მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთში, HABAŞ-ის ფოლადის საწარმოში მომხდარ აფეთქებას 17 ადამიანი ემსხვერპლა

Habas-ის საწარმო

თურქეთის დასავლეთით, იზმირის პროვინციაში HABAŞ-ის რკინისა და ფოლადის საწარმოში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა.

ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თავდაპირველად 16 გარდაცვლილისა და 13 დაშავებულის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, თუმცა მოგვიანებით ადგილობრივმა მედიამ მსხვერპლის 17-მდე გაზრდა დაადასტურა.

იზმირის გუბერნატორ სულეიმან ელბანის განმარტებით, ინციდენტი ალიაღას რაიონში, საწარმოში მიმდინარე გეგმური სარემონტო სამუშაოების დროს მოხდა. აღჭურვილობის შეცვლის გამო ქარხანაში წარმოების პროცესი შეჩერებული იყო, აფეთქება კი ჭერის ამწის ჩამოვარდნამ და ბუნებრივი აირის მილსადენის დაზიანებამ გამოიწვია.

მომხდარ ფაქტზე პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრა, თუმცა ამწის ჩამოშლის ზუსტი ტექნიკური მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის.

მომხდარი ტრაგედიის გამო თურქ ხალხსა და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, აზერბაიჯანის საგარეო უწყებამ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოუცხადეს. მათ დაშავებულ თანამშრომლებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვეს.

ცნობისთვის, მეტალურგიული ქარხანა 1987 წელს დაარსდა და მისი წლიური წარმადობა 4.5 მილიონ ტონა ფოლადს აღწევდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები