უმსხვილესმა ამერიკულმა საავიაციო კომპანია Boeing-მა განაცხადა, რომ შემდეგი თაობის ხომალდზე მუშაობა დაიწყო. თვითმფრინავი, რომელიც მომავალში ყველაზე პოპულარულ 737 MAX-ს ჩაანაცვლებს, ვიწრო ფიუზელაჟის ტიპის იქნება, ანუ ბორდზე თითო რიგში მხოლოდ 6 სკამი იქნება განთავსებული.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალ ხომალდზე მუშაობა Boeing-მა ძრავების მწარმოებელ Rolls-Royce-თან თანამშრომლობით დაიწყო. აღნიშნული კომპანია შემდეგი თაობის თვითმფრინავისთვის ამძრავ სისტემებს დაამზადებს. დაწყებულია მუშაობა ხომალდის კონცეფციასა და დიზაინზე, რაც არამარტო ბორდს, არამედ პილოტის კაბინასაც შეეხება.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად Boeing-ის არსებულ მოდელებზე უზარმაზარი მოთხოვნა აქვს და სხვადასხვა ქვეყნის ავიაკომპანიებს მოცდა წლობით მოუწევთ. საუბარია 6,000-ზე მეტი თვითმფრინავის შეკვეთაზე, რომელთა დიდი ნაწილიც 2026-2035 წლებში იქნება მზად.
ჯერჯერობით, კომპანია არ აკონკრეტებს, თუ რა დრო დასჭირდება ახალი თაობის ხომალდის შექმნას. თუმცა Boeing-ში პირობას დებენ, რომ ის საწვავის გამოყენების კუთხით გაცილებით ეფექტური იქნება. ამასთან, შეამცირებს ემისიებს და მომხმარებლებისთვის მგზავრობას გაცილებით კომფორტულს გახდის.




























