებადად (100+ სტანდარტი), დაინერგა უწყვეტი სარეზერვო კომუნიკაცია და რეალურ დროში მონიტორინგი.
პაკისტანის ეროვნული ბლექაუთი, 2021. ერთ სადგურზე (გუდუ) ინჟინერული ხარვეზის შედეგად მთელი ეროვნული ქსელი კასკადურად ჩავარდა, რაც პირდაპირ აჩვენებს, რომ ლოკალურ ხარვეზს არ უნდა შეეძლოს მთელი ქვეყნის დატოვება ენერგიის გარეშე, თუ სისტემას აქვს ადეკვატური დაცვა. მარეგულირებელმა (NEPRA) გამოძიების შემდეგ ჯარიმა დააკისრა გადამცემი კომპანიის (NTDC) სტანდარტული, არასისხლისსამართლებრივი, რეგულატორული ანგარიშვალდებულების მექანიზმი.
ჩვენს შემთხვევაში, ყველაზე “მჭევრმეტყველი” აღიარება თავად მარეგულირებლისგან მოვიდა. სემეკის თავმჯდომარემ 25 ივლისის გათიშვის შემდეგ განაცხადა, რომ ენგურჰესის დაცვის სისტემებში იყო ხარვეზები და დაამატა:
„ენგურჰესისნაირი მეორე სადგური რომ გვქონოდა, ენგურჰესზე არსებული შესაძლო ხარვეზის შემთხვევაში, მეორე დაგვიცავდა ამ ყველაფრისგან, მაგრამ სამწუხაროა, რომ არ გვაქვს.“
(ცნობილი ფილმისა არ იყოს: „კანფეტი გინდა? ...არაა.“)
ეს არ არის შემთხვევითი გამონათქვამი, ეს არის მარეგულირებლის საკუთარი აღიარება, რომ ქვეყნის უმსხვილესი რეგულირებული გენერაციის აქტივი წლების განმავლობაში მუშაობდა სარეზერვო დუბლირების გარეშე. რაც ყველამ იცოდა, თუმცა თავს არავინ იწუხებდა ალტერნატიული დაცვის მექანიზმის შექმნაზე და სამწუხაროდ არც ახლა აპირებენ.
სამხედრო მზადყოფნა და თავდაცვისუნარიანობა
ენერგეტიკული უსაფრთხოება პირდაპირ და მჭიდროდაა დაკავშირებული სამხედრო უსაფრთხოებასთან და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასთან. შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნა კრიტიკულადაა დამოკიდებული მდგრად და უწყვეტ ენერგომომარაგებაზე, ეს აუცილებელი პირობაა ფიზიკურ, კიბერ და ჰიბრიდულ საფრთხეებზე დროული და ადეკვატური რეაგირებისთვის.
თავდაცვის მდგრადობის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია დაზვერვისა და თვალთვალის სისტემების შეუფერხებელი ოპერირება, რისთვისაც საჭიროა ენერგიის წყაროების დუბლირება. მიუხედავად ამისა, სარეზერვო გენერატორების ამოქმედებას სჭირდება დრო და სწორედ ეს წამები წყვეტს ოპერატიულობის ეფექტიანობას. წარმოიდგინეთ, თუნდაც რამდენიმე წუთით „დაბრმავებული“ საჰაერო თავდაცვის ან სასაზღვრო ზოლში განლაგებული დაზვერვისა და შეტყობინებების ქსელი, რესურსი, რომელიც ისედაც შეზღუდულია.
მრავალჯერადად რთულდება სამხედრო დანაყოფების საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანაც ელექტროენერგიის გამორთვის პირობებში: იზრდება განგაშით შეკრების, იარაღის გაცემის, ტექნიკის გამოყვანისა და ოპერატიული დანიშნულების რაიონში გასვლის დრო. თანამედროვე შეიარაღების სისტემების პირობებში სწორედ ეს დაკარგული წუთები შეიძლება გახდეს გადამწყვეტი, უარყოფითი შედეგის მიზეზი.
ცალკე რისკია დივერსიული, ტერორისტული და სხვა ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ რეაგირების შესაძლებლობის შესუსტება. სწორედ ასეთი გათიშვების პირობებში შეიძლება მტრულმა ძალებმა აარიდონ კონტაქტი უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალებთან და კინეტიკური ზემოქმედება პირდაპირ სამოქალაქო მიზნებზე განახორციელონ. პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური შედეგის მისაღწევად. ბუნებრივად იბადება კითხვა: როდის ჩატარდა ბოლოს თავდაცვისა და ძალოვან სტრუქტურებში ელექტროენერგიის სრული გათიშვის იმიტირებით განგაშისა და საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის სავარჯიშო?
საქართველოსთვის ეს საფრთხე აღარ არის ვირტუალური. ქვეყნის ტერიტორიაზე, მისი მნიშვნელოვანი ცენტრებიდან მცირე ოპერატიულ მანძილზე, არსებობს სეპარატისტული პლაცდარმები, რომელთა უკან მდგომ ძალებს გააჩნიათ ტერიტორიის შემდგომი მითვისების ამბიციები. ასეთ გარემოში დროული რეაგირების ფაქტორს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი დაგვიანებული რეაგირება მძიმე სტრატეგიული შედეგის მატარებელი შეიძლება გახდეს.
ინსტიტუციური ანგარიშვალდებულება
სუს-ის სისხლის სამართლის გამოძიება პირველი ორი გათიშვის შემდეგ, ნაწილობრივ ემთხვევა ოპოზიციის მიერ ერთდროულად დასახელებულ დივერსიას, არაკომპეტენტურობასა და კორუფციასთან ერთად, როგორც შესაძლო მიზეზებს. ტექნიკური გაურკვევლობისა და წინასწარ დაბალი ინსტიტუციური ნდობის ეს კომბინაცია თავისთავად უსაფრთხოების ფაქტორია.
დროული, დამოუკიდებელი და საჯარო ტექნიკური ახსნის არარსებობა დიდ სივრცეს ტოვებს სპეკულაციისა და შეთქმულების თეორიებისთვის, აძლიერებს დეზინფორმაციის მოწყვლადობას და, პრაქტიკულად, ცეცხლზე ნავთს ასხამს უკვე დაძაბულ პოლიტიკურ და პოლარიზებულ გარემოში, რაც საზოგადოებრივ გათიშულობასა და პოლარიზაციას კიდევ უფრო ამძაფრებს, და თავისთავად ქვეყნის სტრატეგიულ უსაფრთხოებას ემუქრება. ეს დიდი პრობლემაა სრულიად საქართველოსთვის, ყველა მოქალაქისათვის განურჩევლად მათი რელიგიური მრწამსისა და პოლიტიკური ორიენტაციისა.
სისხლის სამართლის გამოძიება თავისი ბუნებით არასაჯარო და ხანგრძლივი პროცესია და ვერ ჩაანაცვლებს დამოუკიდებელ ტექნიკურ ანგარიშს. ორივე პარალელურად საჭირო მექანიზმია და ერთმანეთის შემცვლელი.
საერთაშორისო სტანდარტი (NERC, აშშ-კანადა 2003; NEPRA, პაკისტანი 2021) ითვალისწინებს, რომ სისხლის/დისციპლინური გამოძიების პარალელურად, გარკვეულ ვადაში ქვეყანას ჰქონდეს საჯარო, დეტალური ტექნიკური „post-mortem“ ანგარიში, მინიმუმ წუთობრივი აღდგენის მრუდი, მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვი და გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმა, ვადებით. ჩვენს შემთხვევაში ასეთი დოკუმენტი სამივე გათიშვისთვის ჯერ არ არსებობს და მისი მომზადებაზეც ჯერჯერობით არავინ საუბრობს.
ფულის კვალი: ვინ იხდის და რისთვის?
ეკონომიკური და უსაფრთხოების რისკები არ ყალიბდება ვაკუუმში — ისინი ყალიბდება კონკრეტულ ფინანსურ და ინსტიტუციურ გარემოში. ოთხი დოკუმენტირებული ფაქტი აჩვენებს, რომ ეს გარემო თავად არის რისკის წყარო.
ტარიფის ზრდა „ინვესტიციის“ სახელით: 2026 წლის აპრილიდან ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდა. მოსახლეობას +5, ბიზნესს საშუალოდ +4-6 თეთრით. მარეგულირებლის ოფიციალური განმარტებით, მთავარი მიზეზი „უპრეცედენტო“, 1.5+ მილიარდ ლარამდე საინვესტიციო პროგრამაა გამანაწილებელ ქსელში, რომელსაც სამი კომპანია (ენერგო-პრო ჯორჯია, თელასი, ეპ ჯორჯია) მომდევნო წლებში განახორციელებს. აქვე აუცილებელია აღინიშნოს: „თელასის“ 75.47% წილი, რაც რუსული სახელმწიფო Inter RAO-ს ეკუთვნის, იმ კომპანიის, რომელიც ევროკავშირმა 2026 წლის ივლისში სანქციების სიაში შეიყვანა.
საპირისპირო სურათი სახელმწიფო ბიუჯეტში: პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ანალიზით, არაფინანსური აქტივების, ანუ კაპიტალური ინვესტიციების, ზრდის კომპონენტი 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმაში წინა წელთან შედარებით 380.6 მილიონი ლარით (9.1%-ით) შემცირდა. ეს ფორმალურად სხვა, არაკომუნალური ბიუჯეტია, მაგრამ ის იმავე სურათს აყალიბებს ორი სხვადასხვა კუთხით: მაღალი საინვესტიციო რიტორიკა, ფაქტობრივიად დაბალი ალბათობის შესრულებით, ტრადიციულად სუსტი მიდგომით და დამოწმებული შედეგით.
დოკუმენტირებული ინტერესთა კონფლიქტი იმპორტის ჯაჭვში: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის მიხედვით, ელექტროენერგიის სახელმწიფო ოპერატორის (ESCO) ყოფილი გენერალური დირექტორი გახდა „Inter RAO Georgia“-ს ხელმძღვანელი კომპანიისა, რომლის 50.01%-საც ფლობს ნიდერლანდებში რეგისტრირებული შვილობილი კომპანია რუსული სახელმწიფო Inter RAO. საიმპორტო ხელშეკრულებები დახურულია და არ არის საჯარო, რაც „მბრუნავი კარისა“ და ხელოვნურად გაბერილი შესყიდვის ფასის რისკს აძლიერებს.
სინთეზი: ეს სამი ფაქტი ერთად - ტარიფის ზრდა „აუცილებელი ინვესტიციის“ სახელით, სახელმწიფო დონეზე ფაქტობრივად კლებადი საინვესტიციო ხარჯვა და დოკუმენტირებული გაუმჭვირვალე შუამავლობა რუსულ, უკვე ნაწილობრივ სანქცირებულ კაპიტალთან კავშირით ქმნის ჯაჭვს, რომელშიც 32-მილიონიანი პირდაპირი ზარალი მხოლოდ მცირე ხილული ნაწილია (აისბერგის ყუნწი) თუმცა რეალურად წყალქვეშ იმალება გაცილებით დიდი, სისტემური ფასის, რომელსაც მომხმარებელი უხდის სისტემას „ინვესტიციის“ საფარით. ამ ფონზე შეუფასებელად რჩება ის „პირადი ტრაგედიები“, რომლებიც არცერთ სტატისტიკაში არ ჩანს, 112-ში გაზრდილი მიმართვები, უშუქობით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევები და უბედური შემთხვევები, ლიფტში გაჭედილი ადამიანების “პირადი” პრობლემები, მეტროს გვირაბებში ფეხით გავლა, პანიკური შეტევითა და სტრესით გამოწვეული ჯანმრთელობის გრძელვადიანი დაზიანებაები და ა.შ... ასეთი ადამიანური ტრაგედიები არც მშპ-ში აისახება და არც ეკონომიკური ზრდის სტატისტიკაში.
რას ვსწავლობთ ჩვენი საკუთარი შემთხვევებიდან
სამივე საერთაშორისო პრეცედენტის საერთო დასკვნა ერთია: განმეორებადი, კასკადური ეროვნული კოლაფსი თითქმის ყოველთვის მიუთითებს არა ერთჯერად, იზოლირებულ ხარვეზზე, არამედ სისტემურ ნაკლზე. თავდაცვის ორგანიზებაში, ოპერატორთა კომპეტენციასა და მომზადებაში, რეალურ დროში მონიტორინგსა და უწყებებს შორის კოორდინაციის ხარვეზებზე. რაც სისტემური და კომპეტენტური მიდგომებით გამოსწორდა და სტანდარტიზდა. საქართველოს შემთხვევაში სამი დამოუკიდებელი ტექნიკური მიზეზით (სიხშირის ვარდნა, გარე ხაზის დაკარგვა, “გეგმიური” ტესტი) გამოწვეული ეროვნული კოლაფსი, რაც სულ რაღაც 12 დღეში განხორციელდა, აჩვენა, რომ ამჟამინდელი თავდაცვის ხაზები არასაკმარისია, ერთი ლოკალური მოვლენა ეროვნულ კრიზისად მარტივად იქცევა ტრიგერის ზომისა და ფორმის მიუხედავად.
ეკონომიკური და უსაფრთხოების რისკების გზაჯვარედინი
ეკონომიკური ანალიზი გვიჩვენებს, რომ პირდაპირი ფინანსური ზარალი (დაახლოებით 32 მლნ ₾, მშპ-ის მხოლოდ 0.03%) მასშტაბურად შედარებით მცირეა. თუმცა უსაფრთხოების ჭრილში, მოვლენის რეალური მნიშვნელობა არა თანხაში, არამედ არის იმაში, თუ რას გვიჩვენებს ის:
(1) სისტემის თავდაცვის ხაზების არასაკმარისობა.
(2) სტრუქტურული დამოკიდებულება გარე, პოტენციურად არასტაბილურ სინქრონულ სივრცეზე.
(3) დადასტურებული საგარეო კიბერშესაძლებლობა რეგიონში, თუნდაც ამ კონკრეტულ სამივე შემთხვევაში ჯერ დაუდასტურებელი.
(4) ინსტიტუციური ნდობის დეფიციტი, რაც ნებისმიერი მასშტაბის ტექნიკურ ინციდენტს პოლიტიკურ კრიზისად აქცევს.
სწორედ ეს ოთხეულია სისტემური პრობლემის ინდიკატორი და უშველებელი პრობლემა, და არა კონკრეტული, თუნდაც მრავალმილიონიანი ციფრი რასაც საერთაშორისო უსაფრთხოების ანალიტიკოსები და საიმედოობის მარეგულირებლები აფასებენ ასეთი მოვლენების შემდეგ. არა ერთჯერადი ზარალი, არამედ სახელმწიფოს სტრატეგიული მოწყვლადობა და რეალური მედეგობის პერსპექტივა.
სინთეზი და რა უნდა მოხდეს?
ჩვენი ანალიზის სამივე ჭრილი ერთსა და იმავე დასკვნამდე მიდის სხვადასხვა გზით. ეკონომიკურად, 32 მილიონი ლარი მცირეა, მაგრამ თავად განმეორებადობა მიუთითებს იმაზე, რაც უკვე „ტრადიციას“ დაემსგავსა ამ სიტყვის არაპოზიტიური გაგებით. უსაფრთხოების კუთხით, ეს რისკი კიბერსივრციდან სამხედრო მზადყოფნამდე აღწევს. მმართველობის კუთხით კი, იგივე რისკი დაფინანსების ლოგიკაშივეა ჩაშენებული, მოქალაქე იხდის ინვესტიციისთვის, რომლის შესრულების დადასტურება შესაძლებელი არ არის.
არ არსებობს:
დამოუკიდებელი, ვადიანი, საჯარო ტექნიკური ანგარიში სამივე შემთხვევაზე NERC-ისა და NEPRA-ს მოდელით.
ქსელის „კუნძულური“ დაცვისა (islanding) და N-1/N-2 განგრძობადობის დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნა.
ენგურჰესის რისკის ცალკე (დამოუკიდებელი) მართვის გეგმა. სარეზერვო სიმძლავრეების მართვის და კომუნიკაციის (ეფექტური) პროტოკოლები.
კომუნალური კომპანიების საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების საჯარო მონიტორინგი და გამჭვირვალე, გადამოწმებადი წლიური მონიტორინგის ანგარიშები; დაპირებული რეალურად დახარჯულთან ანალიზი.
საიმპორტო შუამავალი კონტრაქტების გამჭვირვალობა და საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრის საჯარო რეესტრი.
ევროკავშირის Inter RAO-სანქციების საქართველოს ენერგოსექტორზე გავლენის საჯარო, პროფესიონალური და სახელმწიფოებრივი მოწყვლადობის დამოუკიდებელი შეფასება.
სანამ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგმება, მომდევნო გათიშვა იქნება არა გაუთვალისწინებელი შემთხვევა, არამედ ბოლო დეკადაში ჩამოყალიბებული “ტრადიციის” ნაწილი. (რაზეც შესაძლებელია იუნსესკოს მივმართოთ არამეტერიალური ძეგლის სტატუსის მონიჭების თხოვნით).
წყაროები: Civil Georgia, OC Media, Georgia Today, DFWatch, bfm.ge, radiomaestro.ge, IEA, ESCO, GSE, TSU DSpace, Geostat, ACER, CRS/Congress.gov, ECFR, OSW, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი 2026 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით.




























