მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bloomberg: ომის გამო მსოფლიოში გარიგებები უქმდება - ჯამური ღირებულება $45 მლრდ-ია

6249a8ccd40ac
მარიამ ადამია
04.04.22 08:47
902

უკრაინაში, რუსების მიერ დაწყებული ომის გამო, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სულ მცირე 100-მა კომპანიამ, 45 მილიარდი დოლარის ღირებულების გარიგება გააუქმა, ან გადადო. Bloomberg-ის ცნობით, საუბარია, ობლიგაციებსა და სესხებზე, თუმცა გაუქმებულ გარიგებებს შორის უმეტესობა, IPO-ზე მოდის, რადგან როგორც ექსპერტები ამბობენ,  ბიზნესი მდგომარეობის დასტაბილურებას ელოდება.  თებერვლის ბოლოდან, 50-მდე კომპანიამ ლისტინგი გადადო, მათგან 30 კი ამერიკული იყო. 

ამავდროულად, ყველაზე შესამჩნევი გაუქმებული IPO  ევროპასა და აზიაში ფიქსირდება. ასევე, Olam International-მა ლონდონის საფონდო ბირჟაზე  შესვლა გააუქმა, არადა ამ შესაძლებლობის გამოყენებით მისი ღირებულება 17,1 მლრდ აშშ დოლარამდე უნდა გაზრდილიყო. ხოლო  ჩინურმა კონგლომერატმა, Dalian Wanda Group-მა, ომის გამო გადადებული გარიგების ფონზე, ფაქტობრივად, 3 მლრდ დოლარის ღირებულების ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობა დაკარგა. 

უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, ასევე მსოფლიოში, 5 მლრდ დოლარზე მეტი ღირებულების, 10-მდე კომპანიის შერწყმა/შესყიდვა შეფერხდა და მაგალითად მიმდინარე წლის მხოლოდ პირველ სამ თვეში მსგავსი ტრანზაქციების მოცულობა 15%-ით, ანუ 1,02 ტრლნ დოლარამდე შემცირდა. ყველაზე დიდი კლება კი ევროპაში დაფიქსირდა.

ომის შედეგები ობლიგაციების გლობალურ ბაზრებზეც იგრძნობა, რომლიც წელს, 14%-ით დაეცა.  Bloomberg-ის ცნობით, ევროპიდან რვა ემიტენტმა 5 მლრდ დოლარზე მეტი ღირებულების ობლიგაციების გამოშვება გადადო, ხოლო შვიდმა იაპონურმა კომპანიამ დაახლოებით 800 მილიონი დოლარის ფასიანი ქაღალდების გამოშვება შეწყვიტა. გარდა ამისა,  ინდური სახელმწიფო კომპანია Indian Railway Finance და ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებელი Tesla, იძულებულები გახდნენ, რომ 1 მლრდ დოლარზე მეტი ღირებულების ბონდების განთავსება შეეჩერებინათ. 

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები