ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე 13 სექტემბერს გამართულ პირველ პოპკონცერტსა და დრონების შოუს - "მადლი მსოფლიოსთვის" - 80 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.
შოუ "ადამიანთა ძმობის მსოფლიო შეხვედრა 2025"-ის კულმინაცია იყო. საუბარია ორდღიან ღონისძიებაზე, რომელიც ადამიანებს, ნობელის პრემიის ლაურეატებს თუ აქტივისტებს, მთელი მსოფლიოდან სოციალური და გარემოსდაცვითი გამოწვევებით, ასევე სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესით განსაზღვრულ ეპოქაში, კაცობრიობის განვითარების ახალი ეტაპის ანალიზისთვის აერთიანებს.
კონცერტზე დასწრება ნებისმიერ მსურვლეს უფასოდ შეეძლო. შოუ პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა 253 ათასი მაყურებლისთვის Network 4-ის, Disney+-ის, Hulu-სა და ABC News Live-ის პლატფორმებზე.
კონცერტზე გამომსვლელებს შორის იყვნენ ამერიკელი მომღერალი ფარელ უილიამსი, მგალობელთა გუნდ Voices of Fire-თან ერთად, იტალიელი საოპერო მომღერალი ანდრეა ბოჩელი და სხვა საერთაშორისო არტისტები, მათ შორის ჯონ ლეჯენდი, ჯენიფერ ჰადსონი და სხვები. ფარელ უილიამსი კონცერტის დამდგმელი რეჟისორი იყო, რომელმაც შოუს დაწყებამდე ათასობით ადამიანს სიტყვით მიმართა:
"მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო მის უწმინდესობას, პაპ ლეონს [XIV], რომელმაც ყველასთვის გააღო ამ წმინდა ადგილის კარები და შეგვახსენა, რომ ნამდვილი თანაგრძნობა და მადლი იწყება ძმობით, ერთმანეთის ძმებად, დებად და თანამოძმეებად აღქმით", - განაცხადა მომღერალმა.
კონცერტის დასრულების შემდეგ, სიქსტეს კაპელას თავზე 3 000 დრონი განათდა და გასულ წელს გარდაცვლილი პაპი ფრანცისკეს პორტრეტი გამოსახა. დრონებს კომპანია Nova Sky Stories მართავდა, რომელიც ილონ მასკის ძმის, კიმბალ მასკის საკუთრებაშია. დრონების შოუ, პაპ ფრანცისკეს პორტრეტთან ერთად, წმინდა პეტრეს ბაზილიკის გუმბათზე ღვთისმშობლის ხატის, მშვიდობის მტრედებისა და მიქელანჯელოს "ადამის დაბადების" გამოსახვასაც ითვალისწინებდა.
სემინარის შედეგები შაბათს, "ადამიანური ასამბლეის" ფარგლებში იქნა წარმოდგენილი და აღწერილია, როგორც „სიმბოლური და ოპერატიული ეტაპი, რომელიც იწყებს საერთაშორისო სინოდურ პროცესს, რომელიც მიზნად ისახავს ძმობის განსაზღვრას და ხელშეწყობას რეალურ ცხოვრებაში".
ღონისძიების ფინანსურ ნაწილზე ინფორმაცია ცნობილი არ არის. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ შოუს დადგმას თითქმის ორი წელი დასჭირდა და რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებისა და პაპ ლეონ XIV-ის არჩევის შემდეგ, ახალმა პაპმა ვატიკანის იშვიათი ხელმისაწვდომობა უზრუნველყო. თავად რომის პაპი კონცერტს არ დასწრებია, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, მან მხარი დაუჭირა "წმინდა მემკვიდრეობისა და თანამედროვე არტისტული გამოხატულების შერწყმას".




























