მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BMG აშშ-ში ბიუროს ხსნის

bmg

BMG ამერიკის შეერთებულ შტატებში ბიუროს ხსნის - ამის შესახებ დღეს გადაცემა “ბიზნესის კვირეულის” ეთერში BMG-ის დამფუძნებელმა გიორგი ისაკაძემ და აშშ-ის ბიუროს ხელმძღვანელმა თამუნა ქემერტელიძემ განაცხადეს.

თამუნა ქემერტელიძის განმარტებით გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების დაახლოებით, აშშ-ში ქართული ბიზნესების რაოდენობის მატებით არის განპირობებული.

“რომ გადავხედოთ ეკონომიკურ აქტივობას და კავშირებს, იმდენად მაღალია ემიგრანტების რიცხვი, ფულადი გზავნილები თუ ახალი ბიზნესების რეგისტრაცია, ამას ბიზნეს მედია უყურადღებოდ ვერ დატოვებს. ის, რაც ხდება ამერიკაში, ის ქართული ბიზნესები, რომლებიც აქ ყოველდღიურად ჩნდებიან, იქნება ეს სარესტორნო თუ სამშენებლო მიმართულებით, გვინდა, ჩვენც გვყავდეს ჩვენს თვალთახედვასა და ობიექტივში. ჩვენ არ ვიქნებით მხოლოდ წარმატების ისტორიებზე ორიენტირებული და შევეხებით ისეთ საკითხებსაც, როგორიცაა მაგალითად, როგორ უნდა დაარეგისტრირო ბიზნესი და დაიწყო საქმიანობა.

ამასთანავე, BMG მხოლოდ ქართველებთან არ იმუშავებს, რადგანაც ყოველთვის საინტერესოა ამერიკელი ანალიტიკოსების და ექსპერტების შეფასება; ერთია, ჩვენ როგორ ვუყურებთ ამ ყველაფერს, მეორე კი აშშ-დან როგორ ჩანს საქართველო და მისი შესაძლებლობები. სწორედ ამიტომ ვართ, რომ ეს ყველაფერი ამერიკის თვალით დაგანახოთ და დავინახოთ ყველამ ერთად”- აღნიშნავს თამუნა ქემერტელიძე.

BMG-ის მთავარი რედაქტორის, გიორგი ისაკაძის განცხადებით, ახალი ბიუროს შექმნით, ბიზნეს მედია საქართველო მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის მაჯისცემას ქართველ მკითხველს გააცნობს.

“ეს იქნება მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის პულსზე ხელის ჭერა და იმ ინფორმაციის გაზიარება და მოწოდება, რასაც რეალურად შევძლებთ. ერთის თქმა შემიძლია თამუნა ქემერტელიძესთან ერთად, რომ გიორგობის თვე არ დამთავრებულა და ალბათ ვერც მე და ვერც თამუნა ვერ დაანონსებს, კიდევ რას გააკეთებს BMG ამ თვის ბოლომდე,”- ამბობს გიორგი ისაკაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები