გერმანულმა ავტომწარმოებელმა გიგანტმა, BMW-მ 2027 წლის ბოლომდე 8,000 თანამშრომლის შემცირების შესახებ განაცხადა. Politico-ს ცნობით, კომპანია კადრების დათხოვნას ნებაყოფლობითი წასვლის პროგრამის ფარგლებში გეგმავს. შიდა წყაროების ინფორმაციით, შტატების ოპტიმიზაციის პროცესი ოქტომბრიდან დაიწყება.
როგორც ირკვევა, შემცირების პროგრამა გერმანიაში მომუშავე ადმინისტრაციულ პერსონალსა და კვლევისა და განვითარების სექტორის თანამშრომლებს შეეხება. კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, გამოსამშვიდობებელი პაკეტის პირობები მუშათა საბჭოსთან ექვსკვირიანი მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმდა. დასაქმებულებს შესაბამის გეგმას მიუნხენში ამ კვირაში წარუდგენენ.
აღსანიშნია, რომ ავტომწარმოებელმა შტატების მოსალოდნელი შემცირების შესახებ პირველი მინიშნება ჯერ კიდევ მიმდინარე წლის დასაწყისში გააჟღერა. ავტოკონცერნმა ჩინეთის ბაზარზე გაყიდვების კლების გამო წლის მოგების პროგნოზი შეამცირა, რამაც ხარჯების ოპტიმიზაციის აუცილებლობა წარმოშვა.
ცნობისთვის, გერმანულ ავტოინდუსტრიაში საკადრო ცვლილებები სხვა გიგანტებსაც შეეხო. Volkswagen-ი 100,000 თანამშრომლის დათხოვნასა და ქარხნების დახურვას გეგმავს, Porsche 5,000 სამუშაო ადგილს შეამცირებს, ხოლო Mercedes-ი შტატების რეფორმირების შესაძლებლობას განიხილავს.




























