მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბლექ სი პეტროლიუმის" მიერ გამოშვებული პროდუქციის პირველ მყიდველებს შორის Saudi Aramco-ც შედის

დავით ფოცხვერია

საქართველოს პირველი სრულმასშტაბიანი ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის “ბლექ სი პეტროლიუმის” (BSP) მიერ გამოშვებული პროდუქციის პირველ მყიდველებს შორის ნავთობპროდუქტების მოპოვებით და გადამუშავებით დაკავებული გიგანტი Saudi Aramco-ც შედის - ამის შესახებ კომპანიის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ფოცხვერიამ გიორგი ისაკაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. როგორც ფოცხვერიამ აღნიშნა, მათ Saudi Aramco-ს მიმართ პირველი გადაზიდვები უკვე განახორციელეს, ასევე პროდუქცია მიაწოდეს ნავთობპროდუქტების ერთ-ერთ უმსხვილეს მულტინაციონალურ სავაჭრო კომპანია Trafigura-ს, რომლის სათავო ოფისიც სინგაპურში მდებარეობს.

“სხვათა შორის, ჩვენ ძალიან სახელგანთქმული კომპანიები გვყავს უკვე ჩვენი კლიენტების, ასე ვთქვათ, მოქმედი კლიენტების ბაზაში, ნუსხაში: Saudi Aramco როგორც არის, Trafigura როგორც არის – უმსხვილესი სავაჭრო სატრეიდინგო კომპანია,”- აღნიშნავს დავით ფოცხვერია.

საქართველოში ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის პროექტი ყულევში, $600-მილიონიანი ინვესტიციით ხორციელდება და მისი პირველი ფაზის ბიუჯეტი 150 მილიონ დოლარს აღემატება, აღნიშნულის შედეგად 1.2 მილიონი ტონის წლიური წარმადობის ქარხანა მოეწყო, რომელიც ნაფტას, მაზუთს და დიზელის წარმოებისთვის საჭირო ნახევარფაბრიკატს აწარმოებს, ხოლო მეორე ფაზის დასრულების შემდეგ ევრო5-ის მარკის ბენზინის, საავიაციო საწვავის და ევროდიზელის წარმოება შეეძლება, წლიური წარმადობა კი 4.5 მილიონი ტონა იქნება. შესაბამისად, კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია გაიყიდება როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ბაზარზე, ამჟამად კი ქარხანა ნავთობპროდუქტების ნახევარფაბრიკატების წარმოებით არის დაკავებული, რომელსაც კომპანიები მისი შემდგომი გადამუშავების მიზნით ყიდულობენ.

BSP-ის გენერალური დირექტორი დავით ფოცხვერია აღნიშნავს, რომ პროექტი საქართველოში ფაქტობრივად ახალი სანავთობო დარგის დაფუძნებას და ქვეყნის სავაჭრო შემადგენლობის შეცვლისთვის, ქვეყნის ნავთობექსპორტიორად გარდაქმნაზე არის ორიენტირებული.

კომპანიამ საქმიანობა რუსული ნედლეულის გადამუშავებით დაიწყო, თუმცა როგორც დავით ფოცხვერია BMG-სთან განმარტავს, მათი მიზანია უახლოეს მომავალში სრულად ჩაანაცვლონ რუსული ნავთობი თურქმენული, შემდგომ კი ყაზახეთის და სხვა ქვეყნების ნედლეულით, რაც შესაძლებელს გახდის რომ მათ მიერ გამოშვებული პროდუქცია ექსპორტზე ევროკავშირში გავიდეს, ვინაიდან ამჟამად ევროკავშირში რუსული ნედლი ნავთობით წარმოებული ნავთობპროდუქტების იმპორტი აკრძალულია, კომპანიის სტრატეგიულ მიზანს კი სწორედ ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის განხორციელება წარმოადგენს.

ერთ-ერთ სირთულედ დავით ფოცხვერია აზერბაიჯანის მიერ თურქმენული ნავთობის საქართველოს მიმართულებით ტრანზიტის დაწყების გაჭიანურებას ასახელებს. მისი თქმით, BSP იმედოვნებს, რომ აღნიშნული საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება, რასაც შემდგომში ყაზახური ნავთობის ყულევამდე ტრანზიტის დაწყებაც უნდა დაემატოს.

„ამაზე უკვე დიდი ხანია ვმუშაობთ. სამწუხაროდ, და ჩემდა გასაკვირად, გაჭირდა ჩვენი პარტნიორი და მეგობარი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სარკინიგზო ტრანზიტის განხორციელება ჩვენი მიმართულებით. ამ შემთხვევაში თურქმენული ნავთობი მაქვს მხედველობაში, რომელზეც შეთანხმებას უკვე რამდენიმე თვეა მივაღწიეთ, თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, მისი ტრანსპორტირება ჭიანურდება. მიუხედავად ამისა, რასაკვირველია, ვიმედოვნებ, რომ ეს საკითხი ძალიან მალე გადაწყდება და ჩვენ შევძლებთ, რომ სარკინიგზო ჯაჭვი გავააქტიუროთ, რასაც შემდეგ უკვე ყაზახური ნავთობიც მოჰყვება და ასე შემდეგ,“ - განაცხადა დავით ფოცხვერია.

კითხვაზე თუ რა მექანიზმები აქვს კომპანიას დანერგილი რათა საერთაშორისო სანქციების მოთხოვნები სრულად იქნეს დაცული, დავით ფოცხვერია პასუხობს, რომ რომ თითოეული შესყიდვის პროცესში მათ ჩართული ჰყავთ ბრიტანელი და შვეიცარიელი იურისტები და მხოლოდ მათი დასკვნის საფუძველზე ახდენენ შესყიდვებს. ამასთან, მისი თქმით ამ მხრივ დაცულობის დამატებითი რგოლია საქართველოს შემოსავლების სამსახური, რომელიც ქვეყანაში სანქცირებული პროდუქტის ან სანქცირებული ხომალდის შემოსვლას არ დაუშვებს, ამასთან, ხომალდებიდან ნავთობის უშუალოდ მიღება ხდება ყულევის ნავთობტერმინალის მეშვეობით, რომლის ოპერატორიც აზერბაიჯანული სოკარია, რომელიც დავით ფოცხვერიას განმარტებით არ დაუშვებს მისი ინფრასტრუქტურის გამოყენებას სანქცირებული ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებისთვის.

„იქამდე, სანამ ავზებში ნედლეულს მივიღებთ, ეს ნედლეული გადის მრავალსაფეხურიან შემოწმებას დაწყებული საბაჟოთი და შემოსავლების სამსახურით, დასრულებული მისი წარმოშობით, სავაჭრო ჯაჭვებით, ტრანსპორტირებითა და ლოგისტიკური სერვისის მომწოდებლებით ყველა კომპონენტი დეტალურად მოიკვლევა.

შემდეგ, ამ პროცესში ერთგვარ „ჭიშკრად“ შეგვიძლია აღვიქვათ სოკარის ტერმინალი. როგორც ცნობილია, ნედლეულის ფიზიკური შემოსვლა და პროდუქციის გასვლა სწორედ ამ ტერმინალიდან ხდება. შესაბამისად, ტერმინალს აქვს შესაბამისი ინსტრუმენტები, რათა არ დაირღვეს საერთაშორისო სანქციები იქნება ეს ამერიკის, ევროკავშირის, ბრიტანეთის თუ სხვა რეგულაციები.

ამასთან, ეს ყველაფერი თავისთავად საკმარისიც იქნებოდა, რომ სანქციები არ დაირღვეს, თუმცა დამატებით გვაქვს ჩვენი KYC სისტემები „იცნობდე შენს მომხმარებელს“, რომელშიც გაწევრიანებული ვართ და შესაბამის საწევრო გადასახადსაც ვიხდით, რაც გვაძლევს წვდომას საჭირო საინფორმაციო ბაზებზე.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ვთანამშრომლობთ ბრიტანულ და შვეიცარიულ იურიდიულ ფირმებთან შესაბამისი სამართლებრივი დასკვნებისა და მოსაზრებების (Legal Opinion) მისაღებად. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენს ბრიტანელ პარტნიორს მსგავსი შეფასებების გაცემის ლიცენზია უშუალოდ დიდი ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროსგან აქვს მინიჭებული,“ - აღნიშნავს დავით ფოცხვერია.

BSP-ის ქარხანამ 2026 წლის დასაწყისში სალიცენზიო შეთანხმება გააფორმა ამერიკულ კორპორაცია Honeywell-თან, რომელიც კომპანიას მიაწვდის საინჟინრო და ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს თანამედროვე ნავთობის გადამუშავების საწარმოო ხაზის მოსაწყობად, რაც შესაძლებელს გახდის კომპანიამ აწარმოოს საერთაშორისო სტანდარტების საავიაციო ნავთი, ბენზინი, დიზელი და საზღვაო საწვავი.

ამასთან, დავით ფოცხვერიას განცხადებით მოლაპარაკებები არის აშშ-ის იმპორტ-ექსპორტის ბანკთან, რათა Honeywell-ის ტექნოლოგიების საქართველოსთვის მიწოდების ფინანსირება სწორედ აშშ-მა მოახდინოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები