"206-მეგავატიანი ქარის სადგური უკვე სატესტოდ გაეშვა", - ამის შესახებ „ფერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა იორდანიშვილმა BMG-ს განუცხადა, პროექტს "ფერის" შემადგენლობაში არსებული კომპანია "ვინდ ფაუერი" ახორციელებს.
ახალი სადგური ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუისში შენდება და ის 33 ტურბინას მოიცავს. პროექტს EBRD 119 მილიონი დოლარის ოდენობის სესხით აფინანსებს, ხოლო პროექტის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 240 მილიონ დოლარს აღემატება.
ლაშა იორდანიშვილის განმარტებით, სადგურის სატესტო რეჟიმში ოპერირების ვადა 3 თვით არის განსაზღვრული, თუმცა, კომპანია ტესტირებების დასრულებას უფრო მალე მოელის, რის შემდეგაც სადგური სრული სიმძლავრით დაიწყებს ოპერირებას. ამჟამად თითოეული ტურბინის და ქვესადგურის მცირე დატვირთვით მუშაობის ტესტირებები მიმდინარეობს.
ქარის ელექტროსადგური 33 ერთეული ტურბინისგან შედგება, რომლებიც ჩინური გიგანტის - Goldwind-ის მიერ არის წარმოებული. თითოეული ტურბინის სიმძლავრე 6.25 მეგავატ საათია, მისი კოშკის სიმაღლეა 105 მეტრი, ხოლო როტორის დიამეტრი 171 მეტრია.
დღეს საქართველოს ენერგოსისტემაში ჩართულია ორი ჯამში 40 მეგავატამდე სიმძლავრის ქარის სადგური. ზემო ქარის ელექტროსადგურის სიმძლავრე 19 მეგავატამდეა, ხოლო ქართლის ქარის სადგურის სიმძლავრე 21 მეგავატს შეადგენს.
























