მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლნისის ბიუჯეტი ₾38 მილიონია - შემოსავლის მთავარი წყარო და პრიორიტეტები

63c530777ba2b
გვანცა სანაია
16.01.23 15:46
1708
ბოლნისის 2023 წლის ბიუჯეტი 38 140 000 ლარია. აღსანიშნია, რომ მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო შემოსავლების ფორმირებაში ძირითადი წვლილი კომპანია "არემჯის“ შეაქვს. საქმე ის არის, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის 80%-ზე მეტი, სწორედ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელია. 2023 წელს, ოქროს მომპოვებელი კომპანიის და მისი შვილობილების ხარჯზე მოსალოდნელი შემოსავლები 63,2%-ს შეადგენს, რაც 24 000 000 მილიონი ლარია, დანარჩენი 36,8% კი, სხვა ადგილობრივი შემოსავლებია.

რაც შეეხება პრიორიტეტებს, ბოლნისის ბიუჯეტის მუნიციპალიტეტის ძირითადი მიმართულებები, წინა წლის მსგავსად, სოციალური პროგრამები და ინფრასტრუქტურა იქნება. პრიორიტეტებს შორის არის, ასევე, ჯანდაცვა და განათლება.

ბოლნისის მერი დავით შერაზადიშვილი ირწმუნება, რომ მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი მოქალაქეების საჭიროებებზეა მორგებული.

„ბიუჯეტში მაქსიმალურადაა ასახული მოქალაქეების ინტერესები და საჭიროებები. სოციალური პროგრამები პრიორიტეტულია, ამიტომ ამ მიმართულებით 2023 წლის ბიუჯეტში 4 803 140 ლარია გათვალისწინებული. 2023 წელს არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ, რისთვისაც 6 456 000 ლარია გამოყოფილი.

ვიმედოვნებ, ეს წელი ბოლნისისთვის წარმატების მომტანი იქნება. ჩვენ კი მოქალაქეებისა და მუნიციპალიტეტის კეთილდღეობისთვის ძალისხმევას არ დავიშურებთ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა bm.ge-სთან.

რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, რაზეც ბოლნისის ბიუჯეტიდან თანხები დაიხარჯება, მუნიციპალიტეტის ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, 3 360 600 ლარი გამოყოფილია შპს კომუნალური მეურნეობის და ა(ა)იპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახურის სუბსიდირებისათვის.

ამასთანავე, დამტკიცებული ფინანსური რესურსის ხარჯზე განხორციელდება: კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაცია-ექსპლუატაცია, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, რისთვისაც გათვალისწინებულია 787 000 ლარი, ხოლო 427 600 ლარი გამოყოფილია სასმელი წყლის მოწყობა-რეაბილიტაციისთვის; გარე განათების მოწყობისთვის 2023 წელს 1 270 000 ლარი დაიხარჯება; ქალაქ ბოლნისში სკვერებისა და შადრევნების კეთილმოწყობისთვის 900 000 ლარი გამოიყო, ხოლო 560 000 ლარით მუნიციპალიტეტი ავტობუსებს შეიძენს. ამასთან, 2023 წლის ბიუჯეტში გამოიყო თანხები პროგრამის "სამოქალაქო ბიუჯეტირება- დაგეგმე შენი ბიუჯეტის" ფარგლებში, გამარჯვებული პროექტებისთვის. პროგრამაში გამარჯვებული პროექტებისთვის 1 500 000 ლარია გათვალისწინებული, რომლითაც 5 ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდება.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის, როგორც პრიორიტეტული მიმართულებისთვის, ბოლნისის წლევანდელ ბიუჯეტში გათვალისწინებულია 5 245 100 ლარი, საიდანაც ჯანდაცვის პროგრამებს 444 000 ლარის ოდენობით თანხა მოხმარდება. რაც შეეხება სოციალურ პროგრამებს, მუნიციპალიტეტს ამ მიმართულებით 4 801 140 ლარი აქვს გათვალისწინებული. 2023 წელს ბოლნისში არსებულ სოციალურ პროგრამას ორი ახალი მიმართულება დაემატა: მარტოხელა დედების მატერიალური უზრუნველყოფა, რომლის ფარგლებშიც მარტოხელა დედებისთვის ყოველთვიურად 70 ლარი განისაზღვრა, ხოლო სასკოლოდ შესაბამისი საჭიროებით უზრუნველყოფისთვის 300 ლარი გამოიყო (სარეიტინგო ქულა 20 000). ამოქმედდა ბავშვთა მხარდაჭერის პროგრამაც, რომელიც განსაზღვრული ოჯახებისათვის იმ საჭიროებების მოგვარებას ითვალისწინებს, რომლებსაც სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ესაჭიროებათ.

გარდა ამისა, სოციალური მიმართულებით ავადმყოფთა მედიკამენტებით უზრუნველყოფისთვის გამოყოფილია 180 000 ლარი; შშმ პირთა დახმარებისთვის 445 000 ლარი, ხოლო ბოლნისის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის დაფინანსება 2023 წელს 766 000 ლარით განისაზღვრა. 1 092 540 ლარია გათვალისწინებული სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიმართულებით.

მუნიციპალიტეტის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტია და წელს სკოლამდელი განათლების ხელშეწყობისთვის 4 200 000 ლარია გათვალისწინებული, საიდანაც 300 000 ლარი ბაღების რეაბილიტაციას მოხმარდება.

კულტურის, ახალგაზრდებისა და სპორტის ხელშეწყობისთვის 8 807 700 ლარი დაიხარჯება, რომლიდანაც სპორტულ მიმართულებას 4 125 200 ლარი მოხმარდება, კულტურის განვითარებას 3 770 000 ლარი, მათ შორის 590 000 ბოლნისის მუნიციპალური თეატრის დაფინანსება იქნება, ხოლო 360 000 ლარია გათვალისწინებული ეპარქიის დაფინანსებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები