შპს სთარინგ ჯორჯია "ბლექ სი არენასთან" მზის პანელების დამონტაჟებას გეგმავს. შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადდა. სატენდერო განაცხადის მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 246 000 ლარია. შესყიდვის ობიექტი კი არანაკლებ 500 კვტ და არაუმეტეს 650 კვტ სიმძლავრის მზის პანელებია თანმდევი მომსახურებით.
როგორც ტენდერის დოკუმენტაციაში წერია, მზის სადგურის საპროგნოზო წლიური გამომუშავება არანაკლებ 790 000 კვტ/სთ უნდა იყოს.
საქონლის მოწოდება და თანმდევი მომსახურების გაწევის ვადაა 2026 წლის 20 დეკემბერი. ხოლო ადგილი - ოზურგეთის რაიონი სოფელი ნატანები (შეკვეთილი) "ბლექ სი არენა ჯორჯიას" საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორია.
ტენდერში წინადადებების მიღება 18 სექტემბერს დაიწყება და 23 სექტემბერს დასრულდება.
ცნობისთვის
“სთარინგ ჯორჯია” აერთიანებს "ბლექ სი არენას", ასევე თბილისის საკონცერტო დარბაზს (ფილარმონია). 2025 წლის ბოლოს კი, მთავრობის გადაწყვეტილებით, „სთარინგ ჯორჯიას“ შეუერთდა შპს „სერვისი-7-იც“ (ციცინათელას პარკი).




























