თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გამოცემა Bloomberg-ისთვის სტატია დაწერა სათაურით: "გაერომ უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება უნდა გააუქმოს".
ერდოღანმა თავის სტატიაში აღნიშნა, რომ ბოლო წლებში მსოფლიოში განვითარებულმა ტრაგედიებმა, მათ შორის პანდემიამ, ენერგეტიკულმა კრიზისებმა, მიწოდების ჯაჭვების შეფერხებებმა და რეგიონულმა კონფლიქტებმა ნათლად აჩვენა: გლობალური კრიზისების მოგვარების რამდენიმე დედაქალაქის ნებაზე მინდობა თანამედროვე მსოფლიოს რეალობას აღარ შეესაბამება.
თურქეთის ლიდერის განცხადებით, გლობალური გადაწყვეტილების მიღების მექანიზმების დღევანდელ ვითარებასთან მორგების გადადება აღარ შეიძლება, რადგან გაეროს უშიშროების საბჭო კვლავ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ეპოქის სტრუქტურას ასახავს.
ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ წარმომადგენლობისადმი უფრო ეფექტური, სამართლიანი და ანგარიშვალდებული მიდგომა გარდაუვალი აუცილებლობა გახდა, რაც არა მხოლოდ წარმომადგენლობის გაფართოებას, არამედ პასუხისმგებლობის თანაბრად გადანაწილებას მოითხოვს:
"ჩვენ უფრო ეფექტურად უნდა ჩავრთოთ სხვადასხვა რეგიონის გამოცდილება, შესაძლებლობები და ნება გლობალური და რეგიონული გამოწვევების გადაჭრაში. ჩვენი მოწოდება - "სამყარო ხუთზე დიდია" - არის მიწვევა პასუხისმგებლობის უფრო ფართო გაგებისკენ. აუცილებელია, რეფორმის საჭიროება კონკრეტულ სამოქმედო გეგმად (გზამკვლევად) იქცეს, რომლის ცენტრშიც ვეტოს პრივილეგიის გაუქმება უნდა იდგეს. უშიშროების საბჭოში ახალი პრივილეგირებული წევრების დამატება არ გადაწყვეტს ძალაუფლების რამდენიმე სახელმწიფოს ხელში კონცენტრაციის პრობლემას, არამედ მხოლოდ გააფართოებს პრივილეგირებულ სტრუქტურას. ვეტოს პრივილეგიის გაუქმება უნდა იყოს ნებისმიერი შინაარსიანი რეფორმის როგორც ამოსავალი წერტილი, ისე ფუნდამენტური სტრატეგიული მიზანი. რეფორმა არ შეიძლება ნიშნავდეს იმავე პრივილეგიის სხვა სახელმწიფოებზე გავრცელებას. გენერალურ ასამბლეაში ფართო კოალიცია უნდა შეიქმნას იმ პრინციპის გარშემო, რომ არცერთ სახელმწიფოს არ უნდა ჰქონდეს საერთაშორისო საზოგადოების უმრავლესობის ნების მუდმივი დაბლოკვის ძალაუფლება".
პრეზიდენტმა ერდოღანმა მიუთითა, რომ უშიშროების საბჭოსა და გენერალურ ასამბლეას შორის ბალანსიც უნდა აღდგეს. ერდოღანის თქმით, იმ ფონზე, როდესაც ახალი ძალაუფლების ცენტრები გაჩნდა ეკონომიკიდან და უსაფრთხოებიდან დაწყებული, ტექნოლოგიებითა და დიპლომატიით დამთავრებული, საერთაშორისო ინსტიტუტებმა ამ ტრანსფორმაციასთან იმავე ტემპით ადაპტირება ვერ შეძლეს.
თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ომებმა, კლიმატურმა კრიზისმა, არალეგალურმა მიგრაციამ და ეკონომიკურმა მოწყვლადობამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ძლიერი ინსტიტუტების, მდგრადი ეკონომიკისა და შემაკავებელი თავდაცვის შესაძლებლობების მქონე სახელმწიფოების მნიშვნელობას, ხოლო სავაჭრო, ლოგისტიკური, სატრანსპორტო და ენერგეტიკული დერეფნების უსაფრთხოება და მდგრადობა სულ უფრო გადამწყვეტი ხდება.
ერდოღანის შეფასებით, მაშინ როდესაც აზიის ეკონომიკური წონა იზრდება, აფრიკაც საკუთარი პოტენციალის შესაბამის უფრო ძლიერ წარმომადგენლობას ითხოვს, ხოლო განვითარებადი ქვეყნები საკუთარ პრიორიტეტებს უფრო თავდაჯერებულად აჟღერებენ:
"ცალკეული რეგიონული მოთამაშეების მზარდ გავლენას თან მოაქვს მეტი პასუხისმგებლობა საკუთარ რეგიონებში არსებული გამოწვევების გადასაჭრელად. თითოეული რეგიონის პრობლემები გარედან თავსმოხვეული მეთოდებით ვერ მოგვარდება. ჩვენ გვჯერა, რომ დაინტერესებული ქვეყნების ნებაზე, ადგილობრივ რეალობასა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული მიდგომები უფრო ხანგრძლივ და სტაბილურ შედეგებს მოიტანს. მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებაში უფრო ეფექტური როლის შესრულება გარდაუვალი აუცილებლობაა იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც აქვთ დიპლომატიური პოტენციალი, ეკონომიკური რესურსები და სხვადასხვა მხარესთან კომუნიკაციის უნარი.
მოლოდინი, რომ გლობალიზაცია საყოველთაო კეთილდღეობას მოიტანდა, სრულად არ გამართლდა. შემოსავლებს შორის უთანასწორობის გაღრმავებასთან ერთად, ტექნოლოგიური და ეკონომიკური დამოკიდებულებები კონკურენციის ახალ ასპარეზად იქცა. ამ ცვალებად ვითარებაში, გლობალური სამართლიანობის უზრუნველსაყოფად პასუხისმგებლობები თანაბრად უნდა განაწილდეს, ხოლო განვითარებადი ქვეყნების განვითარების უფლება და საჭირო დაფინანსებაზე წვდომა გარანტირებული უნდა იყოს".
ერდოღანმა განაცხადა, რომ მსგავსი ცვლილება ფართო საერთაშორისო ნებას მოითხოვს და ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი ამ რეფორმის მხარდასაჭერად კვლავ გამოიყენებს თავის მრავალმხრივ დიპლომატიურ გამოცდილებასა და სხვადასხვა რეგიონთან მჭიდრო კავშირებს.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ ძალისხმევას ვეტოს პრივილეგიის შეზღუდვის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში არჩეული წევრებისთვის მეტი წონის მინიჭებისა და გენერალური ასამბლეის როლის გაძლიერებისკენ", - წერს თურქეთის პრეზიდენტი.
























