მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბოტაჟის ვერსია გამორიცხული არ არის, თუმცა, სისტემას დაცვის მექანიზმები აკლია - არჩილ მამათელაშვილი დენის გათიშვებზე

გადამცემი ხაზები

საბოტაჟის ვერსია გამორიცხული არ არის, თუმცა სისტემას დაცვის მექანიზმები აკლია - ამის შესახებ ენერგეტიკოსი არჩილ მამათელაშვილი BMG-სთან საქართველოში ბოლო დღეებში მომხდარ მასშტაბურ ელექტროავარიებთან დაკავშირებით აცხადებს.

მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი მიზეზი საზოგადოებისთვის ჯერჯერობით უცნობია, სახელმწიფო უწყებებს მომხდარის შესახებ დეტალური ინფორმაცია აუცილებლად ექნებათ.

როგორც არჩილ მამათელაშვილი აღნიშნავს, ტექნიკური თვალსაზრისით, სადისპეტჩეროს მართვის თანამედროვე სისტემა (SCADA) საშუალებას იძლევა, პრობლემის სათავე დაუყოვნებლივ დაინახონ. ენერგეტიკოსი მომხდარის რამდენიმე შესაძლო ვერსიას განიხილავს, მათ შორის მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის გათიშვასა და ტვირთის არასწორ გადანაწილებას.

„მიზეზი შეიძლება იყოს რამდენიმე. დავუშვათ, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის გათიშვაც, როგორც ეს ახსენეს - მაგრამ საქართველოს აქვს ამის „ბექაფი“, ამისთვისაც გაკეთდა, მაგალითად, წყალტუბო-ახალციხის ხაზი. ანუ არის ხაზები, რომლებიც შემოვლითია. მაგრამ მე ვფიქრობ, რადგან ზაფხულია, სისტემა მთლიანად ჰიდროგენერაციაზე იყო გადართული. ჰიდრორესურსი ძირითადად დასავლეთშია, მოხმარება კი - აღმოსავლეთში. სავარაუდოდ, ავარიის შემთხვევაში, სისტემამ ტვირთის გადანაწილება ვეღარ მოახერხა. როდესაც სიხშირე 50 ჰერციდან დაბლა ეცემა, სისტემა თავის დაზღვევის მიზნით ავტომატურად ითიშება, რომ დანადგარები არ დაზიანდეს“, - განმარტავს მამათელაშვილი BMG-სთან.

კითხვაზე, რამდენად არის შესაძლებელი მომხდარი საბოტაჟს უკავშირდებოდეს, ენერგეტიკოსი პასუხობს, რომ საქართველოს ენერგოსისტემის რუსეთთან პარალელურ რეჟიმში მუშაობის გათვალისწინებით, ეს ვერსია განხილვადია.

„არ არის გამორიცხული საბოტაჟი. ჩვენ რუსეთთან სინქრონიზებულ რეჟიმში ვმუშაობთ. საბოტაჟის რისკი არსებობს, რადგან რუსეთს სხვა ქვეყნებშიც გაუკეთებია მსგავსი ტიპის ქმედებები. თუმცა, პრობლემა ისაა, რომ ჩვენს სისტემას არ აღმოაჩნდა ისეთი დაცვის მექანიზმი, რომელიც ამაზე რეაგირებას მოასწრებდა. ფაქტია, რომ ავარია ორჯერ ზედიზედ მოხდა, რაც კითხვებს აჩენს“, - აცხადებს მამათელაშვილი.

მისივე თქმით, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება კრიტიკულად არის დამოკიდებული სააკუმულაციო სისტემებისა და გაზსაცავის არსებობაზე, რაც საქართველოში ამ დრომდე, არ გაკეთებულა.

„საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება სააკუმულაციო სისტემები - იქნება ეს ბატარეები თუ დიდი ელექტროსადგურები. ჩვენ არც გაზსაცავი გვაქვს და არანაირი დაცვის მექანიზმები გარე შოკებისგან ჯერჯერობით ქვეყანას არ გააჩნია. ამაზე ლაპარაკი მიდის ძალიან დიდი ხანია და, სამწუხაროდ, შედეგი ჯერჯერობით ლაპარაკს ვერ გასცდა“, - განმარტავს მამათელაშვილი.

24 და 25 ივლისს საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგია გაითიშა. მიზეზი ამ დრომდე უცნობია. საქართველოს ელექტროსისტემაში აცხადებენ, რომ ავარიის მიზეზებს სწავლობენ როგორც პირველ, ასევე მეორე შემთხვევაში, თუმცა ოფიციალური პასუხი მათგან ჯერ არ გავრცელებულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები