გერმანულმა ავტომწარმოებელმა BMW-მ პერსონალის შემცირების ნებაყოფლობითი პროგრამის ფარგლებში დასაქმებულებს 650 000 ევროს ღირებულების კომპენსაცია შესთავაზა, რაც დაახლოებით 705 000 დოლარის ეკვივალენტია.
ინდივიდუალური ანაზღაურების მოცულობა თანამშრომლის ხელფასზე, წოდებაზე და მუშაობის სტაჟზეა დამოკიდებული. ის თანამშრომლები, რომლებიც ერთჯერად ანაზღაურებას დათანხმდებიან, კომპანიას წლის ბოლომდე დატოვებენ. როგორც ცნობილია, განაცხადი უკვე მოსალოდნელზე მეტმა მენეჯერმა შეავსო.
მიმდინარე ინიციატივა მიზნად 2027 წლის ბოლომდე დაახლოებით 8 000 სამუშაო ადგილის გაუქმებას ისახავს.
გერმანული გამოცემა Focus-ის ინფორმაციით, შემცირება ძირითადად ადმინისტრაციულ და განვითარების დეპარტამენტებზე გავრცელდება; წარმოებაში მომუშავე პერსონალი კი პროგრამაში არ ჩაერთვება.
კომპანიის სტრატეგია მენეჯერული როლების 20%-ით შემცირებას ითვალისწინებს, რათა ხელოვნური ინტელექტის გამოყენების გზით ეფექტიანობა და მომგებიანობა გაიზარდოს.
შეგახსენებთ, რომ ხარჯების შემცირების მასშტაბური პროცესის ფონზე, პერსონალის რაოდენობას სხვა ავტომწარმოებლებიც აქტიურად ამცირებენ. თავად შემცირების მოთხოვნა ინვესტორების მხრიდან მოდის, რომელთაც თანამშრომლების AI-ითა და რობოტებით ჩანაცვლება სურთ.
























