Black Sea Arena-ს ინფორმაციით, 28 ივლისს დაგეგმილი ბრიტანული ჯგუფის, Massive Attack-ის კონცერტი გაუქმდა - ამის შესახებ BSA Facebook გვერდზე ვკითხულობთ.
"სამწუხაროდ უნდა გაცნობოთ, რომ 28 ივლისს, Black Sea Arena-ზე დაგეგმილი MASSIVE ATTACK-ის კონცერტი გაუქმებულია. ბილეთის მფლობელებს გადახდილი თანხა აუნაზღაურდებათ ეტაპობრივად, დეტალების შესახებ ინფორმაციას მიიღებთ უახლოეს მომავალში", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
განახლება: Black Sea Arena-ს მენეჯმენტში BM.GE-ს განუცხადეს, რომ კონცერტის გაუქმების მიზეზი ჯგუფის გადაწყვეტილებაა, თუმცა რა დგას ამ გადაწყვეტილების უკან, კომპანიაში არ ასახელებენ.
28 ივლისს Black Sea Arena-ზე Massive Attack-ის კონცერტი Starring Georgia-ს ფარგლებში უნდა გამართულიყო.
აღსანიშნავია, რომ, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მიმდინარეობისას, ჯგუფმა X-ის საშუალებით სოლიდარობა გამოუცხადა მშვიდობიანად მომიტინგე სტუდენტებს. ამავე დროს, Massive Attack-ს არაერთმა გულშემატკივარმა მიმართა სოციალური ქსელებით, სადაც ისინი საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ჰყვებოდნენ და ჯგუფს ახსენებდნენ, რომ კონცერტს საქართველოს მთავრობა აფინანსებდა.