Bloomberg-ის სავალუტო სისტემაში ერთი დოლარის ღირებულება 3.3050 ლარი გახდა, რაც ვაჭრობის დასაწყისში არსებულ კურსს, 3.2575-ს 4.75 თეთრით აღემატება.
ეს ჯერ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი არაა, მას საქართველოს ეროვნული ბანკი 17:00-ზე გამოაქვეყნებს, თუმცა სავარაუდოდ ეს გაუფასურება ოფიციალურ კურსზეც აისახება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ეროვნულმა ბანკმა 2020 წლის ყველაზე მსხვილი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და $60 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. ჯამურად, 2020 წლის განმავლობაში 21 სავალუტო ინტერვენცია შედგა, რის შედეგადაც $710 მლნ დოლარი არის გაყიდული.




























