თვითმფრინავების მწარმოებელი Boeing პროფკავშირებთან ახალი კონტრაქტების შესახებ მოლაპარაკებებს მომავალი კვირიდან განაახლებს - ამის შესახებ Reuters-ი აშშ-ს ფედერალურ შუამავლებზე დაყრდნობით იტყობინება.
უწყების ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ, ორივე მხარესთან გასაუბრების შემდეგ, მედიატორმა ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიწვია: "მხარეები შეხვედრებს მომავალი კვირიდან, ადრიანად გააგრძელებენ".
პროფკავშირ "მექანიკოსთა და აერონავტიკის მუშაკთა საერთაშორისო ასოციაციის" 30 000-ზე მეტი წევრი, რომლებიც Boeing-ის ყველაზე გაყიდვად თვითმფრინავს, 737 MAX-ს სიეტლისა და პორტლენდის ქარხნებში აწარმოებდნენ, პარასკევს, ადგილობრივი დროით 00:00 საათზე გაიფიცნენ, მას შემდეგ, რაც მათმა 95%-მა უარი თქვა კომპანიის მიერ ახლად შეთავაზებულ კონტრაქტებზე, 96%-მა კი უპირატესობა გაფიცვას მიანიჭა.
პარასკევს Boeing-ის აქციებზე ფასები 3.7%-ით დაეცა. წელს ჯამში აქციების ვარდნამ 40% შეადგინა, რითაც კომპანიის საბაზრო ღირებულება, დაახლოებით, $58 მილიარდით შემცირდა. შესაბამისად, თუ გაფიცვა დიდ ხანს გაგრძელდება, ამან შესაძლოა კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას კიდევ უფრო ავნოს. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ კომპანიის ვალი $60 მილიარდს შეადგენს, რომლის დასაფარადაც Boeing-მა საკმარისი თანხა უნდა გამოიმუშაოს.
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებმა, Fitch-მა და S&P Global-მა თავიანთ შეფასებაში უკვე აღნიშნეს, რომ ხანგრძლივი გაფიცვის შემთხვევაში, Boeing-ის რეიტინგი კიდევ უფრო შემცირდება.