მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BOEING-ის მენეჯმენტი ბრალს აღიარებს, რაც კომპანიას სულ მცირე $700 მილიონი დაუჯდება

Boeing

მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ავიამწარმოებლის და აშშ-ის ხელისუფლების ფლაგმანური სამხედრო კონტრაქტორი Boeing-ი საკუთარი წარმოების თვითმფრინავის, 737 Max-ის რამდენიმე ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით საკუთარ ბრალს აღიარებს. ამისთვის, ყველაზე ცუდ ვარიანტში, კომპანიას $487.2-მილიონიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს.

გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკული კომპანია გამოძიებასთან თანამშრომლობს ჯარიმა, რომელსაც ის გადაიხდის, სავარაუდოდ შემცირდება და $243.6 მილიონის იქნება, რადგან სწორედ ამ მოცულობის ჯარიმის დაკისრებას ითხოვს Boeing-ისთვის აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი.

თუმცა Boeing-ის შემთხვევაში, ჯარიმა ყველაზე ნაკლები პრობლემაა, რადგან ეს კომპანია, რომელმაც გასულ წელს $78 მილიარდის შემოსავალი მიიღო, ინვესტორების მიერ $115 მილიარდადაა შეფასებული. საქმე ისაა, რომ Boeing-ი ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ უდიდესი სამხედრო და კოსმოსური კონტრაქტორია და თუ სასამართლო ამერიკული კომპანიის დანაშაულს აღიარებს, კომპანიას სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა გაუჭირდება, არადა ამ გზით, კომპანია შემოსავლის მესამედს აგენერირებს.

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯარიმის გარდა, რომელსაც Boeing-ი სახელმწიფოს გადაუხდის, სასამართლო, სავარაუდოდ, კომპანიას შიდა პოლიტიკის ცვლილებას და იურიდიული შესაბამისობისა და უსაფრთხოების მიმართულებით ინვესტიციების განხორციელებას დაავალდებულებს, რაც, პირველადი გათვლებით, ამერიკულ კომპანიას $455 მილიონი დაუჯდება. ცალკე საკითხად რჩება ავიაკატასტროფების შედეგად დაზარალებულ ოჯახებთან შეხვედრა და მათი კომპენსაცია.

შეგახსენებთ, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე, ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის და ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო კონტრაქტორის, Boeing-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 25.2%-ითაა შემცირებული, რაც კომპანიის შიგნით შექმნილ არამდგრად და არაჯანსაღ გარემოს უკავშირდება. მას შემდეგ, რაც იანვრის დასაწყისში, Alaska Airlines-ის ერთ-ერთი რეისის დროს Boeing-ის თვითმფრინავს კარი მოსძვრა, ინვესტორები ამერიკული კომპანიის ხარისხის კონტროლზე ალაპარაკდნენ.

აშშ-ის ავიაციის ფედერალური სააგენტოს ოფიციალური აუდიტის შედეგებით, Boeing-ის ხარისხის კონტროლი მიუღებელია, ხოლო თავად კომპანიამ კონკრეტული პროდუქტების მიმართულებით ჩატარებული აუდიტების 37%-ში ჩავარდა. საერთო ჯამში, FAA-მ Boeing-ის პროდუქტის შეუსაბამისობის 97 შემთხვევა დააფიქსირა, რაც წარმოუდგენელი შედეგია, მით უფრო საავიაციო ინდუსტრიაში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მკაცრად რეგულირებადი ინდუსტრიაა პლანეტაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები