მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესს უნდა მივცეთ სრული თავისუფლება, ხვალინდელი დღის რწმენა - არჩილ კეკელია

კეკელია

„შევხედოთ საზოგადოებას და მივხვდებით, კარგად ვართ თუ ცუდად“, - ასე უპასუხა 2010-2011 წლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ არჩილ კეკელიამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის კითხვას, რომელიც 2021-2022 წლებში ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შეფასებას და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე ასახვის ხარისხს შეეხებოდა.

„ჩემი ცხოვრების ნახევარ დროს ვატარებ სამეგრელოში. როგორ არის მოსახლეობა? - როგორ უნდა იყვნენ?! შეგვიძლია, ქალაქის ცენტრში გავიდეთ და ვნახავთ 10 ადამიანს, რომელიც კარგად ცხოვრობს და 100 მოქალაქეს, რომელიც არ ცხოვრობს კარგად. რაც შეეხება ქვეყნიდან მოსახლეობის გადინებას, ვფიქრობ, ეს ბუნებრივი პროცესია, რომელიც ბევრმა ქვეყანამ გაიარა - ლატვიამ, პოლონეთმა, პორტუგალიამ და ა.შ. ლონდონში ცხოვრებისას მხვდებოდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ადამიანები, რომლებიც შედარებით მარტივ პოზიციებზე მუშაობდნენ, რადგან მაგალითად, ესპანეთში უფრო დაბალია ხელფასი, ვიდრე - დიდ ბრიტანეთში. საქართველოშიც კედლებს ხომ არ აუშენებს მოქალაქეებს?! თან ემიგრაციაში ვინც მიდის, საქართველოშიც აგზავნიან თანხას და ამით ეკონომიკა მეტ-ნაკლებად ფუნქციონირებს. ამდენად, შეიძლება ეკონომიკური ზრდის ორნიშნა რიცხვი კარგია, მაგრამ ჩვენც ხომ ამ ქვეყანაში ვართ და ვხედავთ, როგორ ცხოვრობს მოსახლეობა“, - განაცხადა არჩილ კეკელიამ.

- რამდენი წელი და როგორი ეკონომიკური ზრდა უნდა გვქონდეს იმისთვის, რომ პოზიტიური სტატისტიკური მონაცემები მოქალაქეების უმრავლესობის ცხოვრების დონეზე აისახოს?

- ქვეყანაში ყველა ადამიანისთვის უნდა გვქონდეს ერთნაირი პირობები ყველა ადამიანისთვის ამ ქვეყანაში. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე როცა ვიყავი, ინვესტიციებს და ტურიზმს ვკურირებდი და არც მაშინ მქონდა რეცეპტი, როგორ უნდა მომეზიდა ინვესტიციები და წესით, საქართველოს მთავრობის წევრს არც უნდა ჰქონდეს; ინვესტიციები კერძო სექტორმა უნდა მოიზიდოს...

- თუმცა მთავრობამ მიმზიდველი საინვესტიციო გარემო უნდა შექმნას...

- რა თქმა უნდა. ეს არის მთავრობის საქმე და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაერიოს ბიზნესის გადაწყვეტილებაში, რა უნდა გააკეთოს მან... მაშინაც მართვის ჰიბრიდული მოდელი იყო, ახლაც იგივეა და თითქოს მნიშვნელოვანი ადამიანები სადღაც კაბინეტში რაღაც საკითხებს წყვეტენ. არა. ჩვენ უნდა მივცეთ სრული თავისუფლება ბიზნესს და რწმენა ხვალინდელი დღის, რომელიც დღეს არ აქვთ; თავისუფლად მუშაობის საშუალება უნდა მივცეთ.

- დღეს რომ საქართველოს მთავრობის წევრი იყოთ, ყველაზე მეტად რის გამოსწორებას მიაქცევდით ყურადღებას?

- მთავარი საკითხია განათლება... არ მინდა, დიდაქტიკური ტონი მქონდეს და ვთქვა, რომ არ ვიცით მუშაობა, მაგრამ სავარაუდოდ, არ ვიცით მუშაობა; ისრაელში ცხოვრობს ჩემი ძველი ნაცნობი რაბი იაკობი. წარმოშობით სენაკიდანაა და ალბათ ბავშვობაში წავიდა ისრაელში. ქართულად კარგად საუბრობს, მაგრამ ხანდახან, ქადაგებისას უცნაურ სიტყვებს იყენებს ხოლმე - „მაღლაურობა“ და „დაბლაურობა“. „მაღალურობაში“ ღმერთს გულისხმობს, „დაბლაურობაში“ კი - სხვა დანარჩენს. საზოგადოება არის უთანასწაროო - არსებობს „მაღლაურობა“ და და „დაბლაურობა“; როცა ხარ „მაღლაურობაში“ (ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, პოლიტიკოსები გვახსენდება, მაგრამ მხოლოდ მათ არ ეხებათ), შენ ხარ როგორც არწივი, რომელიც ზევიდან აკვირდება ჰორიზონტს და ტახტრევანზე შემომჯდარს ყველაფერი გავიწყდება და ადამიანების პრობლემა არ გაინტერესებს; რა თქმა უნდა, სოციალისტურ-კომუნისტურ ლოზუნგებს არ ვაჟღერებ, მაგრამ არის საშინელი სხვაობა საზოგადოებრივ ფენებს შორის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები