ნავთობგადამმუშავებელი კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმი“ (BSP) 2027 წლის პირველი კვარტლიდან საგზაო ბიტუმის წარმოებას დაწყებას გეგმავს - ამის შესახებ კომპანიის განცხადებაში არის აღნიშნული. განცხადების თანახმად, აღნიშნული პროდუქციით კომპანია როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებს მოემსახურება.
კომპანიის ინფორმაციით, საგზაო ბიტუმის წარმოების დაწყება საწარმოს განვითარების ერთ-ერთი ეტაპია. ამასთან, 2027 წლის მეორე კვარტალში კომპანიას საავიაციო საწვავის წარმოების შესაძლებლობაც ექნება.
განცხადების თანახმად, მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბრიდან „ბლექ სი პეტროლიუმი“ სრულად არა-რუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებაზე გადავა. კომპანიის შეფასებით, ეს ცვლილება მის პროდუქციას მაღალმარჟიან ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობას მისცემს.
ამასთან, კომპანიამ განაცხადა, რომ 2026 წლის პირველ ნახევარში 650 ათას ტონაზე მეტი ნედლეული გადაამუშავა და საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია Honeywell-თან თანამშრომლობა გააფართოვა, რაც მაღალტექნოლოგიური დანადგარებისა და მართვის ავტომატიზებული სისტემების დანერგვას ითვალისწინებს.
“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, „ბლექ სი პეტროლიუმი“ აგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას კომპანიის მიმდინარე საქმიანობისა და სტრატეგიული გეგმების შესახებ.
წარმოება
2026 წლის პირველი ნახევრისთვის „ბლექ სი პეტროლიუმმა“ უზრუნველყო 650 ათას ტონაზე მეტი ნედლეულის გადამუშავება.
სტრატეგიული პარტნიორობა
საინჟინრო და სალიცენზიო ხელშეკრულებების შემდეგ, კომპანიამ გააფართოვა პარტნიორობა საერთაშორისო ტექნოლოგიურ გიგანტ Honeywell-თან და მოიცვა მაღალტექნოლოგიური დანადგარებისა და მართვის ავტომატიზებული სისტემების შეძენა-დანერგვის მიმართულება.
საწარმოს განვითარების ეტაპები და ახალი პროდუქცია
- 2027 წლის I კვარტალი: კომპანია იწყებს საგზაო ბიტუმის წარმოებას შიდა და საექსპორტო ბაზრებისათვის.
- 2027 წლის II კვარტალი: საწარმოს გაუჩნდება შესაძლებლობა აწარმოოს საავიაციო საწვავი.
ნედლეულის დივერსიფიკაცია
მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბრიდან კომპანია იწყებს სრულად არა-რუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას. აღნიშნული „ბლექ სი პეტროლიუმის“ მიერ წარმოებულ პროდუქციას გაუხსნის მაღალმარჟინალური ბაზრების კარს.
„ბლექ სი პეტროლიუმი“ აგრძელებს სტრატეგიული გეგმის მიხედვით საწარმოს განვითარებას და მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში", - ნათქვამია “ბლექ სი პეტროლიუმი”-ის განცხადებაში.
„ბლექ სი პეტროლიუმის“ პროექტი ყულევში ხორციელდება. კომპანიის ინფორმაციით, პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულება 600 მილიონ დოლარს აღემატება, ხოლო პირველი ფაზის ბიუჯეტი 150 მილიონ დოლარზე მეტია. ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 1.2 მილიონი ტონა წლიური წარმადობის ქარხანა, რომელიც ნაფტას, მაზუთსა და დიზელის წარმოებისთვის საჭირო ნახევარფაბრიკატს აწარმოებს. პროექტის მეორე ფაზის დასრულების შემდეგ საწარმო ევრო 5-ის სტანდარტის ბენზინის, საავიაციო საწვავისა და ევროდიზელის წარმოებას შეძლებს, ხოლო წლიური წარმადობა 4.5 მილიონ ტონამდე გაიზრდება.




























