მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის მუნიციპალიტეტებისთვის თანხა ₾48 მილიონამდე გაზარდა

სტიქია

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ რეგიონებისთვის გამოყოფილი თანხები ₾4.7 მილიონით 47 985 650 ლარამდე გაიზარდა.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი 1311-ე განკარგულებიდან ირკვევა.

18 ივნისით დათარიღებული დოკუმენტით ცვლილება 29 იანვრის 222-ე განკარგულებაში შევიდა. დოკუმენტში აღნიშნული არ არის კონკრეტულად რომელი სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას მოხმარდება ფინანსური რესურსი. თებერვლის შემდეგ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის თანხა და მუნიციპალიტეტების რაოდენობა 6-ჯერ დაკორექტირდა.

კერძოდ, დოკუმენტში წერია, რომ სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2026 წლის სანელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოს არაუმეტეს 47 985 650 ლარი.

გამოყოფილი თანხა 30 მუნიციპალიტეტზე გადანაწილდება. სტიქიის სალიკვიდაციოდ ყველაზე დიდ ფინანსურ მხარდაჭერას შემდეგი მუნიციპალიტეტები მიიღებენ:

  • ლანჩხუთი - არაუმეტეს 7 996 500 ლარი

  • ოზურგეთი - არაუმეტეს 6 850 000 ლარი

  • ლაგოდეხი - არაუმეტეს 4 850 000 ლარი

  • საჩხერე - არაუმეტეს 2 780 000 ლარი

  • ზუგდიდი - არაუმეტეს 2 415 950 ლარი

  • ბაღდათი - არაუმეტეს 2 400 000 ლარი

სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად ფინანსები სხვა მუნიციპალიტეტებზეც გაიცა:

  • მილიონ ლარზე მეტი გადაეცემათ: ყვარელს (2.1 მლნ), ცაგერს (2 მლნ), ჩოხატაურს (1.45 მლნ), სენაკს (1.445 მლნ), ამბროლაურს (1.4 მლნ), ქუთაისს (1.3 მლნ-ზე მეტი), მცხეთას (1.28 მლნ), თიანეთს (1.2 მლნ), თელავს (1.165 მლნ) და ბოლნისს (1 მლნ).

  • ნახევარ მილიონამდე ლარით დაფინანსდებიან: ლენტეხი (950 ათასი), ზესტაფონი (864.9 ათასი), წალენჯიხა (780 ათასი), ხარაგაული (515 ათასი) და ადიგენი (500 ათასი).

  • შედარებით მცირე დაფინანსება (200-დან 450 ათას ლარამდე) გამოეყოთ ჭიათურის, დუშეთის, ჩხოროწყუს, მესტიის, გურჯაანის, ხაშურის, მარტვილისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებს. ყველაზე მცირე თანხა - 125 000 ლარი - სამტრედიის მუნიციპალიტეტისთვის არის გათვალისწინებული.

დოკუმენტის მიხედვით, ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს რეგიონებში სტიქიით გამოწვეული პრობლემების სწრაფად მოგვარებას, გზებისა თუ სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების დროულად შეკეთებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები