მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

BlackRock-ი უკრაინის აღდგენის ფონდს აღარ დააფუძნებს?

BlackRock

მსოფლიოს უდიდესმა აქტივების მმართველმა კომპანია BlackRock-მა, რომელიც უკრაინის აღდგენის მიმართულებით რამდნენიმე მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავდა, როგორც ჩანს, ეს წამოწყება სულ მცირე დროებით დააპაუზა.

ამერიკული Bloomerg-ის ინფორმაციით, საინვესტიციო ფონდი, რომელიც ერთ კვირაში რომში გასამართ უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე უნდა დაანონსებულიყო, მას შემდეგ გაჩერდა, რაც ამერიკელებმა ქვეყნის პრეზიდენტად დონალდ ტრამპი აირჩიეს.

აღნიშნული ფონდი, რომლის საწესდებო კაპიტალი, სავარაუდოდ, რამდენიმე მილიარდი იქნებოდა, გერმანიის, იტალიის და პოლონეთის ხელისუფლებებთან პარტნიორობით უნდა დაფუძნებულიყო, მაგრამ BlackRock-მა ინსტიტუციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებები მას შემდეგ გააჩერა, რაც უკრაინაში არსებული დიდი გაურკვევლობის ფონზე მათი მხრიდან ინტერესი მინელდა. დონალდ ტრამპი პირობას დებდა, რომ ომს 24 საათში დაასრულებდა, მაგრამ მას შემდეგ კონფლიქტი სრულად ახალ, მეტად გაურკვეველ ფაზაში აღმოჩნდა.

“უკრაინის განვითარების ფონდის” მიზნებს შორის ქვეყნებისგან $500 მილიონის, კერძო ინვესტორებისგან კი დამატებით $2 მილიარდის მობილიზება იყო. როგორც გასულ წელს ითქვა, საინვესტიციო პროცესში უშუალოდ იყო ჩართული BlackRock-ის ვიცე-თავმჯდომარე ფილიპ ჰილდებრანდი, რომელსაც ინვესტორთა კონსორციუმის შეკვრა და უკრაინაში $15 მილიარდის ღირებულების ინფრასტრუქტურის აღდგენა ევალებოდა. ჯამში კი, როგორც მსოფლიო ბანკის დათვლებიდანაა ცნობილი, უკრაინის აღდგენას სულ მცირე $500 მილიარდი დასჭირდება.

შეგახსენებთ, რომ BlackRock-ი სხვა ადამიანებისა და კომპანიების აქტივებს მართავს და ბოლო ინფორმაციით, მისი პორტფელი $11.6 ტრილიონად იყო შეფასებული. წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, გასულ ერთ წელიწადში, ამერიკულმა კორპორაციამ აქტივების ზომა $1.1 ტრილიონით, ანუ 11%-ით გაზარდა. შედარებისთვის, თურქეთის მთლიანი შიდა პროდუქტი სწორედ $1.1 ტრილიონია, ბოლო თორმეტ თვეში BlackRock-მა სწორედ ერთი რუსეთი დაიმატა. BlackRock-ი ქვეყანა რომ ყოფილიყო, რიგით მესამე ქვეყანა იქნებოდა მსოფლიოში, ამერიკის შეერთებული შტატების და ჩინეთის შემდეგ.

BlackRock-ის პორტფელში უდიდეს ნაწილს გლობალური, მაგრამ მაინც ამერიკული კომპანიების აქციები იკავებს. უახლესი მონაცემებით, ამერიკული კორპორაციის კლიენტები $6.2 ტრილიონის აქციებს ფლობენ, რაც BlackRock-ის აქტივების 53%-ია. ამ პორტფელში, უმეტესწილად, ზრდაზე ორიენტირებული დიდ ტექნოლოგიური კომპანიების აქციებს ვხვდებით, რომელთა შორის ყველაზე დიდი რაოდენობით BlackRock-ი Apple-ის, NVIDIA-ს, Microsoft-ის, Amazon-ის და META-ს აქციებს ფლობს. BlackRock-ის წილი ასევე დიდია აშშ-ში და მთელ მსოფლიოში არსებულ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები