BDO-ს მმართველი პარტნიორის, ზურაბ ლალაზაშვილის განცხადებით, მოახლოებული არჩევნების ფონზე, ბიზნესსექტორში ახალი საინვესტიციო გადაწყვეტილებების გადავადება შეინიშნება.
როგორც ლალაზაშვილმა BMG-ის განუცხადა, თუკი აქამდე ბიზნესის განწყობაზე უარყოფითად ძირითადად ე.წ რუსული კანონის ფონზე ქვეყანაში განვითარებული მოვლენები მოქმედებდა, ახლა სწორედ წინასაარჩევნო პერიოდია იმის მიზეზი, რის გამოც კომპანიები ფრთხილობენ და ახალი საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღება გარკვეულწილად შენელებულია.
BDO-ს მმართველი პარტნიორის განმარტებით, ამაზე რამდენიმე გარემოება მიუთითებს, მათ შორის ის, რომ ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც კომპანიები ახალი კრედიტის აღებისგან თავს დროებით იკავებენ.
„ჩვენი დაკვირვებით ასე იყო, მაისში და ივნისის დასაწყისში დაპაუზებული იყო პროცესები, შემდეგ ბიზნესი გარკვეული პერიოდი შედარებით გააქტიურდა და ახლა გარკვეულ დაპაუზებას ისევ ვაკვირდებით, უკვე არჩევნების კუთხით. წინა პერიოდში უფრო გაურკვევლობას გამო იყო გაჩერებული პროცესები და ახლა სტანდარტულად, როდესაც წინასაარჩევნოდ მაინც ბიზნესი თავს იკავებს ხოლმე რაიმე დიდი გადაწყვეტილებებისგან და მსხვილი საინვესტიციო პროექტებისგან, თუმცა ბიზნესი მაინც დინამიურად ვითარდება და ვერ ვიტყვით, რომ გაჩერებულია.
ჩვენ რასაც ვატყობთ ხოლმე, მაგალითად, თუ უნდა რომელიმე უცხოურ კომპანიას შემოსვლა საქართველოში, ელოდება, რა მოხდება. ასევე მაგალითად, ჩვენ გვქონდა კონკრეტულ ბიზნესთან შეხვედრა და ზუსტად ეს გვითხრა, დაველოდები პროცესებს და კრედიტს ოქტომბრის შემდეგ ავიღებ. ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები, რომელიც დაკავშირებულია გარკვეულ რისკის აღებასთან, გარკვეულწილად შეჩერებულია.
პროექტები, რომლებიც იმ გაურკვევლობის პერიოდში გაჩერდა, არ გამიგია, რომ განახლებულიყო. მათ შორის, შიდა ინვესტორებიც ფიქრობენ, რომ დაელოდონ არჩევნებს. შეიძლება ითქვას, რომ ბიზნესი ახალი საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებისგან თავს იკავებს და უფრო არსებულის განვითარებაზეა ორიენტირებული. ასეთი სიტუაციაა ამჟამად და ამ შემთხვევაში, მოცემულ ვითარებას მე წინასაარჩევნო პერიოდს დავუკავშირებდი“, - განაცხადა ზურაბ ლალაზაშვილმა.