საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში 2026 წლის 25 ივლისს მომხდარი სასისტემო ავარიის შემსწავლელი ჯგუფის ანგარიშს ისმენენ.
მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელმა, სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორმა, თორნიკე აფრიაშვილმა კომისიას პირველადი მიგნებები წარუდგინა. როგორც სემეკში განმარტეს, წარმოდგენილი ინფორმაცია მხოლოდ პირველად მონაცემებს ეყრდნობა და საბოლოო დასკვნის გაკეთება დოკუმენტაციის სრულად დამუშავების შემდეგ გახდება შესაძლებელი.
"მოკვლევის ჯგუფის პირველადი შეფასებით, 25 ივლისს, 17:55:15 საათზე, საქართველოს ენერგოსისტემა, რომელიც აზერბაიჯანთან 330 კვ ძაბვის ხაზით პარალელურ რეჟიმში მუშაობდა, ავარიულად გამოეყო მეზობელი ქვეყნის სისტემას.
იზოლირებულ რეჟიმში დარჩენილ ქსელში სიხშირისა და ძაბვის მკვეთრი რყევები დაიწყო, რასაც ელექტროსადგურებისა და მომხმარებლების კასკადური გამორთვა და ქვეყნის ენერგოსისტემის სრული ჩაქრობა მოჰყვა. ავარიული ჯაჭვის მთავარი განმაპირობებელი მიზეზი 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის - „იმერეთის“ გამორთვა გახდა. რეალური დაცვის დაგვიანებული რეაგირება მოკვლევის შედეგად იკვეთება, რომ „იმერეთზე“ ავარიული პროცესი 797 მილიწამს გაგრძელდა.
მიუხედავად იმისა, რომ ხაზი აღჭურვილია სწრაფმოქმედი დიფერენციალური დაცვით (რომელმაც დაზიანებული მონაკვეთი თითქმის მყისიერად უნდა გათიშოს), დაცვის სისტემამ არასწორად და დაგვიანებით იმუშავა: „ზესტაფონი 500“-ის ქვესადგურის მხრიდან ხაზი 104 მილიწამში გამოირთო. „ენგურჰესის“ ქვესადგურის მხრიდან კი გამორთვას 797 მილიწამი დასჭირდა.
თორნიკე აფრიაშვილის განცხადებით, სწორედ „იმერეთის“ ხაზზე ავარიის ხანგრძლივობამ (797 მწ) გადააჭარბა აზერბაიჯანის დამაკავშირებელი ავტომატიკის ამუშავების ზღვარს (400 მწ), რამაც აზერბაიჯანის სისტემიდან გამოყოფა გამოიწვია.
„იმ შემთხვევაში, თუ ელექტროგადამცემ ხაზ „იმერეთზე“ დიფერენციალურ დაცვას სწორად და დადგენილ პარამეტრებში ემუშავა, აზერბაიჯანის სისტემიდან გამოყოფის ასეთი მაღალი ალბათობა არ იარსებებდა“, - აღნიშნა აფრიაშვილმა.
როგორც სემეკში განმარტავენ, მაღალი ძაბვის ხაზი “იმერეთი“ „საქრუსენერგოს“ საკუთრებაა. კომპანიის მიერ სემეკისთვის მიწოდებული ინფორმაციით, 25 ივლისს ხაზზე სარელეო დაცვამ იმუშავა (გამოირთო „ა“ ფაზა), თუმცა ადგილზე ჩატარებული შემოვლითი დათვალიერებისას ფიზიკური დაზიანების კვალი ვერ აღმოაჩინეს, რის შემდეგაც ხაზი იმავე დღეს, 18:39 საათზე ხელახლა ჩაირთო.
სემეკის სამუშაო ჯგუფი ამჟამად იკვლევს: 1. რა გახდა „იმერეთის“ რეალური დაცვის ავტომატიკის დაგვიანებული/არასწორი მუშაობის მიზეზი; 2. როგორ იმოქმედა სისტემაში ჩართულმა ელექტროსადგურებმა იზოლირებულ რეჟიმში გადასვლის შემდგომ (სიხშირისა და ძაბვის დარეგულირების ნაწილში) 24 და 25 ივლისის ავარიების დროს. სემეკი ელექტროსადგურებიდან და შესაბამისი უწყებებიდან დამატებითი დოკუმენტაციის მიღებას ელოდება, რის შემდეგაც საზოგადოებას საბოლოო დასკვნას წარუდგენს.




























