პროფესიულ განათლებაში კერძო და საჯარო პარტნიორობის ფარგლებში BK Construction კოლეჯ კონსტრუქტ2-ის ბაზას აფართოებს. ზესტაფონის შემდეგ, კიდევ ერთი პროფესიული სასწავლებელი ახალციხეში, კერძოდ ვალეში ნოემბრიდან დაიწყებს სტუდენტების მიღებას. გადაცემა რედაქტ2-ში კონსტრუქტ2-ის დირექტორმა თამარ ზაქარაშვილმა განაცხადა, რომ პროექტში პირველ ეტაპზე 3 მილიონის ლარის ინვესტირება იგეგმება. კოლეჯი გააერთიანებს კამპუსსაც, რაც სტუდენტებს ადგილზე ცხოვრების და დაფინანსებული სწავლის მიღების შესაძლებლობას აძლევს.
„დაახლოებით 3 მილიონის ინვესტირება ხდება მხოლოდ პირველ ეტაპზე, რაც მომავალში გაიზრდება, რადგან საკმაოდ მასშტაბური პროექტია, დიდი სასწავლებელია. ვალეში გახლავთ აღნიშნული კოლეჯი, 4 სართულიანი შენობაა, რომელსაც აქვს თავისი სასტუმრო. შესაძლებლობა აქვთ ადამიანებს ჩავიდნენ, იცხოვრონ ადგილზე და მიიღონ დაფინანსებული განათლება. ეს კოლეჯი არ არის ლოკალური მნიშვნელობის. ზესტაფონში მდებარე კოლეჯსაც აქვს საცხოვრებელი და ჩვენ გვყავს თბილისიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, კახეთიდან სტუდენტები, ნებისმიერი რეგიონიდან ჩამოდიან, რომ კონკრეტულ შედეგზე გავიდნენ.
ვალეში საკმაოდ მასშტაბური პროექტია, ვიწყებთ მოკლევადიანი მომზადების პროგრამებით, ელექტრობის პროგრამით და შემდეგ გაიზრდება იმის მიხედვით, რა მოთხოვნა იქნება დამსაქმებლის მხრიდან. ნოემბერში დაიწყება სასწავლო პროცესი და ვგეგმავთ მალევე დაემატოს მრავალფეროვანი პროგრამები“, - აცხადებს თამარ ზაქარაშვილი.
BK Construction კოლეჯი კონსტრუქტ2 განათლების სამინისტროსთან პარტნიორობით 2017 წელს ქალაქ ზესტაფონში დააარსა. თეორიული სწავლების შემდეგ სტუდენტები პრაქტიკულ გამოცდილებას კომპანიაში გადიან და გარანტირებული დასაქმების შესაძლებლობა აქვთ.
განათლების სამინისტროს გაცხადებული პოლიტიკით მიმდინარე წლიდან პროფესიული განათლება ახალ საფეხურზე გადავიდა. სკოლებში პროფესიული სწავლების დანერგვასთან ერთად, სამინისტრომ კერძო სექტორის წარმომადგენლებს ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში სხვადასხვა ფორმით პარტნიორობა შესთავაზა.
ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, კერძო სექტორს პროფესიული განათლების მართვაში მონაწილეობას, რამდენიმე ფორმით სთავაზობს: ეს შეიძლება იყოს ბიზნესის მხრიდან კოლეჯის თანადაფუძნება/თანაინვესტირება; ასევე კოლეჯის ინფრასტრუქტურის/სახელმწიფო ქონების გადაცემა პირობით, კოლეჯის ან კოლეჯის ცალკეული მიმართულების მართვაში გადაცემა და კერძო სექტორის მიერ პროგრამების განხორციელება.