მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BOG-ის მიერ „ამერიაბანკის“ შეძენა საქართველოსთან ფინანსურ ინტეგრაციას გააძლიერებს - სომხეთის ცენტრალური ბანკი

ჰოვანეს ხაჩატრიანი
11.11.24 10:17
577

სომხეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის მოადგილის ჰოვანეს ხაჩატრიანის შეფასებით, საქართველოს ბანკის მიერ „ამერიაბანკის“ შეძენა ქვეყნებს შორის ფინანსურ ურთიერთობებს გააძლიერებს. ამის შესახებ მან ერევანში გამართულ საერთაშორისო საბანკო კონფერენციის ფარგლებში BMG-ის სომხეთის ბიუროსთან ისაუბრა.

მისი თქმით, ქართული ბანკის მიერ სომხური ბანკის შეძენა ქვეყნების საბანკო სისტემების კავშირების გაძლიერებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

„სომხეთ-საქართველოს სავაჭრო ბრუნვა არც ისე დიდია, ამიტომ საფინანსო ინსტიტუტების მიერ ორი ქვეყნის ურთიერთობებიც შეზღუდული იყო. ახლა ამ ცვლილებებით ურთიერთობები უფრო გააქტიურდება. ამასთან, ბოლო წლების განმავლობაში ქართულმა ორგანიზაციებმა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზარზე სომხური ევროობლიგაციების შეძენა დაიწყეს, სომხურმა კომპანიებმა კი ქართულის“, - განაცხადა ხაჩატრიანმა.

ხაჩატრიანის თქმით, სომხეთმა, ისევე როგორც ბევრმა პოსტსაბჭოთა ქვეყანამ,ევროპულ ფინანსურ ინსტიტუტებთან, მათ შორის აზიის განვითარების ბანკთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან მჭიდრო კავშირები დაამყარა, ასევე საკორესპონდენტო ურთიერთობებია დამყარებული ევროპულ და ამერიკულ გლობალურ ბანკებთან.

„ჩვენი ურთიერთობები თითქმის იდენტურად განვითარდა, მათ შორის, VISA და Mastercard გადახდის სისტემების დანერგვის კუთხით“, - აღნიშნა ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის მოადგილემ.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის დასაწყისში "საქართველოს ბანკის" ჯგუფმა სომხეთის წამყვანი ბანკი 303,6 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა. "ამერიაბანკი" ოპერირებას არსებულ მენეჯმენტთან ერთად გააგრძელებს, ამასთან, შეინარჩუნებს საკუთარ ბრენდსა და კორპორაციულ იდენტობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები