მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბლექ სი არენამ“ სახურავის აღსადგენად ₾2.6 მილიონის გამარტივებული შესყიდვაზე თანხმობა მიიღო

ბლექ სი

მთავრობის განკარგულებით, შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზ „ბლექ სი არენას“ დაზიანებული სახურავის ლითონის კონსტრუქცია აღდგება. უფლება ჯერ შესყიდვების სააგენტომ გასცა, შემდეგ კი ირაკლი კობახიძემ გაცემული თანხმობა ხელმოწერით დაადასტურა. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 2 663 844.73 ლარია.

როგორც შემსყიდველი ორგანიზაციის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, სახურავის დაზიანების გამო „ბლექ სი არენას“ უკვე ორი სეზონის განმავლობაში შეწყვეტილი აქვს ფუნქციონირება, რის გამოც ვერ ხერხდება კულტურული და საკონცერტო ღონისძიებების ჩატარება.

უწყების განმარტებით, სამუშაოების ტექნიკური სირთულისა და არსებული კონსტრუქციის ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, პროექტირება და მშენებლობა ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, Design-Build მეთოდით იგეგმება. საექსპერტო დასკვნით განსაზღვრული სამუშაოების მოცულობები საორიენტაციო ხასიათისაა, რის გამოც საბოლოო ტექნიკური გადაწყვეტა მხოლოდ დეტალური შესწავლის შემდეგ გახდება ცნობილი.

დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია კლიმატური ფაქტორიც: ოზურგეთის მუნიციპალიტეტში აქტიური სამშენებლო პერიოდი მეტეოროლოგიური პირობებითაა შეზღუდული, ხოლო პროექტი მოიცავს ლითონის კონსტრუქციების მონტაჟსა და შედუღებით სამუშაოებს, რაც შესაბამის ამინდს მოითხოვს. სამუშაოების დაწყების გადავადებამ შესაძლოა კიდევ უფრო გაახანგრძლივოს ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლის ვადა.

ტექნიკური დავალების მიხედვით, სამუშაოების განხორციელების პერიოდად განსაზღვრულია 2026 წლის 1 ნოემბრიდან 2027 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით (არაუმეტეს 12 თვე).

აღსანიშნავია, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიურო საკონცერტო დარბაზ „ბლექ სი არენას“ მოძრავი (ტრანსფორმირებადი) მეტალის სახურავის დაზიანების ხარისხის შესასწავლად კვლევა მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო და 69,375 ლარი დაიხარჯა.

ცნობისთვის, შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ დარბაზის მშენებლობა 2008 წელს ბიძინა ივანიშვილის ფონდ „ქართუს“ ინიციატივით და $115 მილიონზე მეტი ინვესტიციით დაიწყო. „ბლექ სი არენა“ ოფიციალურად 2016 წელს Christina Aguilera-ს კონცერტით გაიხსნა. 2019 წელს დარბაზი სამართავად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაეცა. კონსოლიდირებული აუდიტორული ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ 6-წლიანი ზარალის შემდეგ „ბლექ სი არენასთვის“ მხოლოდ 2023 წელი იყო მოგებიანი და 2023 წელს კომპანიამ 8,3 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღო.

2024 წლის ბოლოს თბილისის საკონცერტო დარბაზი, [ფილარმონია] და "ბლექ სი არენა" ერთ კომპანია "სთარინგ ჯორჯიაში" გაერთიანდნენ.

გაერთიანებული კომპანიის დირექტორი თამარ ჩხაიძეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები