ქართული ბრენდი "ბლუტაბლა" საერთაშორისო გაფართოებას გეგმავს და უახლოეს წლებში, ფიზიკური მაღაზიის გახსნას ლონდონში აპირებს. ამის შესახებ კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა, ნინი ტყემალაძე BM.GE-სთან განაცხადა.
მისი თქმით, ბრიტანეთის ბაზარზე შესვლა უკვე დაწყებულია და კომპანიამ ნახევარი მილიონი ლარის ინვესტიცია უკვე განახორციელა. პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც Amazon-ის გლობალურ პლატფორმაზე, ისე ბრენდის ოფიციალურ საერთაშორისო ვებგვერდზე: „ჩვენი მიზანია, ონლაინ გაყიდვებიდან ფიზიკურ სივრცეში გადავინაცვლოთ და ლონდონში “ბლუტაბლას” პირველი მაღაზია გავხსნათ. ფიზიკურ სივრცეს უფრო 2-3 წლის პერსპექტივაში განვიხილავთ“, – აცხადებს ტყემალაძე.
მისი ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოში უკვე გახსნილია სასაწყობე სივრცე, რაც მომხმარებლებისთვის სწრაფ მიწოდებას უზრუნველყოფს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, „ბლუტაბლას“ საბოლოო მიზანია, ქართული კულტურული მემკვიდრეობა და თანამედროვე დიზაინი საერთაშორისო ბაზარზე ქვეყნის სავიზიტო ბარათად აქციოს, რის პარალელურადაც ასორტიმენტის ზრდასა და წარმოების გაფართოებას აგრძელებს.
„ლონდონში სასაწყობე სივრცის გახსნამ მოგვცა შესაძლებლობა, Amazon Prime-ის მეშვეობით მომხმარებელს ერთდღიანი მიწოდების სერვისი შევთავაზოთ. გაყიდვების დინამიკა მზარდია, რაც გვიდასტურებს, რომ ქართული ორნამენტები და ხარისხი ევროპული ბაზრისთვის საინტერესოა,“ – აცხადებს ტყემალაძე.
მისივე თქმით, ბრიტანეთის გამოცდილებაზე დაყრდნობით, კომპანია უკვე განიხილავს სხვა საერთაშორისო ბაზრების ათვისებასაც : „აქტიურად ვმუშაობთ ევროპის და ამერიკის მიმართულებითაც. ვგეგმავთ პარტნიორებთან და ლოგისტიკურ ცენტრებთან თანამშრომლობას, რათა ქართული ნაწარმი საერთაშორისო მასშტაბით კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს“, – ამბობს ის.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ პროდუქციაზე მოთხოვნა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე სტაბილურად იზრდება: „ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა სტაბილურად მზარდია. ასორტიმენტის გაფართოების კვალდაკვალ, მომხმარებლის ინტერესიც იზრდება. ამასთან, საერთაშორისო ბაზარზეც ვფართოვდებით, სადაც ასევე შეინიშნება მზარდი მოთხოვნა“, – განმარტავს ის.
ბრენდი ასევე ავითარებს ახალ მიმართულებებს. კერძოდ, კომპანიას საბავშვო ხაზი დაემატა, რომელიც ქართული ზღაპრების მოტივებზეა შექმნილი: „საბავშვო მიმართულება ჩვენთვის ახალი და ემოციური გამოწვევაა. კოლექცია, რომელიც აქამდე ხალიჩებს, ბალიშებსა და პლედებს აერთიანებდა, ახლა ქართული ზღაპრების მოტივებზე შექმნილი ჭურჭლით შევავსეთ. ფასებიც იგივე კატეგორიაში დარჩა და ხელმისაწვდომია“, – აღნიშნავს ის.




























