უზბეკეთის ხელისუფლებამ ზანგეზურის, იგივე სიუნიქის სატრანსპორტო მარშრუტის, კერძოდ ნახიჩევანიდან თურქეთის მიმართულებით სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობაში მონაწილეობის მზადყოფნა გამოხატა და შესაძლო პარტნიორობის ვარიანტების შესწავლა დაიწყო.
ქვეყნის პრეზიდენტის დავალებით შექმნილმა სამუშაო ჯგუფებმა კასპიის ზღვის ინფრასტრუქტურის ათვისების, ბორნების შეძენისა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სარკინიგზო სამუშაოებში წილობრივი მონაწილეობის საკითხების განხილვა დაიწყეს. პარალელურად, უზბეკეთის საინვესტიციო უწყებამ საერთაშორისო ფორუმზე გააჟღერა ინიციატივა, რომელიც შუა დერეფნის დამატებითი გამტარუნარიანობის განვითარებაში პირდაპირ კაპიტალდაბანდებას გულისხმობს.
როგორც ირკვევა, ტაშკენტი ახალ მარშრუტს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებთან დაკავშირების უმოკლეს ალტერნატივად მიიჩნევს და მასში აქტიურად ჩართვითაა დაინტერესებული.
ცნობისთვის, ცენტრალური აზიის ამ სახელმწიფოს გააქტიურების მთავარი მიზეზი გეოგრაფიული მდებარეობა გახლავთ. უზბეკეთს ზღვაზე პირდაპირი გასასვლელი არ გააჩნია და ესაზღვრება ისეთ სახელმწიფოებს, რომელთაც თავის მხრივ მსოფლიო ოკეანეზე პირდაპირი წვდომა არ აქვთ.
იმ ფონზე, რომ ბოლო ათწლეულში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი საექსპორტო წარმოებისა და გასატანი პროდუქციის მოცულობის მკვეთრი ზრდის ხარჯზე თითქმის გაორმაგდა, ოფიციალურ ტაშკენტს მეტი შემოსავლის მისაღებად ახალი გზების ათვისება სურს. მაგალითისთვის, თუ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აღმოსავლეთ ევროპასა და შავი ზღვის რეგიონზე წვდომას უზრუნველყოფს, ზანგეზურის მიმართულებას შეეძლება ტვირთების გადამზიდავებს ახლო აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ბაზრებზე პირდაპირ გასასვლელი მისცეს.
ცნობისთვის, სიუნიქის დერეფნის მშენებლობის საერთო ღირებულება $3-5 მილიარდს შეადგენს, ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ კი ყოველწლიურმა ლოგისტიკურმა დანაზოგმა შესაძლოა $20-30 მილიარდს მიაღწიოს. Bloomberg-ის გათვლებით, ევრაზიის მასშტაბით ტვირთების ტრანზიტის დრო 12-15 საათით შემცირდება.
ცნობისთვის, ზანგეზურის დერეფნის აზერბაიჯანულ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება, თუმცა სომხეთის ტერიტორიაზე TRIPP-ის პროექტი ჯერ არც კი დაწყებულა.
























