"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესმენი პოლიტიკურ განცხადებას კომპანიის სახელით გააკეთებს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ამ კომპანიის ხელმძღვანელს დაეკისრება - ამის შესახებ კობახიძემ BMG-ის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
ჟურნალისტის კითხვაზე - რატომ არ უნდა ჰქონდეს მეწარმე სუბიექტს უფლება, გამოხატოს აზრი მისთვის საინტერესო საკითხებზე, რაც უშუალოდ იურიდიული პირის საქმიანობასთან შეიძლება არ იყოს დაკავშირებული, და ხომ არ არის ეს "ბიზნესის დუმილის კანონი" - ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ შეზღუდვა არა ფიზიკურ პირებს, არამედ უშუალოდ კომპანიებს ეხება:
"კანონის შინაარსს რომ შევხედოთ, არცერთ ბიზნესმენს, როგორც ასეთს, არ ეკრძალება აზრის გამოხატვა... ნებისმიერ ბიზნესმენს, როგორც ასეთს, შეუძლია, ინდივიდუალურად შეუძლია გამოხატოს საკუთარი აზრი. მაგრამ ჩვენ გვქონდა უამრავი შემთხვევა, როდესაც კომპანიები გამოხატავდნენ საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებს. კომპანიას არავითარი შეხება არ შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკასთან, არც ხელისუფლების სასარგებლოდ და არც ხელისუფლების საწინააღმდეგოდ. კომპანია, როგორც ასეთი, ბიზნესსუბიექტი, პოლიტიკაში არ უნდა ჩაერიოს", - განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალისტმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ კანონი სასჯელის სახით პასუხისმგებელი პირის პატიმრობასაც ითვალისწინებს და დაინტერესდა, კომპანიაზე ვრცელდება ეს პასუხისმგებლობა, თუ რა საფრთხე ემუქრება რეალურად ბიზნესს.
პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა პერსონალურად კომპანიის ხელმძღვანელ პირს დაეკისრება.
"პასუხისმგებელი სუბიექტი ვინც არის, კომპანიის სახელით თუ გაკეთდა უკანონო განცხადება, კანონსაწინააღმდეგო განცხადება, ამ შემთხვევაში, ვინც არის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, მაგალითად, მას დაეკისრება პასუხისმგებლობა – ვინც არის პერსონალურად პასუხისმგებელი კომპანიის სახელით გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებაზე", - განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალისტმა პრემიერს მიუთითა იმაზე, რომ კანონის ამოქმედების შემდეგ ბიზნესმენები პრაქტიკაში უკვე აშკარად არიდებენ თავს საჯარო პოლიტიკურ საკითხებზე აზრის დაფიქსირებას და ჰკითხა, რეალურად ზღუდავს თუ არა ეს მათ თავისუფლებას. ირაკლი კობახიძის შეფასებით, აღნიშნული ტენდენცია სწორი და სასურველი შედეგია:
"ეს არის ძალიან სწორი მიდგომა, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება. კომპანიამ უნდა აკეთოს ბიზნესი. ეს არის კომპანიის დანიშნულება. როდესაც ადამიანი მუშაობს კომპანიაში, მას შეუძლია ყველაფერი თქვას, ოღონდ საკუთარი სახელით. მაგრამ კომპანიამ უნდა აკეთოს ბიზნესი... ყველა ქვეყანაში ეს ასეა... საქართველოს გარდა, მე ასეთ ქვეყანას საერთოდ არ ვიცნობ. ანუ აბსურდში შევედით, რაც ხდებოდა საქართველოში. ასეთი ქვეყანა მეორე მე არ ვიცი, საერთოდ არ მეგულება", - ამბობს კობახიძე.
BMG-ის კითხვაზე - როგორ წარმოუდგენია, რომ ბიზნესმა მოიხსნას თავისი სტატუსი და ამ სტატუსის გარეშე ისაუბროს სხვადასხვა საკითხზე - პრემიერმა განმარტა, რომ საჯარო სივრცეში აზრის გამოთქმა მხოლოდ პირადი სახელით არის დასაშვები: "X ბიზნესმენი ავიღოთ; X ბიზნესმენს შეუძლია, დაჯდეს სატელევიზიო ეთერში და ისაუბროს, როგორც კონკრეტულმა ადამიანმა. მაგრამ როდესაც კომპანიის სახელით კეთდება პოლიტიკური განცხადება, ეს არის კანონის დარღვევა".
ჟურნალისტის დაზუსტებაზე - ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ბიზნესმენს შეუძლია ისაუბროს პოლიტიკურ საკითხებზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას საკუთარი კომპანიის სახელით არ გააკეთებს - კობახიძემ უპასუხა: "დიახ, ეგ არ არის დასჯადი... ბიზნესსუბიექტმა, როგორც ასეთმა, არ შეიძლება გააკეთოს პოლიტიკური განცხადება".
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2026 წლის 4 მარტს განხორციელებული ცვლილებებით, სისხლისსამართლებრივად დასჯადი გახდა მეწარმე იურიდიული პირის მიერ და ამ იურიდიული პირის პასუხისმგებელი პირის მიერ ამავე იურიდიული პირის სახელით ან ამ სახელის მეშვეობით (გამოყენებით) "საჯაროდ ისეთი პოლიტიკური აქტივობის განხორციელება, რომელიც არ არის დაკავშირებული ამ იურიდიული პირის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან".




























