EURO 2024-ის ფარგლებში 18 ივნისს საქართველომ სადებიუტო შეხვედრა გამართა თურქეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ. თამაში თურქეთის ნაკრების სასარგებლოდ, ანგარიშით 3-1 დასრულდა.
საქართველოს ნაკრების თავდადებული თამაში უყურადღებოდ არ დაუტოვებია საერთაშორისო პრესას:
BBC: "საქართველომ, რომელიც პირველად იღებს მონაწილეობას ევროპის ჩემპიონატზე, დიდებული სულისკვეთება აჩვენა და ანგარიშის გათანაბრებამდე ძალიან ცოტა დააკლდა. კარგი შანსები ჰქონდა გიორგი ქოჩორაშვილს, რომელმაც ჯერ ძელს მოარტყა, ხოლო შემდეგ მცირედით ააცილა მეტოქის კარს. საბოლოოდ თურქებმა უმნიშვნელოვანესი 3 ქულა აიღეს."
ისტამბულური “ბეშიქთაშის” ამჟამინდელი მწვრთნელი რიზა ქალიმბაი თურქულ პორტალ Fanatik.com-თან მიცემული ინტერვიუსას ამბობს, რომ თურქეთი ტურნირის ყველაზე სუსტ გუნდს ეთამაშებოდა, რომლის ერთადერთი მიზანი ბურთის დათმობა და საკუთარი შანსის დალოდება იყო:
“მეტოქის ყოველი წამოწყება პოზიციურ შეტევაში გარდაიქმნებოდა და გაშვებული გოლიც იმას მიუთითებს, რომ ჩვენი დაცვა მოწოდების სიმაღლეზე არ იმყოფება. იმავე დონის ჩვენების შემთხვევაში ჩეხეთისა და პორტუგალიის ნაკრებებთან სერიოზული პრობლემები შეგვექმნება” - განაცხადა “ბეშიქთაშის” მთავარმა მწვრთნელმა რიზა ქალიმბაიმ.
მსოფლიო დონის გამოცემა New York Times-ი თამაშს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ შეხვედრამ ტურნირი ახალ დონეზე გადაიყვანა: “საქართველოს მხარდასაჭერად გერმანიაში ძალიან ბევრი ქომაგი ჩავიდა და ეროვნულ ნაკრებს დიდ ტურნირზე პირველად უგულშემატკივრეს. ფაქტია, რომ ქართველებმა “სიგნალ იდუნა პარკზე” საოცარი ატმოსფერო შექმნეს. ხვიჩა კვარაცხელიას როლი თითქოს გიორგი მიქაუტაძემ გადაიბარა, რომელმაც საკუთარ გუნდს ულიდერა, ქარიშხალივით მოქმედებდა და საქართველოსთვის ისტორიაში პირველი გოლიც მის ანგარიშზე აისახა."
ამერიკულმა სპორტულმა გამოცემა Vavel.com-მა გუშინდელ შეხვედრას სტატიაც მიუძღვნა სახელწოდებით “ოთხი რამ, რაც ვისწავლეთ თურქეთის დრამატული გამარჯვებით საქართველოზე”.
მათ ხაზი გაუსვეს არდა გულერის როლს თურქეთის შემადგენლობაში, რომელსაც ბევრი უკვე “თურქ მესისაც” ეძახის და ამასთან აღნიშნეს, რომ ჩვენს მეზობლებს ზენიჭიერი შემადგენლობა ჰყავს “იუვენტუსის” კენან ილდიზითა და “ინტერის” ჰაკან ჩალჰანოღლუთი დაკომპლექტებული.
შემდეგი ორი პუნქტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ეხებოდა. პირველი პუნქტის მიხედვით საქართველო ჩემპიონატზე სიის შემავსებლის როლში არ მონაწილეობს, თუმცა მათგან შორს გასვლასაც არავინ ელოდება.
“თურქებთან მატჩმა დაგვანახვა, რომ FIFA-ს რეიტინგში 75-ე პოზიციაზე მყოფი ქვეყანა მზადაა ისტორიის დასაწერად და მეტი წარმატების მისაღწევადაც. ბურთთან ერთად ქართველები თურქი მცველებისთვის ნამდვილ კოშმარად იქცეოდნენ, ხოლო უბურთოდ დაცვაში მედგრად იდგნენ. მათ მოტივაცია არც გაშვებული გოლის შემდეგ დაკარგეს, როცა გოლის გატანასთან ახლოს არაერთხელ იყვნენ, განსაკუთრებული მომენტი კი გიორგი ქოჩორაშვილს ჰქონდა, რომელმაც ბურთი ხარიხას მოარტყა. მესამე გოლი კი თამაშის ხასიათში არ იჯდა, რადგან საქართველო თურქეთს პრესინგს ბოლომდე ეთამაშებოდა.
გამოცემის ბოლო ნაწილი კი ხვიჩა კვარაცხელიას მიეძღვნა, რომელმაც დასამახსოვრებელი მომენტი ვერ შექმნა და თურქეთთან მოლოდინი ვერ გაამართლა:
“ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც საქართველოს ყველაზე ცნობილი და კაშკაშა ფეხბურთელია ალბათ მომავალ შეხვედრებში გადამწყვეტ როლს შეასრულებს ჩეხეთთან და პორტუგალიასთან შეხვედრებში, თუმცა ამჯერად მან თავისზე დაკისრებული მოვალეობა ვერ შეასრულა. ქართველებიდან თურქებთან გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი ქოჩორაშვილმა გაიბრწყინეს, ხვიჩას კი ორი თამაში აქვს წინ, რათა მსოფლიოს კვლავ ანახვოს საკუთარი დონე და დაეხმაროს თავის ნაკრებს შემდეგ ეტაპზე კვალიფიკაციაში.”
გავლენიანი ამერიკული გამოცემა Bleacher Report-ი სოციალურ ქსელ Facebook-ში საქართველოსა და თურქეთის მატჩს სპეციალური პოსტიც გამოეხმაურა წარწერით: “ბოდიშის მოხდა მმართებს. თქვენს თამაშს არ ვიცნობდი”.
შეგახსენებთ, რომ F ჯგუფში პორტუგალიასა და თურქეთს თანაბარი 3-3 ქულა აქვთ, ხოლო საქართველოსა და ჩეხეთს ჯერჯერობით ნული. მომდევნო შეხვედრას საქართველო 22 ივნისს ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, რომელიც თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.