მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Blue Origin-ი კოსმოსური ტურიზმის პროექტს აჩერებს - რა მიზეზს ასახელებენ ბეზოსის კომპანიაში?

ჯეფ ბეზოსი - Blue Origin

მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-მა კოსმოსური ტურიზმის მიმართულებით შეკვეთების მიღება 2 წლით შეაჩერა.

რაკეტა New Shepard-ი ქვედა ორბიტაზე ადამიანებს აღარ აიყვანს, რადგან კომპანიის პრიორიტეტი ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსურ სააგენტო NASA-სთან დადებული შეთანხმების შესრულება და Artemis-ის მისიის წარმატებით განხორციელების ხელშეწყობა უნდა გახდეს.

როგორც Blue Origin-ში განმარტავენ, ტურისტული ბიზნესი კომპანიას ტექნოლოგიურ განვითარებაში აღარ ეხმარება და არც მნიშვნელოვანი შემოსავალი მოაქვს. შესაბამისად, ის რესურსები, რაც მის შენარჩუნებას ხმარდება, უმჯობესია, აღებული პასუხისმგებლობების შესრულებას მოხმარდეს.

შეგახსენებთ, ჯეფ ბეზოსისა და ილონ მასკის კომპანიები NASA-ს ინიციატივის ფარგლებში აქტიურად ცდილობენ ისეთი რაკეტის შექმნას, რომელიც ადამიანების მთვარეზე დაბრუნებას შეუწყობს ხელს. იმის გათვალისწინებით, თუ რა მოცულობის სახელმწიფო შეკვეთებიც შეიძლება საბოლოო კონტრაქტორმა მიიღოს, ორივე კომპანია დაინტერესებულია, რომ სააგენტოს მიერ წამოყენებული მოთხოვნა დააკმაყოფილოს.

აღსანიშნავია, რომ ჯეფ ბეზოსის კომპანია კოსმოსური ტურიზმის სერვისს დაინტერესებულ პირებს 2021 წლიდან სთავაზობს რაკეტა New Shepard-მა დღემდე 17 წარმატებული ფრენა განახორციელა, რომელთა დამსახურებითაც დედამიწის ქვედა ორბიტაზე მოგზაურობა არაერთმა ცნობილმა სახემ, მათ შორის თავად ბეზოსმა და მისმა ძმამ, ასევე მომღერალმა ქეთი პერიმ შეძლო. რაკეტის ბოლო მისია 2026 წლის 22 იანვარს განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ ამ პროგრამის ფარგლებში ქვედა ორბიტაზე სულ 98 ადამიანი ავიდა. მათ შორის ეტლით მოსარგებლე მეცნიერი, მიქაელა ბენთჰაუსი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები