თურქული თავდაცვითი და ტექნოლოგიური კომპანია ASELSAN-ი დაბალ ორბიტაზე 198 თანამგზავრისგან შემდგარი კავშირგაბმულობის ქსელის, Astralink-ის პროექტს იწყებს, რომლის პირველი გაშვებაც მომდევნო ორი წლის განმავლობაში იგეგმება.
ანტალიაში გამართულ კოსმოსურ კონგრესზე კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, აჰმეტ აკიოლმა განაცხადა, რომ ახალი სისტემა თურქეთსა და მის მოკავშირე ქვეყნებს უსაფრთხო კავშირგაბმულობის ქსელს შეუქმნის და ის კონკურენციას ილონ მასკის Starlink-ს გაუწევს, რომელიც ამჟამად მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი სატელიტური ინტერნეტია.
როგორც ცნობილია, პროექტი გასული წლის ბოლოს დაიწყო და ის სრულად ადგილობრივ ტექნოლოგიებს ეფუძნება. Astralink-ის სისტემაში კომპანიის მიერ შემუშავებული ჩიპები, მიკროსქემები და სიგნალის გადაცემის უნიკალური ფორმატები გამოიყენება.
აკიოლის თქმით, კოსმოსური სექტორი ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკის განუყოფელი ნაწილია, ASELSAN-ის მიზანი კი ამ სექტორში თურქეთის გაძლიერებაა.
ამასთან, კონგრესზე თურქეთის კოსმოსურმა ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის სტრატეგიული გეგმებიც გაასაჯაროვა. სააგენტოს მმართველობის საბჭოს წევრმა, არიფ კარაბეიოღლუმ აღნიშნა, რომ თურქეთი საკუთარი კოსმოსური ხომალდების გაშვებას სომალიში მშენებარე კოსმოდრომიდან გეგმავს. პროექტის მიხედვით, აღნიშნული ინფრასტრუქტურა საერთაშორისო გამოყენებისთვისაც ღია იქნება და მას პარტნიორი ქვეყნებიც გამოიყენებენ. სომალიში კოსმოდრომის აშენების გადაწყვეტილება ქვეყანამ იმიტომ მიიღო, რომ მეცნიერების შეფასებით, თურქეთის ტერიტორია კოსმოსური ხომალდების გაშვებისათვის ხელსაყრელი არ არის.
რაც შეეხება კერძო სექტორის ინიციატივებს, თურქული კომპანია Fergani Space-ი დაბალ ორბიტაზე 200-ზე მეტი თანამგზავრის გაშვებას გეგმავს, რომლებიც ნავიგაციასა და დროის ზუსტ სინქრონიზაციას უზრუნველყოფენ. თანამგზავრების სერიული წარმოება 2028 წლიდან დაიწყება, სრული სერვისი კი მომხმარებლებისთვის 2031 წლიდან გახდება ხელმისაწვდომი.
პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, კოსმოსის ათვისება თურქეთის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს და ამ მიმართულებით მომუშავე სტარტაპებს ქვეყნის მთავრობა სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
























