უკრაინის დედაქალაქ კიევს მოულოდნელი ვიზიტით ევროკავშირის დელეგაცია ესტუმრა. პრეზიდენტ ზელენსკისთან შესახვედრად უკრაინაში საგარეო ურთიერთობის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოსტა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი ჩავიდნენ. ევროპული პარლამენტის მიერ ევროკომისიის ახალი შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ ეს ევროპელი მაღალჩინოსნების პირველი ვიზიტია, რომელიც ომში მყოფ ქვეყანაში შედგა.
როგორც ირკვევა, ევროკავშირი უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერას ევროკომისიის ახალი შემადგენლობის პირობებშიც გააგრძელებს. როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოსტამ განაცხადა, დეკემბერში უკრაინა ევროკავშირისგან €4.2 მილიარდს მიიღებს, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტის სტიმულირებას მოხმარდება. მომდევნო თვიდან კი, უკრაინა ევროკავშირისგან დახმარებას სისტემატურად მიიღებს, ყოველთვიური €1.5 მილიარდის ოდენობით — თავად ეს თანხა იმ რუსული სახელმწიფო აქტივებიდან ფორმირდება, რომლებიც ევროკავშირმა აგრესორ ქვეყანას ომის დაწყების გამო გაუყინა.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგ პაკეტს ამზადებს. სანქციების მე-15 პაკეტით გათვალისწინებული კონკრეტული შეზღუდვები ჯერ უცნობია, მაგრამ, როგორც ამ დრომდე იყო ცნობილი, დამატებითი შეზღუდვების მიზანი რუსეთის სამხედრო კონტრაქტორების შეზღუდვაა.