უკრაინის პრეზიდენტმა საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი, მძლავრი სანქციების შემოღებისკენ მოუწოდა. რუსულ ექსპორზე და იმპორტის ბოიკოტი - ამ საკითხებზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
მისი თქმით, თუ უკრაინაზე თავდასხმა გრძელდება და რუსეთმა უარი არ თქვა თავის გეგმაზე უკრაინის წინააღმდეგ, ეს ნიშნავს, რომ სანქციების ახალი პაკეტია საჭირო.
„ახალი სანქციები, ახალი ნაბიჯები მშვიდობისთვის. ბოიკოტი რუსულ ექსპორტს, კონკრეტულად კი რუსულ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე უარის თქმა - ამას შეგვიძლია ემბარგო, ან უბრალოდ მორალი დავარქვათ, როდესაც ტერორისტისთვის ფულის მიცემაზე უარს ამბობს. ბოიკოტი რუსეთის ფედერაციაში იმპორტს: თუ არ უნდა ცივილიზებული წესები დაიცვან, მაშინ ცივილური სამყაროსგან არ უნდა იღებდნენ საქონელსა და მომსახურებას. დაე, ომმა დააპუროს ისინი“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ის დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ უფრო გადამწყვეტი ზომები უნდა მიიღოს.
„როდესაც ვიღაც გონებას კარგავს, შიში უნდა დაკარგო და კომერცია უნდა დაივიწყო. თავი უნდა დაიცვა. როგორც სახელმწიფო, ასევე კომპანია მორალური უნდა იყო. არაადამიანურ ძალას უნდა ებრძოლო, რომელსაც კაცობრიობის განადგურება უნდა. უკრაინული ჯარის წარმატება, უკრაინელი ხალხის თავისუფლება, საერთაშორისო სანქციების პრინციპულობა - ეს არის გზა მშვიდობისკენ“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.




























