ციმბირში ფილტვის შავი ჭირის სავარაუდო აფეთქების ფონზე, რუსეთის ოთხმა მეზობელმა სახელმწიფომ ეპიდემიოლოგიური და საკარანტინო ზომები საგანგებოდ გაამკაცრა.
არსებული ინფორმაციით, ყაზახეთმა, ყირგიზეთმა, ტაჯიკეთმა და უზბეკეთმა შესაბამისი სამსახურები ირკუტსკის ოლქში ლაბორატორიის თანამშრომლის გარდაცვალების შემდეგ სრულ მზადყოფნაში მოიყვანეს. საუბარია 28 წლის სპეციალისტზე, რომლის დაღუპვამაც ცენტრალური აზიის რეგიონში ჯანდაცვის უსაფრთხოების რისკები მკვეთრად გაზარდა. მეზობელი ქვეყნების ხელისუფლებებმა ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად პრევენციული მექანიზმები დაუყოვნებლივ აამოქმედეს.
ყაზახეთმა საერთაშორისო აეროპორტებსა და სახმელეთო გამშვებ პუნქტებზე რუსეთიდან შემოსული ყველა მგზავრის სავალდებულო თერმული მონიტორინგი უკვე დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ორ სახელმწიფოს შორის არსებული სახმელეთო საზღვარი 7,600 კილომეტრზე მეტს შეადგენს. ეს გეოგრაფიული სიახლოვე კი საფრთხის მასშტაბს კიდევ უფრო ზრდის.
პარალელურად, ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტრომ რუსეთის ფედერაციიდან მომავალი მოქალაქეების, სამგზავრო ტრანსპორტისა და კომერციული ტვირთების მკაცრი სანიტარული სკრინინგი შემოიღო. ბიშკეკმა ყველა რეგიონული სასაზღვრო პორტი გაძლიერებული კონტროლის რეჟიმზე გადაიყვანა.
რაც შეეხება ტაჯიკეთს, ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებებმა მწვავე რესპირატორული სიმპტომებისა და გაურკვეველი ციებ-ცხელების მქონე პაციენტების იზოლაციის საგანგებო გეგმა შეიმუშავეს. ამასთან, საზღვრებზე საინსპექციო შემოწმებების გამკაცრების მიზნით, სრული მზადყოფნა უზბეკეთის პროფილურმა ეპიდემიოლოგიურმა სამსახურებმაც გამოაცხადეს.
აღსანიშნავია, რომ ცენტრალური აზიის დედაქალაქების მკვეთრი რეაქცია რუსეთში არსებულმა საინფორმაციო ვაკუუმმა განაპირობა. არსებული მონაცემებით, მოსკოვი ეპიდაფეთქების შესაძლებლობას კატეგორიულად უარყოფს და მოცემულობის მასშტაბებს არ ასაჯაროებს.
ცნობისთვის, ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო კვლევით ინსტიტუტში სატესტო სინჯარის გატეხვის შედეგად ლაბორანტი დარია შიპილოვა 25 სექტემბერს დაინფიცირდა. სპეციალისტი მძიმე პნევმონიის დიაგნოზით საავადმყოფოში 1 ოქტომბერს გარდაიცვალა. მომხდარის შემდეგ ექიმებმა მეთვალყურეობის ქვეშ თითქმის 200 საკონტაქტო პირი მოაქციეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, იზოლირებულ 187 მოქალაქეს დაავადების სიმპტომები ამ დრომდე არ გამოვლენია.
























