საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო საქართველოში შემოსული და უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეები სამედიცინო სერვისებსა და ფინანსურ დახმარებას 2027 წლის 1 იანვრამდე მიიღებენ.
შესაბამის განკარგულებებს ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.
სოციალურ-ეკონომიკურ მხარდაჭერას სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
- 300 ლარი თვეში ოჯახზე (საცხოვრებელი პირობების შექმნისთვის);
- 45 ლარი თვეში თითოეულ პირზე.
მნიშვნელოვანი პირობა: 45-ლარიანი დახმარება მომდევნო თვიდან შეუწყდება პირს, რომელიც საქართველოს ტერიტორიას დატოვებს. ხოლო 300-ლარიანი დახმარება ოჯახს იმ შემთხვევაში შეუწყდება, თუ ქვეყნიდან მისი ყველა წევრი გავა.
ამასთან, უწყვეტად ყოფნაში ჩაითვლება ის შემთხვევებიც, როდესაც პირმა გადაკვეთა საქართველოს საზღვარი და უკან არაუმეტეს 3 დღის ვადაში დაბრუნდა.
ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს. სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში უკრაინის მოქალაქეები ისარგებლებენ შემდეგი უფასო მომსახურებებით:
- გადაუდებელი დახმარება: რეფერალური მომსახურება, გადაუდებელი სამედიცინო სერვისები, მშობიარობა და გადაუდებელი იმუნიზაცია;
- ქრონიკული და მძიმე დაავადებების მართვა: დიაბეტისა და ტუბერკულოზის მკურნალობა (მედიკამენტებით უზრუნველყოფით), დიალიზი, აივ-ინფექციის/შიდსის მკურნალობა, იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტების მუდმივი ჩანაცვლებითი თერაპია;
- სხვა სერვისები: გეგმური იმუნიზაცია, ფსიქიკური ჯანმრთელობა, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა (ორსულთა ანტენატალური მეთვალყურეობა და ახალშობილთა სკრინინგი).
























